რეპრესირებულთა შთამომავლების ნაწილი ბათუმში, საერთო სამარხში აღმოჩენილი ნეშტებისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს - კვირის პალიტრა

რეპრესირებულთა შთამომავლების ნაწილი ბათუმში, საერთო სამარხში აღმოჩენილი ნეშტებისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს

იმ ტერიტორიაზე, სადაც 1937-38 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს, რეპრესირებულთა შთამომავლები მივიდნენ და სამარხებთან მისვლას ითხოვდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, გაურკვევლობაში არიან და მიცვალებულთა დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვენ.

„ჩემი ბაბუა იყო რეპრესირებული, არ ვიცი აქ მარხია თუ არა, ან საიდან დავადგინო არის თუ არა აქ დასაფლავებული? ეპარქიამ სია რომ გამოაქვეყნა, იმ სიაში არის. დნმ-ის ანალიზი უნდა ჩატარდეს, თან მე მუსლიმი ვარ, ბაბუაჩემიც მუსლიმი იყო, იქნებ არ მინდა ქრისტიანულად დამარხვა“, - ამბობს რეპრესირებული პირის შთამომავალი ალექსანდრე დუაძე.

შეგახსენებთ, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინეს. სამარხი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გათხრების შედეგად აღმოაჩინა.

მათი ინფორმაციით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული. ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ.

"ინტერპრესნიუსი"