"50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ"
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება წიგნს ადამიანების ცხოვრებაში. მართალია, ჩვენს საზოგადოებაშიც არიან წიგნის მოყვარულები, ვინც ურყევ ერთგულებას უცხადებს ჭეშმარიტებას - წიგნი შეუცვლელია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ წიგნს მეტი პოპულარიზება სჭირდება. სწორედ ამიტომ მედიასახლმა "კვირის პალიტრამ" არაერთი აქცია შესთავაზა მკითხველს:
"ქართული პროზის საგანძური", დიდი მხატვრების ალბომები, "ეს სამყაროა", დეტექტივების სერია ჟურნალ "რეიტინგთან" ერთად. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასად. პარალელურად მიმდინარეობდა გამოკითხვა, რომელ 50 წიგნს დაასახელებდა მკითხველი, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო. შედეგი ნელ-ნელა გამოიკვეთა. სწორედ ამ პროექტსა და საზოგადოდ, წიგნზე სასაუბროდ "კვირის პალიტრის" სახალხო დარბაზში ჩვენი მკითხველები შეიკრიბნენ.
მედიასახლის კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ კიდევ ერთხელ შეახსენა სახალხო დარბაზის სტუმრებს, როგორ გაჩნდა პროექტის - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, ვიდრე ცოცხალი ხარ" იდეა:
- ეს არ არის ჩემი მოფიქრებული პროექტი. მსგავსი რამ ედინბურგის წიგნის ფესტივალზე ვნახე და ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. ვესაუბრე ორგანიზატორებს.
ეს საერთაშორისო პროექტი უკვე არაერთხელ განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გამოკითხვებით, სოციოლოგიური კვლევით, ექსპერტთა ანალიზით ყალიბდება ის სია, რომელიც არსებული პერიოდის გემოვნებას და წიგნიერებას ასახავს. პროექტის თანახმად, გამოკითხვები 10-15 წელიწადში მეორდება იმისათვის, რომ საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებები აისახოს.
საქართველოში უკვე ერთი წელია, გამოკითხვა მიმდინარეობს. პირველი ოცეული უკვე გამოკვეთილია.
ამ პროექტის ფარგლებში უმრავლესობის მიერ დასახელებული და აღიარებული წიგნები ნოემბრიდან გამოვა, გამოცემული იქნება მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით და საგანგებოდ გაფორმებული სუპერით.
ჩვენი მედიასახლისთვის საინტერესოა, რას ფიქრობთ ამ პროექტზე ან საზოგადოდ, წიგნებზე.
თენგიზ ფაჩულია, 27 წლის, ეკონომისტი: - წიგნის ყიდვის თვალსაზრისით ჩემს ცხოვრებაში "უძრაობის პერიოდი" ნამდვილად იყო, მაგრამ რაც ჟურნალმა "გზამ" დაიწყო "ქართული პროზის საგანძურის" გამოცემა, ყველაფერი შეიცვალა.
ლიტერატურა თითქოს საზოგადოებაშიც უფრო აქტუალური გახდა, ხალხი წიგნს მიუბრუნდა. ფასი მნიშვნელოვანია. ბევრი წიგნი 20-30 ლარი ღირს, ვერ შეძლებ მის შეძენას. როცა წიგნის ყიდვა 4 ლარად შეიძლება, ცხადია, ბევრი იყიდის. ინტერნეტში ისე ვერ წაიკითხავ, როგორც წიგნშია შესაძლებელი.
გურგენ მურცხვალაძე, 72 წლის, ტექნოლოგი და ეკონომისტი: - გეთანხმებით, ინტერნეტი ვერ შეცვლის წიგნს.
ჩემს ჭაბუკობაში მგზავრობისას დავატარებდი წიგნს. ლეჩხუმში ისე არ წავიდოდი ბებიასა და დედასთან, რომ თან წიგნი არ წამეღო და გზაში არ მეკითხა.
- მაგრამ ცხოვრების ტემპი დაჩქარდა, ბევრი ვეღარ ასწრებს წიგნის კითხვას.
ომარ ბუცხრიკიძე, 30 წლის იურისტი: - ევროპასა და ამერიკაში არ არის დაჩქარებული ტემპი? იქ არ მუშაობენ? იქ უფრო დატვირთული არიან, მაგრამ კითხულობენ.
თუმცა იმას, რომ ავტობუსში ატარო წიგნი და იკითხო, სკეპტიკურად ვუყურებ. წიგნს კონცენტრაცია უნდა. შეიძლება ჟურნალი წაიკითხო, მაგრამ თომას მანის მგზავრობისას კითხვას აზრი არა აქვს.
- მაგრამ ის ხომ შეიძლება, რომ ვურჩიოთ, რა წაიკითხოს?
ომარ ბუცხრიკიძე: -შეიძლება, მაგრამ შესარჩევი წიგნების რაოდენობა მაფიქრებს. რატომ 50 და არა - 100? მე ვნახე ერთ-ერთ საიტზე, 1001 წიგნის დასახელებას ითხოვდნენ. 50 ძალიან ცოტაა.
გიორგი გიორგაშვილი, 23 წლის, გეოგრაფი: - ვფიქრობ, ამ პროექტის მიზანი სულაც არ არის, რომ კატეგორიულად 50 წიგნი წააკითხოს ვინმეს. ეს არის კეთილი რჩევების ერთობლიობა.
თინეიჯერი, რომელმაც დედის ან მამის რჩევით წაიკითხა რაღაცები, ახლა ზის და ფიქრობს, რა წავიკითხოო. ხომ საინტერესოა, რომ ათასობით ადამიანმა გირჩია, ეს რჩეული წიგნების 50-ეულიაო.
მარიკა დარჩია: - შერჩეული 50 წიგნი შეუძლებელია ასახავდეს მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარ საგანძურს და ვერც ყველას გემოვნებასა და სურვილს დააკმაყოფილებს, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნის 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის საზოგადოების რჩეული 50 წიგნი იქნება, რომლებსაც ერთად შევარჩევთ.
თამარ კარელიძე, 21 წლის, ჟურნალისტი: - ძალიან კარგია, რომ ამ სერიაში თითო ავტორის თითო წიგნი შედის. როცა ერთს წაიკითხავ და მოგეწონება, მისი ავტორის სხვა ნაწარმოებებითაც დაინტერესდები.
ომარ ბუცხრიკიძე: - ვფიქრობ, სამი ორმოცდაათეული მაინც უნდა იყოს პროექტში, რომ სამ საფეხურად მივაწოდოთ მკითხველს. არ შეიძლება, იქ, სადაც "სამ მუშკეტერს" ირჩევენ, შესთავაზო ჯოისი... ვერ მიიღებს.
გიორგი გიორგაშვილი: - რატომ არ შეიძლება?
ომარ ბუცხრიკიძე: - იმიტომ, რომ ასაკობრივი ჯგუფისათვის არ იქნება მისაღები.
მარიკა დარჩია: - ამ პროექტის ამოცანა არ არის მკითხველის ასაკობრივად დაჯგუფება.
თენგიზ ფაჩულია: - ვფიქრობ , ამ სერიაში ჯობს, ისეთი წიგნები შეარჩიოთ, რომლებიც ახლო წარსულში არ გამოცემულა.
მარიკა დარჩია: - თუ საზოგადოება დაასახელებს, ახლახან გამოცემულ წიგნებსაც გამოვცემთ. ეს მართლა საზოგადოების სარკეა, მათ ასე ისურვეს.
- ვიდრე საუბარს განვაგრძობთ, მინდა გაგაცნოთ დასახელებული წიგნების პირველი ათეული:
1. ბალზაკი "შაგრენის ტყავი"
2. ჯეკ ლონდონი "მარტინ იდენი"
3. შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსანი"
4. დიუმა "სამი მუშკეტერი"
5. შექსპირი "ჰამლეტი"
6. ჟიულ ვერნი "80000 კილომეტრი წყალქვეშ"
7. ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა"
8. ოსკარ უაილდი "დორიან გრეის პორტრეტი"
9. დიკენსი "დევიდ კოპერფილფი"
10. რემარკი "ტრიუმფალური თაღი".
ომარ ბუცხრიკიძე: - ძალიან სუსტი სიაა.
გიორგი გიორგაშვილი: - ალბათ უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ დასახელებული წიგნები პოპლიტერატურაა?
ომარ ბუცხრიკიძე: - პოპლიტერატურა კი არ არის, განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფისთვის არის განკუთვნილი.
თამარ კარელიძე: - ჩემი აზრით, სულაც არ არის ცუდი ათეული. ჟიულ ვერნზე ვერაფერს ვიტყვი, არა მაქვს წაკითხული. გვიან წავიკითხე დიუმას "სამი მუშკეტერიც" და ძალიან არ მომეწონა.
თენგიზ ფაჩულია: - "დედოფალი მარგო"?
თამარ კარელიძე: - არა, არც ამას შევიყვანდი, რადგან არ არის არც ისტორიულად და არც ლიტერატურულად გამართული ნაწარმოები. წაკითხული მაქვს ჰაინრიხ მანის "ანრი IV-ის სიჭაბუკე". რომ წაიკითხავ, ნახავ, რამდენად სისულელეა "დედოფალი მარგოს" წაკითხვა.
- წიგნებს ვინ გირჩევდათ?
თამარ კარელიძე: - მამა, მერე მასწავლებელი. სხვათა შორის, მასწავლებელმა არასწორად მირჩია და 13 წლისას წამაკითხეს "დონ კიხოტი". საშინლად არ მომეწონა. მერე 17 წლისამ წავიკითხე და მივხვდი, ძალიან მაგარია. ყველაფერს თავისი ასაკი აქვს. არ შეიძლება, 8 წლის ბავშვს ურჩიო "გმირთა ვარამი" წაუიკითხე-თქო.
- ბოლოს ახალი წიგნი როდის შეიძინეთ?
გურგენ მურცხვალაძე: - სამივე შვილისთვის ვაგროვებდი წიგნებს. მაშინ ასე იოლი არ იყო წიგნის შოვნა. ახლა ყველაფერი იყიდება, მაგრამ ძვირია.
თენგიზ ფაჩულია: - რაც იაფი წიგნების სერიის გამოცემა დაიწყო, კვირაში სამ წიგნს ვყიდულობ - ქართულ პროზას, დეტექტივებსა და ცნობილი ადამიანების ცხოვრებას. ბუკინისტებთანაც დავდივარ. ტოლსტოის "აღდგომა" 2 ლარად ვიყიდე.
თამარ კარელიძე: - ვყიდულობ "გზის" "ქართული პროზის საგანძურის" გამოცემას. ორი დღის წინ ფამუქის "მე წითელი" მაჩუქა მეგობარმა და ძალიან მიხარია.
გიორგი გიორგაშვილი: - მეც "გზის" სერიას ვყიდულობ. ბევრი ავტორი შინ გვქონდა, მაგრამ ხელახლა ვყიდულობ.
- ვიდრე საუბარს განვაგრძობდეთ, მკითხველის დასახელებულ წიგნების მეორე ათეულს შემოგთავაზებთ:
11. მარკ ტვენი - "ტომ სოიერის თავგადასავალი"
12. ბეგბედერი - "99 ფრანკი"
13. სერვანტესი - "დონ კიხოტი" ტომი I-III
14. კონან დოილი - "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი"
15. აკუტაგავა - "ნოველები"
16. ჰომეროსი - "ოდისეა"
17. ო'ჰენრი - "მოთხრობები"
18. კონსტანტინე გამსახურდია - "დიდოსტატის მარჯვენა" ტომი I-II
19. ედგარ პო - "მოთხრობები"
20. დოსტოევსკი - "დანაშაული და სასჯელი"
თენგიზ ფაჩულია:
- არ ჯობდა, "ძმები კარამაზოვები" აგვერჩია, თითქმის არ იშოვება! "დანაშაული და სასჯელი" ყველგან არის.
მარიკა დარჩია: - იქნებ ამიტომაც დასახელდა, რომ წაკითხული აქვთ.
თამარ კარელიძე: - "ძმები კარამაზოვები" დოსტოევსკის ყველაზე ძლიერი ნაწარმოებია.
- ძალიან კარგი, რომ არ ეთანხმებით არსებულ ჩამონათვალს. თქვენ შეგიძლიათ დარჩენილი 30 წიგნის სიაში თქვენი რჩეული წიგნის შესატანად იბრძოლოთ.
ომარ ბუცხრიკიძე: - როგორ? ასი ნიკით დავრეგისტრირდეთ?
- შეგიძლიათ თანამოაზრეები შეკრიბოთ, მობილიზება გაუკეთოთ მათ მიერ გამოკითხვაში მონაწილეობას.
გურგენ მურცხვალაძე: - ამ ოცეულში ქართველი ავტორი მარტო ორი იყო? არ არის სწორი. ვისურვებდი, მეტი ქართული წიგნი იყოს.
- რას ფიქრობთ, ჩამონათვალში უნდა შედიოდეს ბიბლია?
თამარ კარელიძე: - საქართველოში ბევრი სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანი ცხოვრობს და ბიბლია თუ შევა, რატომ არ უნდა შევიდეს ყურანი? ამიტომ ჯობია, არც ერთი არ შევიდეს.
გურგენ მურცხვალაძე: - საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა და ბიბლია სწორედაც უნდა შევიდეს. ყველაფერში ჩვენი ქვეყნის, ენისა და სარწმუნოების ინტერესი უნდა ჩავდოთ.
თამარ კარელიძე: - თუ რელიგიურად მივუდგებით, ბიბლია ყველა მართლმადიდებელს უნდა ჰქონდეს წაკითხული. ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა. ცოტა პოზირებაც ხომ არ არის ამ ჩამონათვალში ბიბლიის შეტანა?
- მაშინ სხვაგვარად მივუდგეთ საკითხს. თითოეულმა დამისახელეთ წიგნი (წიგნები), რომელიც ჩამონათვალში არ არის, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე და მის წაკითხვას სხვასაც ურჩევთ.
თამარ კარელიძე: - ჰაინრიხ ბიოლის "უკაცო სახლს" შევიტანდი აუცილებლად. თომას მანის "ჯადოსნურ მთას".
თენგიზ ფაჩულია: - ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელს"!
ომარ მურცხვალაძე: - კაფკას "პროცესს". "ტრამალის მგელს" მეც შევიტანდი... კიდევ, ეტიურინის "მოხეტიალე მელმოტს".
გიორგი გიორგაშვილი: - მახსოვს, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა "პადრე ამაროს დანაშაულმა". არის ბიჭის ცხოვრებაში დრო, როცა სწავლა არ გინდა... ამ წიგნმა მომაბრუნა... ჩვენთან არ იცნობენ, ესპანეთში კი ცნობილი წიგნია... თქვენი აზრით, რა უნდა ღირდეს ამ სერიით გამოცემული წიგნები?
თენგიზ ფაჩულია: - მგონი, 7-8 ლარი კარგი ფასია.
თამარ კარელიძე: - ცოტა უფრო იაფად თუ იქნება ყიდვა გამიადვილდებოდა.
- ოღონდ გაითვალისწინეთ, ძალიან კარგი ხარისხის გამოცემებზეა ლაპარაკი!
გიორგი გიორგაშვილი: - კარგი ხარისხის გამოცემა მართლაც კარგია. თვეში რამდენჯერ გამოვა?
- თვეში ორი წიგნი გამოვა.
გურგენ მურცხვალაძე: - ცხადია, უფრო იაფს ვინატრებდი, მაგრამ 6-7 ლარად ვიყიდდი მაინც.
ომარ ბუცხრიკიძე: - მთავარია, უხარისხო არ იყოს.
P.S. დასასრულ, მინდა ბევრი კარგი წიგნის შეძენა გისურვოთ და კიდევ ერთხელ გაგახსენოთ: 30 წიგნის ბედი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, იაქტიურეთ და უგულშემატკივრეთ თქვენთვის მნიშვნელოვან წიგნებს, შექმენით საგულშემატკივრო ბლოგები, კლუბები... ყველაფერი წინ არის.
"კვირის პალიტრის" საიტზე გახსენით ფანჯარა - "კარცერი ლუქსი".
შეავსეთ კითხვარი და დაგვისახელეთ წიგნი, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. მხოლოდ ასე მოხვდება სიაში თქვენი რჩეული!