"ჩვენი ყოფნა გაახალისებს იქაურობას" - ეყოლებათ თუ არა მთაწმინდელებს გამორჩეული პარლამენტარი - კვირის პალიტრა

"ჩვენი ყოფნა გაახალისებს იქაურობას" - ეყოლებათ თუ არა მთაწმინდელებს გამორჩეული პარლამენტარი

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში "გირჩის" კანდიდატი 30 წლის, წარმოშობით უნგრელი ჰერმან საბოა. როგორც "გირჩის" მხარდამჭერები ამბობენ, აქვთ რეალური შანსი იმისა, რომ ათობით ღიპიან და ჰალსტუხიან ზომბებს შორის ჰერმანი "გაიჩითოს". თვითონ კანდიდატი ირწმუნება, რომ ამომრჩევლებს თავს კარგად დაამახსოვრებს, როგორც პოლიტიკოსი და რომ ის ერთადერთია, ვინც რეალურად შეცვლის სიტუაციას საკანონმდებლო ორგანოში.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"პასპორტით გერმანე მქვია. მამას ჰერმანი უნდოდა დაერქმია, მაგრამ როგორც ჩანს, 30 წლის წინ რეგისტრატორმა ალბათ, საბჭოურ სახელად არ მიიჩნია და გერმანე ჩაუწერა. წარმოშობით უნგრელი ვარ, კარპატებიდან -უნგრეთისა და უკრაინის საზღვარზეა. ჩემი წინაპრები მეფის რუსეთის კარზე აზნაურები ყოფილან, საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩამოსულან საქართველოში. დედა ქართლელი მყავს, სამაჩაბლოდან. სოფელი ვანათი, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, ოკუპირებულია. დედა, ლენა მახნიაშვილი მაჩაბლისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია, ჩემი და -პანტომიმის თეატრის მსახიობი, ახლა სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, მამა კი რეჟისორი იყო, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა..."

"ლიბერტარიანიზმზე, ანუ იმ იდეოლოგიაზე, რომელსაც "გირჩი" ასე ვთქვათ, "აწვება", გადავწყვიტე, პატარა ვიდეოები მეთარგმნა და გამეხმოვანებინა. ასე რომ, ბოლო 2 წელია, "გირჩის" ხმა ვარ -ვთარგმნიდი კიდეც, ვარედაქტირებდი, ვახმოვანებდი, ვამონტაჟებდი და ა.შ..."

"ჩვენი პარლამენტში ყოფნა გაახალისებს იქაურობას. კონკრეტულად 2 რამის გაკეთება მინდა -ყოველდღიურ რეჟიმში უშინაარსო კანონებს რომ იღებენ, ასეთი სისულელეები ძვირად დავუსვა თითოეულ პარლამენტარს და კიდევ, მინდა, ადამიანებს იურიდიული ტერმინების გარეშე, უბრალო ენაზე გავაგებინო, რა ხდება ყველდღე პარლამენტში. უკეთ უნდა ვიცოდეთ, რაზე ლაპარაკობს ის ხალხი იქ მაშინ, როცა ერთმანეთს არ აგინებენ და არ სცემენ. ამომრჩეველმაც უნდა ისწავლოს, რომ პოლიტიკოსს პასუხი მოსთხოვოს და ტყუილი არ აპატიოს..."

"მომხმარებელი ვიყავი დიდი ხნის მანძილზე, თვეში რამდენჯერმე, მაგრამ ბოლო 2 წელია, აღარ მომიწევია, რადგან ფილტვებზე მქონდა სერიოზული პრობლემა, ოპერაციები დამჭირდა. სიგარეტის მოწევაც აკრძალული მაქვს. რა თქმა უნდა, არც ერთი ნარკოტიკი არ არის მისწრება ჯანმრთელობისთვის, მაგრამ როდესაც არის მოთხოვნა და ამ დროს უფრო მსუბუქი ნარკოტიკია ხელმისაწვდომი, მაშინ ადამიანები არ ეტანებიან "კრაკადილსა" და სხვა ამისთანა მძიმე რაღაცებს. სხვათა შორის, კანაფი ნაკლებ მავნებლობას იწვევს, ვიდრე სიგარეტი, ალკოჰოლი თუ ჰეროინი..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 4 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი