თბილისის ორი დრო... - კვირის პალიტრა

თბილისის ორი დრო...

ერთ კადრში ჩატეული ომი და მშვიდობა

"1991-2019 წლები - სამოქალაქო ომიდან დღემდე" - ასე ჰქვია 23 წლის ფოტოგრაფ დავით თაბაგარის ფოტოალბომს, რომელშიც 90-იანი წლების ტრაგედია დღევანდელი რეალობიდან კიდევ უფრო სასტიკად არის დანახული. თავად ეს ომი არ უნახავს, მაგრამ ბევრი წაუკითხავს და მოუსმენია იმ წლებზე. ფოტოხელოვანი ამ კადრებით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ეს იყო შეცდომა!

- პროფესიით ფოტოგრაფი არა ვარ, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ბავშვობიდან სათამაშო მანქანებით ვთამაშობდი და ამ პროცესს ფოტოკადრებად აღვიქვამდი. მოგვიანებით აქტიურად დავიწყე გადაღება, ძირითადად, სოციალურ თემატიკაზე. საინტერესო კადრებსა და აქტუალურ მოვლენებს ვიღებდი. თავდაუზოგავად ვმუშაობდი, რომ ამ საქმეს პროფესიონალურად დავუფლებოდი. ათი წელია ფოტოებს ვიღებ და ძალიან მინდა უფრო მეტი ვისწავლო და მეტს მივაღწიო.

- 90-იანი წლების თემატიკა რატომ აირჩიეთ? - ყოველთვის მაინტერესებდა საქართველოს ისტორია. საბედნიეროდ, ომს არ მოვსწრებივარ, 1996 წელს დავიბადე, მაგრამ იმ წლებზე ბევრი დოკუმენტური ფოტო და ვიდეომასალა ვნახე, წავიკითხე და მოვისმინე. ეს არ ყოფილა კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის, ეს უბედურება ერთ ქალაქში ხდებოდა, რასაც ერთი ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირებას შევადარებდი. ვფიქრობ, შეიძლებოდა კომპრომისის გამონახვა, რათა სისხლი არ დაღვრილიყო.

ეს იყო ქვეყნის ტრაგედია, სხვას ვერაფერს დავარქმევ, რომელმაც დიდი ხნით დაგვხია უკან. მაშინ, ალბათ, მოვლენები სხვადასხვაგვარად აღიქმებოდა, ჩემი თაობა კი ამ ყველაფერს ასე ხედავს... ფოტორეპორტაჟით შევეცადე გადმომეცა, რომ ეს ომი საშინელი შეცდომა იყო! უნდა გვახსოვდეს ის წლები, რათა მსგავსი რამ არასდროს დავუშვათ, არ მინდა ეს ოდესმე განმეორდეს! ქართველებს ერთმანეთისთვის ტყვია არ უნდა ესროლათ...

- ეს ფოტორეპორტაჟი საკონკურსო პროექტი იყო?

- არა, ჩემი ინიციატივით გადავიღე. როდესაც დავასრულე, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

- ძველ ფოტოებს როგორ მოუყარეთ თავი? - არის საერთაშორისო საიტი, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხის ფოტორეპორტიორები არიან გაწევრებული. ფოტოები საავტორო უფლებების დაცვით გამოვიყენე. სწორედ ამ საიტის მეშვეობით გავიცანი პროფესიონალი ბრიტანელი ფოტოგრაფი პატრიკ რობერტსი, რომელიც 90-იანი წლების ომის დროს საქართველოში იმყოფებოდა და თავად შეესწრო მოვლენებს, უამრავი საინტერესო ფოტოც გადაიღო.

- საქართველოში როგორ მოხვდა? - სამუშაოდ ჩამოვიდა. საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო, შევარდნაძე საქართველოში დაბრუნებას აპირებდა და ჩვენთან მიმდინარე პროცესები ყველასთვის საინტერესო იყო. ამასთან, 9 აპრილის ტრაგედია ახალი მომხდარი იყო და საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში მოვექეცით. გარდა ამისა, თბილისი კავკასიის ცენტრი იყო და ამ კუთხითაც საინტერესო გახლდათ.

ჩემთვის ძალიან ემოციურია რუსთაველის თეატრთან გადაღებული ფოტო, სადაც სამი შეიარაღებული პირი ქუჩაზე გადარბის. არ ვიცი, რომელ მხარეს არიან, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს...

- მითხარით, რომ სტუდენტი ხართ, პარალელურად ფოტოგრაფიის კურსებიც გაიარეთ? - არა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს სწავლებაში მივიღე მონაწილეობა და ცხელ წერტილებში მუშაობა და იქ ფოტოების გადაღების მთავარი პრინციპი მასწავლეს. ნატოს წევრი ქვეყნებიდან ჩამოსულმა სამხედროებმა, რომელთაც თანამედროვე ჰიბრიდული ომის თავიდან აცილების გამოცდილება ჰქონდათ, თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ჩაგვიტარეს. გაგვატარეს პირველადი სამედიცინო დახმარებისა და კონფლიქტის სწორად გაშუქების კურსებიც...

ახლა თბილისის მერიაში ვმუშაობ... ძალიან მინდა საერთაშორისო მისიებში ჩართული ქართველი ჯარისკაცების გადაღება და იმედია, მოვახერხებ... მინდა საქართველოს სხვა ქალაქების თანამედროვე და ძველი ფოტოები ერთ კადრში მოვაქციო. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ - ვმუშაობ 9 აპრილის თემაზე და ამ ტრაგედიასაც ფოტოებზე გავაცოცხლებ.