დიდ დიღომში 19 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

დიდ დიღომში 19 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული გ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 მარტს თბილისში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სხეულზე ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 2000 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"