"ალ­ბათ არც და­მი­ჯე­რებს ხალ­ხი... მე­სა­უბ­რე­ბო­და ბო­რო­ტი ძალა,ვი­ცო­დი, რომ ეშ­მა­კი იყო"- რატომ ანგრევს ქარელში მცხოვრები ოჯახი ეკლესიის ადგილას აშენებულ სახლს - კვირის პალიტრა

"ალ­ბათ არც და­მი­ჯე­რებს ხალ­ხი... მე­სა­უბ­რე­ბო­და ბო­რო­ტი ძალა,ვი­ცო­დი, რომ ეშ­მა­კი იყო"- რატომ ანგრევს ქარელში მცხოვრები ოჯახი ეკლესიის ადგილას აშენებულ სახლს

ქარელის რაიონში, სოფელ საღოლაშენში მცხოვრები ხარაზიშვილები სახლს, რომელიც თანასოფლელისგან 1991 წელს შეიძინეს, რამდენიმე დღეა საკუთარი ხელით და მეზობლების დახმარებით ანგრევენ. ამის მიზეზი როგორც თავად ამბობენ, ოჯახში მომხდარი უჩვეულო მოვლენები გახდა.

ყველაფერი ორი თვის წინ დაიწყო, როცა ოჯახის წევრებმა 18 წლის ლავრენტის უცნაური ქცევები შენიშნეს. მშობლები ამბობენ, რომ მოზარდი ხშირად საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, განმარტოებას ცდილობდა და ამ დროს ვიღაცას ეჩხუბებოდა, ბიჭი აგრესიული გახდა და მისი ქცევები აბსოლუტურად არაადეკვატური იყო.

"ვერაფრით ვიგებდით რა დაემართა, აბსოლუტურად შეიცვალა, მეგონა, რომ ჩემი შვილი არ იყო. საშინლად აგრესიული გახდა, როცა აგრესიას ავლენდა, მისი დაჭერა 5 ადამიანსაც კი არ შეეძლო... შეიძულა სანთელი, ეკლესია, უცნაურ ხმებს გამოსცემდა. წავიყვანეთ ექიმებთან, თუმცა, ვერაფერი გაუგეს, ბოლოს კი ვიფიქრეთ, რომ ფსიქიკური პრობლემები დაეწყო და ფსიქიატრთანაც გვყავდა, მაგრამ ყველა აღნიშნავდა, რომ ბავშვს უცნაური რაღაც ჭირდა.

ბოლოს ჩვენი სოფლის ეკლესიის მღვდელმა გვითხრა, რომ ლავრენტი ბოროტისგან იყო შეპყრობილი. როდესაც მოძღვარმა ეპარქიის ხელმძღვანელის, მეუფე იობის კურთხევით კვეთებულის ლოცვების წაკითხვა დაიწყო, ლავრენტი ისეთ წინააღმდეგობას უწევდა, რამდენიმე ადამიანი ცდილობდა მის დაკავებას. სწორედ ლოცვებით გამოვიდა ამ მდგომარეობიდან..." - იხსენებს AMBEBI.GE-სთან საუბარში ლავრენტი ხარაზიშვილის დედა ლალი მღებრიშვილი.

ხარაზიშვილების ოჯახის პრობლემები ამით არ დასრულებულა, სულ მალე, 18 მარტს, ანალოგიურმა პრობლემებმა ლალი მღებრიშვილში იჩინა თავი.

"ჩემი მდგომარეობა რომ დეტალურად აღვწერო, ალბათ არც დამიჯერებს ხალხი... პირდაპირ მესაუბრებოდა ბოროტი ძალა, შავებით შემოსილი, სუსტი, მაღალი აღნაგობის... ვიცოდი, რომ ეშმაკი იყო. საშინელ დღეში მაგდებდა, მაიძულებდა ჩემი შვილისთვის ეკლესიაში წასვლაში ხელი შემეშალა... სანთელი, ეკლესია, ლოცვა - მაშინებდა ეს ყველაფერი. მინდოდა ტაძარში შევვარდნოდი ბავშვს და იქიდან გამომეთრია, რომ არ ზიარებულიყო.

როცა სოფლის ეკლესიის (ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია) მღვდელმა ჩვენ სახლში მოაბრძანა წმინდა კვიპრიანეს და იუსტინეს ხატი, რომელშიც წმინდა ნაწილებია ჩაბრძანებული, სწორედ მაშინ დამეწყო ყველაზე ძლიერი აგრესია, მინდოდა, ეს ხატი დამელეწა და ნაწილებად მექცია, მამაოს ვუყვიროდი, რომ ლოცვა შეეწყვიტა... თან დამეწყო ხილვა - წმინდა ეკატერინე მეცხადებოდა და მეუბნებოდა, რომ ეს სახლი უნდა დაგვეტოვებინა, მისთვის უნდა დაგვეთმო... მაშინ საერთოდ არ ვიცოდით რომ სახლი, რომელიც ჩემმა დედამთილ-მამამთილმა 1991 წელს შეიძინეს (მაშინ არც ვიყავი ამ ოჯახის რძალი), ეკლესიის ნანგრევებზე იყო აშენებული... როგორც ახლა შევიტყვეთ, სწორედ წმინდა ეკატერინეს სახელობის ყოფილა ტაძარი.

ამ ადგილას სასაფლაო ყოფილა ძველად, ახლაცაა შემორჩენილი ჩვენი ეზოს ირგვლივ საფლავის ქვები და ეკლესიაც ამ ადგილზე ყოფილა, მერე კი ვიღაცას დაუნგრევია და სახლი აუშენებია, იმ ეკლესიის ქვებიც იყო გამოყენებული სახლის მშენებლობისას

ახლა სახლს ვანგრევთ, ის ქვებიც ვიპოვნეთ და ცალკე გადავალაგეთ. იმედია, ღვთის შეწევნით, ისევ აშენდება აქ წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესია და ამ ქვებსაც გამოიყენებენ... ახლა შედარებით უკეთ ვარ, კვლავ მიჭირს ეკლესიაში სიარული, ისევ ბრძოლები მაქვს, მაგრამ მამაო მეხმარება, მაძლიერებს..." - უყვება AMBEBI.GE-ს ლალი მღებრიშვილი.

ოჯახის დიასახლისი, ცისნამი ხარაზიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სახლის დანგრევა და ამ ადგილის რუის-ურბნისის ეპარქიისთვის გადაცემა გადაწყვიტეს, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა - მისი შვილიშვილი ლავრენტი ეკლესიის სტიქაროსანი გახდა, რძალი, ლალი კი კვლავ უბრუნდება მშვიდ მდგომარეობას. იხილეთ სრულად