კვლევის შედეგები: მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობა ეკლესიას, ხოლო ყველაზე დაბალი ნდობა პარლამენტს აქვს - კვირის პალიტრა

კვლევის შედეგები: მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობა ეკლესიას, ხოლო ყველაზე დაბალი ნდობა პარლამენტს აქვს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობა ეკლესიას, ხოლო ყველაზე დაბალი ნდობა საქართველოს პარლამენტს აქვს. ერთ-ერთი დაბალი ნდობის ხარისხით სარგებლობს მოსახლეობაში სასამართლოც.

კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი 55% ეკლესიას ან რელიგიური აღმსარებლობის ორგანიზაციებს სრულად ენდობა. სრულ უნდობლობას კი 4% უცხადებს.

რაც შეეხება სხვა ინსტიტუტებს, მასწავლებლებს სრულად მოსახლეობის 31% ენდობა, სრულ უნდობლობას კი 2% აფიქსირებს. ექიმებს სრულ ნდობას 22% უცხადებს, სრულ უნდობლობას კი 8%. პოლიციას ქვეყანაში სრულად მოსახლეობის 19% ენდობა, სრულ უნდობლობას 8% გამოხატავს.

ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის 14% სრულად ენდობა, უნდობლობას კი 10% აფიქსირებს.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს, პრეზიდენტს გამოკითხული მოსახლეობის 11 პროცენტი სრულად ენდობა, ხოლო სრულ უნდობლობას 18% უცხადებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სრულად ენდობა 10%, სრულ უნდობლობას კი 20% აფიქსირებს.

საქართველოს პრემიერ- მინისტრს 9%-იანი სრული ნდობა აქვს, ხოლო 15 პროცენტი სრულ უნდობლობას უცხადებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობის 8 პროცენტიანი სრული ნდობით სარგებლობენ, მათ სრულ უნდობლობას 15% უცხადებს.

სასამართლოს მიმართ სრულ ნდობას 5% უცხადებს, სრულ უნდობლობას კი 20% გამოხატავს. საქართველოს პარლამენტს სრულად 5% ენდობა, სრულ უნდობლობას კი 24% გამოხატავს. კვლევაში მოხვდა მედიის ნაწილიც, მედიას სრულად მოსახლეობის 3 პროცენტი ენდობა, სრულ უნდობლობას კი 8% უცხადებს.

კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2087 რესპონდენტი და საშუალო ცდომილების ზღვარი 2,3 %-ია.

"ინტერპრესნიუსი"