"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" - როგორ ეხმაურება კონსტანტინე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას - კვირის პალიტრა

"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" - როგორ ეხმაურება კონსტანტინე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას

რა თქმა უნდა, ახლა ეს პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ საქმის რაკურსიდან თუ შევხედავთ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე მმართველი გუნდის წევრების მხრიდან დღეს საუბარი შესაძლოა, პოპულისტური ნაბიჯი იყოს, გამოძიების თვალსაზრისით მაინც კარგია.

"უცნაურია, რომ 7 წელია არ ახსენდებათ ეს საქმე, რომელიც ბედის ანაბარა არის მიტოვებული. სანამ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილი იყო, ეს საქმე წლების მანძილზე თაროზე შემოდებული რჩებოდა. შემდეგ დაკვალიფიცირდა, მაგრამ პრაქტიკულად არანაირი სერიოზული, აღნიშნვნის ღირსი საგამოძიებო ქმედება არ ჩატარებულა. მხოლოდ ჩვენი შიმშილობის შემდეგ გამოიბერტყა ყურები ხელისუფლებამ და გააგრძელა გამოძიება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, დააანონსეს შედარებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმა გამოძიების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ახლა ეს პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ საქმის რაკურსიდან თუ შევხედავთ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. როდესაც ამხელა პოლიტიკური გავლენის მქონე ადამიანი შეეხება ამ საქმეს, რა თქმა უნდა ეს საქმის გამოძიებისთვის კარგია.

კიდევაც რომ ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოპულისტური მხარე, ეს მაინც კარგია. ზვიად გამსახურდიას ფიგურა დღეს მაინც რაღაცნაირად კრავს ამ დაგლეჯილ ქვეყანას, სადაც ქვეყნის პოლიტიკური სისტემა დაყოფილი და ერთმანეთს წაკიდებულია. ამ მხრივ არის ზვიად გამსახურდიას ფიგურა სრულიად უნიკალური,“ - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

"ინტერპრესნიუსი"