"მამა პერიოდულად "ლექციებს" მიკითხავს" - კვირის პალიტრა

"მამა პერიოდულად "ლექციებს" მიკითხავს"

25 წლის თათა გიორგობიანი გადაცემაში - "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად", Yellow ბენდის წევრი გახლავთ. ფიქრობს, რომ ბენდის წევრად მის შერჩევაზე გარეგნობამ, მუსიკალურობამ და მსახიობურმა უნარებმა ერთიანად იმოქმედა. ჰყავს თავისი ბენდიც, სიმღერებს თავადაც წერს... ბოლო დროს თათა მაყურებელთა დიდ ინტერესს იწვევს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის უკეთ გაგვეცნო, გთავაზობთ ამონარიდებს.

- Yellow ბენდის წევრობამდე რას საქმიანობდი?

- უნივერსიტეტში ვსწავლობდი და პარალელურად, ბენდებს "ვეპარებოდი". ძირითადად, ქავერ მუსიკას "ვაკეთებდით" და ბარებსა თუ კლუბებში ვმუშაობდით, რამაც თანდათან "გამზარდა", გამოცდილება შემძინა... საბოლოო ჯამში, Yellow ბენდში მოვხვდი, საიდანაც "ღამის შოუში" აღმოვჩნდი. ბედნიერი ვარ, რომ ამ ეტაპამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი. მუსიკა ბავშვობიდან მიყვარს, თუმცა თავდაპირველად, როცა ფორტეპიანოს შესასწავლად დავდიოდი, მძულდა. პიანინოსთან საათობით ვიდექი და ვბღაოდი - ჩემი ცრემლების გუბეები იდგა. ვამბობდი, - არ დავუკრავ-მეთქი, მაგრამ მაიძულებდნენ, დამეკრა. ბოლოს მაინც ჩემი გავიტანე და დამამთავრებელ წელს, როგორც იქნა, ფორტეპიანოდან გამომიყვანეს. წლები რომ გავიდა, მუსიკის მოსმენა დავიწყე, სხვათა შორის - მძიმე როკით, შემდეგ გადავედი პანკზე, ჯაზზე... მაშინ მივხვდი, რამხელა შეცდომა დავუშვი, რომ ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა შევწყვიტე.

- უნივერსიტეტში რომელ ფაკულტეტზე სწავლობდი, რა პროფესიას ეუფლებოდი? - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლა დავასრულე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მივიღე და უფასოდ ვსწავლობდი - ერთადერთი მიზეზი ეს იყო, რის გამოც სწავლას თავი არ დავანებე (იცინის). ამ პროფესიის არჩევა არ მინდოდა - ოჯახის ზეგავლენით ვსწავლობდი: ჩემს ოჯახში ყველანი ეკონომისტები არიან და უნდოდათ, მეც ამ მიმართულებით "წავსულიყავი", თუმცა თავად ფსიქოლოგობა მინდოდა. მერე, სტუდენტობისას ბენდებში ბედის ცდა დავიწყე. მივხვდი, რომ ბიზნესი და ტურიზმი კი არა, მუსიკა იყო ჩემი საქმე.

- შენს ცხოვრებაში ხშირია ემოციური ეპიზოდები? - საერთოდ, ძალიან ემოციური ვარ. სხვების ემოციებს გულწრფელად ვიზიარებ. შესაბამისად, როგორ ძლიერადაც მიხარია, ტკივილსაც ასე ძლიერად განვიცდი. თანდათან ზუსტად ამ დასკვნამდე მივედი, რომ ადამიანმა ყველაფერს მსუბუქად უნდა შეხედო - ასე ცხოვრება უფრო ადვილია, ბედნიერების ხარისხიც უფრო მაღალია. როგორ ცუდადაც უნდა ვიყოთ, მგონია, რომ დაძაბულობას, ნერვიულობასა და შიშს უფლება არ უნდა მივცეთ, იმისგან დაგვაშოროს, რაც სიამოვნებას გვანიჭებს და გვაბედნიერებს. გაჭირვებასა თუ სხვა პრობლემას უფლება არ უნდა მივცეთ, ჩვენსა და ჩვენს ოცნებებს შორის ჩადგეს. სჯობს, ეცადო, ვიდრე დანებდე და არაფრისთვის იცხოვრო.

- შენი მიზანი რა არის? - ის, რომ მაქსიმალურად ბევრი რაღაც ვნახო, ბევრი შეგრძნება, გამოცდილება დავაგროვო. ყველაფერი უცხო მაინტერესებს... რა თქმა უნდა, ასევე მსურს, რომ ჩემი ახლობლები და საერთოდ, ჩემი ერი კარგად იყოს. მინდა ამისთვის რაიმე ღირებული გავაკეთო, თუნდაც მცირე წვლილი შევიტანო იმაში, რომ ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს.

- ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას? - ვაიმე, არ მკითხოთ (იცინის). რეალურ ცხოვრებაში ცოტათი პანკროკულად - დახეულ ჯინსში, კედებში გამოწყობილი დავდივარ. ეკრანულისგან აბსოლუტურად განსხვავებული იმიჯი მაქვს. სპორტულ სამოსში ხშირად მნახავთ, რადგან სპორტდარბაზში ვვარჯიშობ. რა თქმა უნდა, კონცერტებზე ცოტა უფრო მოწესრიგებულად მაცვია - კაბის ჩაცმა მიწევს. როცა მეგობრების გარემოცვაში ვარ, მაშინაც თავისუფლად, ცოტათი ჰიპურად მაცვია. "ელასტიკებსა" და გრძელ მაისურში გამოწყობილი ხშირად ვარ.

- ყველაზე უცნაური ქათინაური, რაც მიგიღია... - რა ლამაზი ჭიპი გაქვსო (იცინის). მართლა ძალიან უცნაურია, მაგრამ ვუთხარი, - დიდი მადლობა-მეთქი.

- შენი ამჟამინდელი საქმიანობის მიმართ ოჯახის წევრებს როგორი დამოკიდებულება აქვთ? - დედა, ბებია და პაპა ძალიან თანამედროვედ მოაზროვნეები მყავს და მგულშემატკივრობენ. მამას ცოტათი "ქართული რაღაცები" სჭირს - ვიღაცამ "სხვა თვალით" არ შემოგხედოსო (იცინის). ქართველი მამისთვის ცოტათი რთულია, როდესაც მისი შვილი ეკრანზე ჩანს და მამაკაცების ყურადღებას უფრო მეტად იქცევს. ამასთან დაკავშირებით, სულ მმოძღვრავს: - შენი თავის ფასი უნდა იცოდე. აბა, რა ოჯახიდან ხარ, აბა, ისე და ასეო (იცინის)... ასეთი "ლექციები" პერიოდულად გვაქვს, მაგრამ თან, ეს ყველაფერი სასიამოვნოა: "მამა" ზუსტად ამას ნიშნავს, რომ შენს ზურგს უკან ძალას გრძნობდე, ვინც შენზე ზრუნავს და არ დაუშვებს, რომ შენს ცხოვრებაში რაღაც არასწორი მოხდეს.

- შენი თაყვანისმცემლების მიმართ აგრესიულად განწყობილი ხომ არ არის? - არა. უფრო ჩემგან ითხოვს - მითხარი, რამე "ზედმეტი" ხომ არ არისო? სიმართლე გითხრა, ხანდახან ვუმალავ, რადგან ზოგჯერ უცხო ადამიანი შეხვედრას დაჟინებით მთხოვს. აუცილებლად ზრდილობის ფარგლებში, მაგრამ - მაინც დაჟინებით. დაფასებისთვის მადლობელი ვარ და რა თქმა უნდა, ჩემთვის თითოეული კომპლიმენტი მართლა ბევრს ნიშნავს, მაგრამ ვცდილობ ავუხსნა, რომ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. ვეუბნები - ჯერ ერთი, დაკავებული ვარ. თან, არ გიცნობთ, ასე არ ხდება-მეთქი. ჯერჯერობით, ამ ყველაფერს თავად ვაგვარებ - ასეთი ამბები მამის ყურამდე არ მიდის. შესაბამისად, აგრესიული ვერ იქნება. მოკლედ, ვყოჩაღობ. თუკი თავი ვერ გავართვი, რა თქმა უნდა, საკითხი აუცილებლად "ზედა ეშელონებში" - მამასთან გადაინაცვლებს, მერე კი არ ვიცი, როგორ დასრულდება (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"