დავით ბაგრატიონმა ქვეყანა დატოვა? - რას ამბობს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

დავით ბაგრატიონმა ქვეყანა დატოვა? - რას ამბობს ადვოკატი?

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის ელისო რუხაძის განცხადებით, ანა ბაგრატიონმა გამოძიებას მიაწოდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუმცა მას გაუთქმელობის ვალდებულება აქვს და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

როგორც რუხაძემ ჟურნალისტებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მრავალსაათიანი გამოკითხვის შემდეგ განუცხადა, ანა ბაგრატიონის მონაყოლი, მისი მოსაზრებით, შეიცავს სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

„დასრულდა მრავალსაათიანი გამოკითხვა. ანა ბაგრატიონმა გამოძიებას მიაწოდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. როგორც უკვე გუშინ აღვნიშნე, ხელი გვაქვს მოწერილი გაუხმაურებლობის ხელწერილზე, რაც ნიშნავს ვალდებულებას, რომ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დეტალებზე. ერთადერთი, რისი განცხადებაც, ვფიქრობ, აუცილებელია, ეს არის ჩემი კოლეგის, ლევან ჩხაიძის განცხადება, რომელიც მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა თურმე არის სირცხვილი და ჩვენ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მე, სამი დღის მანძილზე ტყუილად ვკარგავთ დროს. ეს ასე ნამდვილად არ არის და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ანა ბაგრატიონი აკეთებს და ეს არ არის ის, რასაც ლევან ჩხაიძე კამერების წინაშე გიცხადებთ. დეტალებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვერ გეტყვით, თუმცა მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, რომელიც ჩემი მოსაზრებით, შეიცავს სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს. მათ შორის, ცემის ფაქტთან დაკავშირებით",- განაცხადა რუხაძემ.

კითხვაზე, თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, ადვოკატი პასუხობს, რომ სამართალდამცავების გადასაწყვეტია, თუ რა ფორმით გაგრძელდება გამოძიება.

"ეს არის სამართალდამცავების და პროკურატურის გადასაწყვეტი, თუ რა ფორმით, რა მოცულობით, რომელი მუხლით, გაგრძელდება გამოძიება და რას იზამს. შესაბამისად, მე არ ვარ კომპეტენტური ამ კითხვებზე პასუხი გაგცეთ",- აღნიშნა რუხაძემ.

გარდა ამისა, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. თუცა მიიჩნევს, რომ ის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე უნდა დაებარებინათ.

"ისევე გავიგე მედიისგან ეს ინფორმაცია, როგორც საზოგადოების სხვა წევრებმა. ვფიქრობ, ის უნდა დაბარებულიყო საგამოძიებო ორგანოებში. მქონდა ეს მოლოდინი, როგორც სხვა საქმეებში ხდება ხოლმე და ვფიქრობთ, რომ დავით ბაგრატიონის მიმართ მოქმედებს სამართლის ნორმები ისევე, როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეების მიმართ. შესაბამისად, არ ვფიქრობთ, რომ რაიმე პრივილეგიებით უნდა ისარგებლოს ან დავით ბაგრატიონმა ან ანა ბაგრატიონმა გამოძიების პროცესში. ეს არის ერთი ჩვეულებრივი ძალადობის და დანაშაულის გამოძიების საქმე და შესაბამისად, აქ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მე ჯერ არ გამირკვევია, რის გამო დატოვა მან ქვეყანა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ანა ბაგრატიონის გამოკითხვა დასრულდებოდა, ის უნდა დაბარებულიყო საგამოძიებო ორგანოებში",- განაცხადა ელისო რუხაძემ.

თავად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის კომენტარი არ გაუკეთებია.

"ინტერპრესნიუსი"