"მეგობრებთან გავაზიარე, საძმაკაცოში, ერთ-ორს გავუგზავნე" - ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 4 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

"მეგობრებთან გავაზიარე, საძმაკაცოში, ერთ-ორს გავუგზავნე" - ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 4 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 4 პირი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ოთხივე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ზაალ ლატარიას, ზურაბ სოლომნიშვილს, თემურ ირემაძესა და ანტონ ღლონტს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული, 4 პირს კი, პატიმრობა.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

ბრალდებულ ზაალ ლატარია თქმით, მან ვიდეოჩანაწერი უცნობი პირისგან მიიღო.

"ვიდეოჩანაწერი უცნობი პირისგან მივიღე, ჩემი დაჭერა უნდოდათ. ჩემი ინტერესიც ეს არის, ბოლოს და ბოლოს, გაირკვეს, ვინ არის ეს ადამიანი, ვინც ასე გაწირა ხალხი. მეგობრებთან გავაზიარე, საძმაკაცოში, ერთ-ორს გავუგზავნე" - ამბობს ზაალ ლატარია.

კიდევ ერთი ბრალდებულის, ანტონ ღლონტის თქმით კი, აღნიშნული ვიდეო მან, "გუგლიდან" გადმოიწერა.

"გამოძიებას არც ვეწინააღმდეგობოდი, რომ ეს კადრები მქონდა. ჩვეულებრივად მოვიძიე, "გუგლიში", - განაცხადა ღლონტმა.

"ინტერპრესნიუსი"