ნოდარ მგალობლიშვილი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს - კვირის პალიტრა

ნოდარ მგალობლიშვილი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მსახიობი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

მსახიობი 1931 წლის 15 ივლისს საგარეჯოს რიონის სოფელ გომბორში დაიბადა, დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954 წლიდან მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. მისი ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის "ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის "მოჩვენება". მოგვიანებით ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის "ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში" და ა.შ.

ნოდარ მგალობლიშვილი გადაღებულია არაერთ კინოფილმში. მინიჭებული ჰქონდა დამსახურებული არტისტისა და სახალხო არტისტის წოდებები. 2001 წელს მან უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება აიძულა.

ნოდარ მგალობლიშვილი 26 მარტს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: "ნოდარ მგალობლიშვილი არანაირ ჯილდოზე არ გაყიდულა" - როგორ იხსენებენ კოლეგები დიდ მსახიობს?

"ინტერპრესნიუსი"