როდესაც სტალინი გამარჯვებათა ქრონიკას ათვალიერებდა, გმირ კაპიტანთან შეხვედრა მოითხოვა - ლეგენდარული ქართველი კაპიტნის ცხოვრება, გმირობა და დიდი სიყვარული
იგი 1910 წლის 15 აგვისტოს სოხუმში დაიბადა, იქვე გაიზარდა და ისე გადაეჯაჭვა ზღვას, რომ მისი სახლიც, კარიც, სიმდიდრეც და ცხოვრების აზრიც მხოლოდ ზღვა იყო; ზღვა იყო მისი ბედნიერებაც და ტრაგედიაც, სიცოცხლეც და სასიკვდილო ბედისწერაც. ორი ოცნება ჰქონდა: გამხდარიყო კაპიტანი და ცოლად ნატო ვაჩნაძე შეერთო. მან ორივე ოცნება აისრულა. უფრო მეტიც - იგი ლეგენდად იქცა!
გმირი ქართველი კაპიტნის - ანატოლი კაჭარავას კვალს ბათუმში ვეძებდი და თბილისში მივაკვლიე - მის ერთადერთ ქალიშვილს, პროფესიით ბიოლოგ დოდო კაჭარავას შინ ვეწვიე და ლეგენდად ქცეული ამბებიც მისგან და ოჯახში შემონახული გაყვითლებულ-გაცრეცილი არქივიდან შევიტყვე.
შორეული ნაოსნობის კაპიტანი
დოდო კაჭარავა:
- 16 წლის იყო მამა, იალქნიანი ხომალდით შავი ზღვის სანაპიროზე რომ დაცურავდა, 19 წლისა უკვე კაპიტანი გახდა და დღემდე მას ლეგენდარულ კაპიტნად მოიხსენიებენ. მამამ ვლადივოსტოკის ტექნიკუმი დაამთავრა. იმ პერიოდში სანაოსნო კუთხით ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩრდილოეთის საზღვაო გზის მაგისტრალად ქცევა იყო. ამიტომ, მამა არქტიკისკენ გაემგზავრა და წლების შემდეგ "საპატიო პოლარელის" წოდებაც კი მიიღო. სხვათა შორის, ამ წოდებაზე ბევრი შორეული ნაოსნობის კაპიტანი ოცნებობდა. 1940 წელს მამა კაპიტნის მოვალეობას ასრულებდა ყინულმჭრელ "სადკოზე". მან წლები გაატარა ოკეანეებში, ძალიან ბევრჯერ დალაშქრა არქტიკა, მაგრამ ერთი ავარიაც კი არ მოსვლია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მამამ იმჟამინდელი ლენინგრადის მაკაროვის სახელობის უმაღლესი საზღვაო სკოლა დაამთავრა. იგი ყველას აოცებდა თავისი ერუდირებითა და განათლებით, გარდა მშობლიური ქართულისა, შესანიშნავად იცოდა რუსული, ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები.
მამაცი კაპიტნისა და მისი ეკიპაჟის გმირობა
1942 წლის 25 აგვისტოს ყინულმჭრელი "ალექსანდრე სიბირიაკოვი", რომელსაც კარის ზღვაში დიქსონიდან ჩრდილოეთის მიწაზე ახალი პოლარული სადგურისთვის აღჭურვილობა და პერსონალი გადაჰყავდა, კუნძულ ბელუხასთან გერმანელების მრისხანე კრეისერს - "ადმირალ შეერს" შეეჩეხა. გერმანელებმა კაპიტანს დროშის დაშვება და დანებება მოსთხოვეს, ეს უკანასკნელი კი მათ არ დაემორჩილა და მტერს ცეცხლი გაუხსნა. პატარა გემმა დარტყმა საკუთარ თავზე აიღო, თვითონ შეებრძოლა უზარმაზარ, შესანიშნავად აღჭურვილ მრისხანე კრეისერს - "ადმირალ შეერს" და, ფაქტობრივად, თავი შეაკლა მტერს.
ამით მან უკან მომავალი 25 საბჭოთა გემისგან შემდგარი ქარავანი განადგურებას გადაარჩინა - გემები სამშვიდობოს გავიდნენ. გემი "ალექსანდრე სიბირიაკოვი" კი ჩაიძირა, მის გემბანზე მყოფი ასობით ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ 19 გადარჩა. ანატოლი კაჭარავა ფეხსა და მუცელში მძიმედ დაიჭრა და გონება დაჰკარგა. ეკიპაჟის წევრებმა რომ ნახეს, კაპიტანი ცოცხალი იყო, სასწრაფოდ კაპიტნის ფორმა გააძრეს და რიგითი მეზღვაურის ფორმა ჩააცვეს, რათა გერმანელებს არ ამოეცნოთ. "ადმირალ შეერის" ეკიპაჟმა ცოცხლად გადარჩენილი "სიბირიაკოველები" ტყვედ აიყვანა. მეზღვაურებიდან ერთმაც არ გასცა თავისი კაპიტანი, რომელიც ფაშისტებისთვის დიდებული ნადავლი იქნებოდა - მას, ცხადია, ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა...
ტყვეებმა გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკებში სასტიკი დღეები გაიარეს, ბოლოს პოლონეთის ტერიტორიაზე არსებულ ნაცისტურ ბანაკებში აღმოჩნდნენ. იქ ანატოლი კაჭარავამ 2 წელზე მეტი გაატარა. ბოლოს სათავეში ჩაუდგა წინააღმდეგობის მოძრაობას და მონაწილეობდა ამბოხებაში. დახვრეტას სასწაულებრივად გადაურჩა – 1945 წლის 10 მარტს სხვა ტყვეებთან ერთად დასახვრეტად გაჰყავდათ, როდესაც მეათე სატანკო დივიზიამ მიუსწრო და გაათავისუფლა, თუმცა...
ტყვეობა მაინც გაგრძელდა, ამჯერად სტალინურად - უფის სპეციალურ ბანაკში. მისი რეაბილიტაცია 1961 წელს მოხდა, ოღონდ ნამდვილი გმირი "საბჭოთა გმირობის" გარეშე დარჩა - მაშინ გერმანელების ტყვეობაგამოვლილებს საბჭოთა კავშირის გმირობას არ აძლევდნენ, ასე რომ, არც "სიბირიაკოვის" უმამაცესი კაპიტანი ანატოლი კაჭარავა მხოლოდ წითელი დროშისა და სხვა ორდენებს დააჯერეს, თუმცა... როდესაც იოსებ სტალინი გამარჯვებათა ქრონიკას ათვალიერებდა, გმირი გემის კაპიტანთან შეხვედრა მოითხოვა. კაჭარავა მასთან, კრემლში უფიდან მიიყვანეს. სტალინი მას შეეგება სიტყვებით, - გამარჯობა, თანამემამულევ, გამარჯობა, გმიროო და ორდენიც კაბინეტშივე გადასცა.
ორი ტყვეობის შემდეგ, ანატოლი კაჭარავა კვლავ დაუბრუნდა ზღვას და კიდევ 30 წელიწადს დაცურავდა, 1967 წელს კი საქართველოში დაბრუნდა, ბათუმში დაფუძნდა და იმავე წელს საზღვაო სანაოსნო დააარსა. მისი პირველი ხელმძღვანელიც თავად იყო. საბოლოოდ, პორტი "ბათუმი" მისი ცხოვრების შემოდგომად იქცა, კუნძული ბელუხა კი – მუდმივ თანმდევად. კარის ზღვაში, ბელუხასთან, გემები დღემდე აძლევენ სიგნალს მამაცი კაპიტნის, ეკიპაჟისა და ჩაძირული გემის პატივსაცემად.
ნატო ვაჩნაძე - მისი ახდენილი ოცნება
1948 წელს ქართული და მსოფლიოს კინოს ვარსკვლავი, ულამაზესი ნატო ვაჩნაძე შემოქმედებითი ცხოვრების 25 წლისთავის აღსანიშნავად ემზადებოდა. მისი მეუღლის - დიდი სიყვარულის, მეგობრისა და "ცხოვრების რეჟისორის", ნიკოლოზ შენგელაიას ტრაგიკული დაღუპვიდან 5 წელიწადი იყო გასული. ერთხელაც მას თავისი მეგობარი, რეჟისორი ესფირ შუბი ახალგაზრდა ლამაზ მეზღვაურ მამაკაცთან ერთად ეწვია სიტყვებით, - ძვირფასო ნატო, ვერაფრით შევეწინააღმდეგე ამ მომხიბვლელი კაპიტნის გულწრფელ, დაჟინებულ სურვილს, შენთან შემეხვედრებინაო. მამაკაციც წარუდგა: არქტიკის ფლოტის კაპიტანი ანატოლი კაჭარავა გახლავართო. ნატო წამით შეყოვნდა და, - თქვენ ხომ "სიბირიაკოვის" კაპიტანი ხართ, ამას წინათ ვკითხულობდი თქვენი ეკიპაჟის გმირობაზეო? - ანატოლი კაჭარავამ არ დაუმალა ულამაზეს ნატო ვაჩნაძეს, როგორ დაიფიცა ოდესღაც, სიყმაწვილეში, რომ ცოლად სწორედ მას შეირთავდა. ისიც უთხრა, რომ ერთი ოცნება - კაპიტნობა უკვე აისრულა, ახლა მხოლოდ მასთან ოჯახის შექმნაღა დარჩენოდა. ნატომ შეუმჩნევლად ჩაიღიმა და, - მეტისმეტად თამამი განცხადება ხომ არ არის, ანატოლიო? - ჰკითხა კაპიტანს, მან კი მოკლედ მოუჭრა: ეს განცხადება არ არის, ეს საკუთარ თავთან დადებული პირობაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოო...
ნატო ვაჩნაძემ და ანატოლი კაჭარავამ ხელი თბილისში მოაწერეს და, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში იყვნენ ერთად. დოდო კაჭარავას მონათხრობით, მამას ნატო ვაჩნაძის შვილებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ერთადერთი, იმხანად 21 წლის გიორგი შენგელაიას მაინც გაუჭირდა მისი მიღება, ელდარ შენგელაიასთან კი, თურმე, ძალიან მეგობრობდა. გამორჩეული ურთიერთობა ჰქონია მას ნატოს უფროს ვაჟთანაც, პირველი ქორწინებიდან - თენგიზ ვაჩნაძესთან, რომელიც დიდ დროს ატარებდა კაჭარავებთან...
ანატოლი კაჭარავა იმ პერიოდში ჩრდილოეთის წყლებში ცურავდა. ნატო ვაჩნაძის დაბადების დღე ახლოვდებოდა და, ვიდრე მორიგ ნაოსნობაში წავიდოდა, ერთმანეთი რომ ენახათ, კაპიტანი მურმანსკიდან ჩაფრენილა მოსკოვში, ნატო - თბილისიდან. იქ გამოემშვიდობნენ ერთმანეთს... მომდევნო შეხვედრამდე და ნატა თბილისისკენ გამოფრინდა. თვითმფრინავის ტრაგედიაც მაშინ მოხდა. ნატოს დამწვარი ცხედარი ბეჭდით ამოიცნეს.
მეორე ოჯახი
დოდო კაჭარავა:
- მამამ ხუთ წელიწადს იგლოვა ნატო, ამის შემდეგ კი დედაჩემი - თავისზე 15 წლით უმცროსი ნაზო შეირთო ცოლად. დედა სოხუმში გაიცნო. იგი ბალერინა და მოხდენილი ქალი იყო და ძალიან შეუყვარდა მამა. მათ კარგი ოჯახი შექმნეს. დედას არ ჰქონდა იოლი ცხოვრება, რადგან მამა ხშირად თვეობით ტოვებდა ოჯახს და ზღვაში გადიოდა. თუმცა ეს მათ ურთიერთობას არ სცვლიდა. უფრო მეტიც, დედამ ყველაფერი გააკეთა, რომ მამისთვის ბოლო ოცნება აესრულებინა. მამას უნდოდა, რომ ქართული სანაოსნოსთვის ორი გემი ჩამოეყვანა, ერთისთვის ნატო ვაჩნაძის სახელი დაერქმია, მეორეთი თითქოს წლების წინ ჩაძირული "სიბირიაკოვი" ჩაენაცვლებია. გამგზავრებამდე დედას უთხრა, პირველ გემს "ნატო ვაჩნაძე" მინდა, ვუწოდო და, გთხოვ, ეს ცუდად არ მიიღოო. დედამ დაამშვიდა, არაფერზე ინერვიულოო. ორ გემს დაჰპირდნენ, მაგრამ დანაპირები არ შეუსრულეს. ამაზე ბევრი ინერვიულა და ინსულტი დაემართა. რამდენიმე წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. სწორედ მაშინ შეძლო დედამ მამის ოცნებების ასრულება – ის წავიდა კარის ზღვაში და გადაყარა ყვავილები იქ, სადაც 1942 წელს "სიბირიაკოვი" ჩაიძირა, მომაკვდავ მამას კი სასთუმალთან დაუდო მისი პირველი და დიდი სიყვარულის, ნატო ვაჩნაძის ჭედური გამოსახულება. მამა ხელზე ჰკოცნიდა დედას და თვალებიდან ცრემლი სდიოდა. ინსულტის შემდეგ მხოლოდ ის ახსოვდა, რაც მეტისმეტად ძალიან უყვარდა, დედას ბოლომდე ნაზოს ნაცვლად ნატოს ეძახდა. მამა გარდაიცვალა 1982 წელს, მის უსაყვარლეს დღეს - 9 მაისს.
საქართველოს საზღვაო სანაოსნო
დოდო კაჭარავა:
- ეს სანაოსნო რომ შეექმნა, ორ წელიწადში რუსებს მამამ 64 გემი ააგებინა და 1967 წლიდან 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თავის დაარსებულ სანაოსნოს. მამა ძალიან ღირსეული და პატივსაცემი ადამიანი იყო. ამიტომ გასაოცარი ხალხი სტუმრობდა ჩვენს ოჯახს ბათუმში - ქართველი თუ უცხოელი მსახიობები, რეჟისორები, მეცნიერები, თანამდებობის პირები... ჩვენი ოჯახის უახლოესი ადამიანები იყვნენ რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეები, ვლადიმერ ვისოცკი და მარინა ვლადი. ვლადიმერთან და მარინასთან ერთად, მახსოვს, კრუიზშიც ვიყავით... სტუმრების ჩანაწერების ერთი წიგნი დღემდე მაქვს შენახული, ისევე, როგორც მამას განუყრელი ნივთები: კაპიტნის ქუდი, გემის მაკეტი, ფოტოები, წერილები...
მამის გარდაცვალების შემდეგ, 1983 წელს იმჟამინდელ იუგოსლავიაში რუსების დაფინანსებით აშენდა გემი "კაპიტანი კაჭარავა". მახსოვს, გახსნაზეც ჩავედით. დღეს სანაოსნოს სხვა გემების მსგავსად, აღარც ის არსებობს. მამაზე ბევრი დოკუმენტური ფილმია გადაღებული, ქართულიც და რუსულიც.
სხვათა შორის, "სიბირიაკოვის" ტრაგედიასა და მამას გმირობაზე 1988 წელს მსახიობმა და რეჟისორმა ოთარ კობერიძემ ქართული მხატვრული ფილმიც გადაიღო - "ოპერაცია "ვუნდერლანდი", სადაც მამას როლს მსახიობი გია ბურჯანაძე ასრულებს. უამრავი სტატია იწერებოდა უცხოურ პრესაშიც. ეს ფრანგული ჟურნალია, სადაც მამას დიდი ფოტოა დაბეჭდილი...
ორი წლის წინ ბათუმში, ვეტერანმა მეზღვაურებმა ჩვენი ყოფილი სახლის (მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ ის სახელმწიფოს ჩააბარა) კედელზე აბრა გააკეთეს წარწერით. მამას სასაფლაო საზღვაო აკადემიის ეზოს ტერიტორიაზეა. მახსოვს, აკადემიიდან გამოსულ სტუდენტებს ვკითხე, ბიჭებო, იცით, აქ ვინ არის დასაფლავებული-მეთქი? - არაო, - მიპასუხეს. წარმოიდგინეთ, მომავალმა მეზღვაურებმა არ იცოდნენ, რომ იქ ბათუმის საზღვაო სანაოსნოს დამაარსებელი და მისი პირველი ხელმძღვანელი იყო დასაფლავებული. ეს სასაფლაოც წელიწად-ნახევრის წინ სალეხადრიდან ჩამოსულმა რუსებმა გაუკეთეს და არა - ქართველებმა. ბიუსტიც მათ დაუდგეს, დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს. აბა, რა ვთქვა ამაზე?! საფლავიც დღეს, თითქოს, ქუჩაში მოექცა.
პ.ს. "ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, არამედ - ფესვებიდან", ამიტომ არ შეიძლება, საქართველოში, კერძოდ, ბათუმში არ არსებობდეს სანაოსნოს დამაარსებლის - ანატოლი კაჭარავას სახლ-მუზეუმი, რადგან კაჭარავას სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი სწორედ სანაოსნოს, საქვეყნო საქმეს შეეწირა. მისი მეუღლე გარდაცვლილია, ქალიშვილი და შვილიშვილი თბილისში ცხოვრობენ, თუმცა არც ანატოლი კაჭარავას ოჯახის მომკითხველია ვინმე და, მით უფრო - არც მისი მემორიალური ნივთების! მეეჭვება, ამით გმირი კაპიტნის ხსოვნას ჩრდილი მიადგეს, მისი ქვეყნის მოკლე მეხსიერებას კი - ნამდვილად დააზარალებს.
(სპეციალურად საიტისთვის)