"აბსურდულია ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის მინისტრის ვიზიტთან დაკავშირება" - კვირის პალიტრა

"აბსურდულია ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის მინისტრის ვიზიტთან დაკავშირება"

ჩემი აზრით, ეს უკვე ყოველგვარი სერიოზულობის ფარგლებს სცილდება და იუმორისტულ ჟანრში გადადის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ბარსელონაში ესპანელი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქეების დაკავების საკითხს.

"სამწუხაროდ, დღეს რამდენჯერმე მოგვიწია ამ სრულიად აბსურდულ მოსაზრებაზე განმარტების გაკეთება და ჩემი აზრით, ეს უკვე ყოველგვარი სერიოზულობის ფარგლებს სცილდება და იუმორისტულ ჟანრში გადადის, თუმცა, თავად საკითხი, საკმაოდ სერიოზულია. საგარეო საქმეთა მინისტრი, მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან ბევრ ორმხრივ შეხვედრებს ატარებს და სრულიად აბსურდულია მინისტრის ვიზიტთან დავაკავშიროთ, რომელიმე ქვეყანაში ადგილობრივი სამართალდამცავების მიერ სპეცოპერაციის განხორციელება.

დაკავებულების შემთხვევაში გვაქვს ორი კატეგორია. პირველი კატეგორია, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან და ბრალი ედებათ კონკრეტულ დანაშაულებში, მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულში და მეორე კატეგორია, რომლებსაც დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი", - განაცხადა კონსტანტინიდიმ.

მისი თქმით, საქართველოს გენერალური კონსული არაერთხელ შეხვდა საქართველოს მოქალაქეებს და ინფორმაცია მიაწოდა ესპანეთის სამართალდამცავი სტრუქტურის მიერ ჩატარებული ოპერაციის, ასევე უვიზო მიმოსვლით სარგებლობისა და მისი დარღვევის შედეგების შესახებ.

ვლადიმერ კონსტანტინიდის განმარტებით, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოში არალეგალურად მყოფ მოქალაქეებს, მოქმედებს ადგილობრივი კანონმდებლობა და არსებობს საერთაშორისოდ გავრცელებული პრაქტიკა, რომ სავიზო რეჟიმის დამრღვევმა მოქალაქეებმა, უნდა დატოვონ ქვეყანა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"