მარშანია ჩუგოშვილს: "მექმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ გაქვთ გამრუდებული ფასეულობები" - კვირის პალიტრა

მარშანია ჩუგოშვილს: "მექმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ გაქვთ გამრუდებული ფასეულობები"

მექმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ გაქვთ გამრუდებული ფასეულობები, - ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ადა მარშანიამ პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

"თქვენ თავად გაქვთ ფასეულობები გამრუდებული და თქვენი ფასეულობები ჩვენს ფასეულობებს არ ემთხვევა. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი დღევანდელი აგრესული რეაქცია სწორედ ამაზე მეტყველებს?! თქვენ თავად აყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმ ადამიანებს, რომლებიც ამ აქტუალურ თემაზე მსჯელობენ და საკუთარ აზრს აფიქსირებენ", - მიმართა ჩუგოშვილს ადა მარშანიამ.

პასუხად პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ განცხადებაზე პასუხის გაცემას არ აპირებდა, რასაც ადა მარშანიას გაღიზიანება და ადგილიდან რეპლიკები მოჰყვა.

პარლამენტის პლენარული სხდომის წამყვანმა თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატ ემზარ კვიციანს მის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას მიკროფონი გაუთიშა და ეთიკის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა. ჩუგოშვილმა კვიციანს მიმართა, რომ პარლამენტის წევრს დისკრიმინაციული გამოსვლების უფლება არ ჰქონდა.

პარლამენტი კანონებიდან ტერმინების "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" ამოღების საკითხზე მსჯელობს. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს დეპუტატმა ემზარ კვიციანმა წარუდგინა, რომლის განხილვაც პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"