"ძალიან უნდოდა დოდოს ჩემთან შერიგება, მაგრამ არ მივეცი ამის საშუალება, ვერ ვაპატიე..."
"ქალი სიყვარულის გარეშე არ უნდა გახდეს არც ცოლი და არც დედა!"
ის საქმეს დღესაც ბევრ ახალგაზრდაზე უფრო დიდი ენთუზიაზმით ეკიდება. ყოველგვარი პლასტიკური ოპერაციის გარეშეც გარეგნულად მშვენივრად გამოიყურება. ამ ყველაფრის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ძალიან უყვარს ფეხით სიარული... გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობ ლია კაპანაძესთა.
- მამა სამხედრო ექიმი იყო და სამუშაოდ ხაბაროვსკში გაიწვიეს. 3 წლის ვიყავი, თბილისში რომ ჩამოვიდა და მე და ჩემი და, რომელიც ჩემზე 4 წლით უფროსი იყო, მუშთაიდის ბაღში წაგვიყვანა... იმ პერიოდში, თბილისში, ორი დიდი პარკი იყო: მუშთაიდისა და ფუნიკულორის. როცა ქალაქში ძალიან ცხელოდა, თეთრ "პანამკას" ვიხურავდი და მამას დასთან ერთად, სასეირნოდ მივყავდი. მუშთაიდის ბაღს რომ მივუახლოვდებოდით, გული სიხარულისგან მიფანცქალებდა, რადგანაც კარუსელებზე უნდა "მეკატავა", მაგრამ არ მიყვარდა სარკეებიან ოთახში შესვლა, რადგანაც ცოტა პუნტკუნა ვიყავი და საკუთარ თავს სარკეებში გაწელილს რომ ვხედავდი, ტირილს ვიწყებდი... იმ პერიოდში სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდით... მახსოვს, მუშთაიდის ბაღს მწვანედ შეღებილი რკინის რიკულები ჰქონდა. ბილიკები დაფხვნილი წითელი აგურით იყო მოფენილი. მაშინ უფროსებიცა და ბავშვებიც ყველაფერს ვუფრთხილდებოდით...
- ალბათ განსაკუთრებულად გახსოვთ ის დღე, როდესაც პირველად სკოლაში წახვედით... - კი, კარგად მახსოვს ეგ დღეცა და ზოგადად, პერიოდიც... სკოლის ცხოვრებასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა, რადგანაც საკმაოდ ლაღი ბავშვი ვიყავი. მერხთან ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში ჯდომა არ შემეძლო. ეს ჩემთვის საშინელება იყო... ხუთოსანი არასდროს ვყოფილვარ. რაც მაინტერესებდა, კარგად მხოლოდ იმ საგნებს ვსწავლობდი. მიზიდავდა მხატვრული ლიტერატურა, ილუსტრაციები, კინო... როგორც კი კინოეკრანებზე ახალი ფილმი გამოვიდოდა, მე და ჩემი და მის სანახავად მაშინვე მივდიოდით... 1941 წელს პირველ კლასში ვიყავი, ომი რომ დაიწყო. ირგვლივ ყველას საშინლად უჭირდა. ერთი სული გვქონდა, სულ იმას ვფიქრობდით, ომის ჯოჯოხეთი როდის დამთავრდებოდა. ადამიანები ერთმანეთს ვუფრთხილდებოდით... ის უბედურება გამოვლილი რომ მაქვს, დღეს ძალიან მიკვირს, ადამიანებისგან ამდენ წუწუნს რომ ვისმენ - გაჭირვებულად ვცხოვრობთო... არ არსებობს ოჯახი, რომ არ უჭირდეს, არ არსებობს ისტორიაში პერიოდი, როდესაც ხალხი დალხენილი ცხოვრობდა, რადგანაც თავისებური პრობლემა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ვიმეორებ, სამამულო ომის დროს მაინც განსაკუთრებულად მძიმე ცხოვრება იყო. წარმოიდგინეთ, ორას გრამ პურს გვაძლევდნენ... მამაჩემი ხაბაროვსკში იყო. დეიდების მეუღლეებიც ომში იყვნენ. მოკლედ, სახლში მხოლოდ ქალები: დედა, ორი დეიდა, ბებია, მე და ჩემი და ვიყავით. უფროსები პატარებს საოცრად გვიფრთხილდებოდნენ...
- პროფესიული არჩევანი რა ასაკში გააკეთეთ? - ჩემზე დიდი შთაბეჭდილება პატრიოტული სულისკვეთების ფილმებმა - "არსენამ", "დარიკომ", "გიორგი სააკაძემ" მოახდინა... მაგრამ დიდი გავლენა მაინც ფილმმა - "ბურატინოს თავგადასავალმა" იქონია. ბურატინოსავით თხელი და გამხდარი ვიყავი. სახლში ამ პერსონაჟის იმიტაციას ვაკეთებდი ხოლმე, რაც ყველას მოსწონდა. დაახლოებით 6 წლის ვიქნებოდი, კინოსტუდიის პავილიონთან რომ მოვხვდი. რაღაც ფილმს იღებდნენ. მაშინ ჩავიფიქრე, ფილმში, ამ ადგილას მეც აუცილებლად გადამიღებენ-მეთქი. მართლაც, გავიდა წლები და ზუსტად იმ პავილიონში ფილმის სინჯებზე დამიბარეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი.
- სკოლის ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდით? - სკოლაში ხშირად აწყობდნენ ღონისძიებებს, მაგრამ იქ არასდროს ვმონაწილეობდი. საოცრად მორიდებული ვიყავი. სცენაზე მსახიობებს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, მე ამას ვერ შევძლებ-მეთქი, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემში არტისტული მონაცემები იყო... და საბოლოოდ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე კიდეც. ალბათ სხვაგან ვერც შევძლებდი სწავლას. მამა და დეიდა ექიმები იყვნენ, მაგრამ ექიმობაზე არასდროს მიფიქრია. ერთადერთი სპეციალობა, რასაც მსახიობობის პარალელურად დავეუფლებოდი, ფსიქოლოგობა გახლავთ. ისე, მსახიობი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. ჩვენ ხომ ადამიანის სულის სიღრმეებს ვწვდებით...
- ახლა იქნებ, ის პერიოდი გაიხსენოთ, როდესაც შეგიყვარდათ... იმ ადამიანისგან შვილი გყავთ. როგორ ფიქრობთ, ეს ურთიერთობა რატომ დასრულდა? ხომ არ გგონიათ, რომ ეს თქვენი ბრალია? - რეჟისორ გია მატარაძეს ჩემი ინიციატივით დავშორდი. საკუთარი ბედი თვითონ გადავწყვიტე... ერთხელაც გიამ მითხრა: თუ გინდა, ცოლად მოგიყვანო და ეს ნათქვამი ვერ ვაპატიე... ალბათ, ბევრ ქალს ცხოვრებაში ბევრი რამ ჩაუყლაპავს. მაპატიეთ, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებდი. ფეხმძიმედ ვიყავი, მას რომ დავშორდი. იმ რთული პერიოდის გადატანა გვერდით მყოფმა ადამიანებმა, მეგობრებმა გამიადვილეს... რაკი გიას ცოლობაზე უარი ვუთხარი, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ არ მიყვარდა. მიყვარდა, მაგრამ ასეთ ლაფსუსს სწორედ საყვარელ ადამიანს ვერ ვაპატიებდი! თუმცა ცხოვრებაში ბევრი რამის პატიება შემიძლია და მიპატიებია კიდეც... თუ დამიჯერებთ, არასდროს არავისთან მიჩხუბია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის გული არაერთხელ უტკენიათ. თუმცა გვერდით მაინც ყოველთვის ისეთი ადამიანები მყავდნენ, რომლებიც ძალიან მიფრთხილდებოდნენ - ისე, რომ ზოგიერთი მათგანი ოჯახის წევრიც კი მეგონა... იოლი ნამდვილად არ იყო ბავშვთან და მოხუც დედასთან ერთად მარტო დარჩენა. თან, ხელფასი მხოლოდ 35 მანეთი მქონდა... მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი.
- ბატონი გია შვილთან თუ ურთიერთობდა? - ის სიცოცხლის ბოლომდე პატივს მცემდა. ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდა. გიამ თავისი ცხოვრების ბოლო წუთები მეუღლესთან - მარინა კახიანთან და ჩემს ქეთისთან ერთად გაატარა. მარინა ჩემს შვილს დიდ პატივს სცემს. ქეთისაც თავისი ძმა - ვატო ძალიან უყვარს. ჩვენი დაშორების მიზეზი მარინა არ ყოფილა...
- ცნობილი ფაქტია, რომ თქვენ და მსახიობ დოდო აბაშიძეს რომანი გქონდათ. ხშირად გითქვამთ, რომ ის ძალიან გიყვარდათ. თუ გაიხსენებთ მასთან შეხვედრის პირველ დღეს? - პირველად რომ ვნახე, მისთვის, ისე, როგორც მამაკაცისთვის არც კი შემიხედავს... ის პირველი შეხვედრა "მაცი ხვიტიას" გადაღებებზე მოხდა. მაშინ არც კი დავლაპარაკებივართ ერთმანეთს... დოდო ისეთი საინტერესო ადამიანი იყო, ისეთი მოუბარი, რომ გარშემო მუდმივად აუდიტორიას იკრებდა ხოლმე... მახსოვს, გადაღების შემდეგ, სამეგრელოში დაგვპატიჟეს, იმ სუფრაზე თამადა სწორედ დოდო იყო. სტუმრად გადასაღები მოედნიდან წავედით, დაღლილი ვიყავი. თავიდან ვიფიქრე, სუფრიდან მალე გამოვიპარები-მეთქი, მაგრამ დოდოს თამადობა რომ ვნახე, წამოსვლა აღარ მომინდა... ჩვენ შორის ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით... ჩვენი ურთიერთობა არავის უკვირდა. მისი მეგობრები ამჩნევდნენ, რომ დოდო ჩემთან ურთიერთობის შემდეგ ბედნიერი და მხიარული გახდა, მაგრამ შეცდომა არც მას ვაპატიე! სიყვარულში შეიძლება პატარა რამ მოიტყუო, მაგრამ თამაშს ვერ ვიტან!
- თქვენ არასდროს გითამაშიათ? - არც დოდოსთან და არც გიასთან ურთიერთობაში არ მითამაშია! ძალიან უნდოდა დოდოს ჩემთან შერიგება, მაგრამ გითხარით, რომ არ მივეცი ამის საშუალება... ბოლოს ერთმანეთს კინოსტუდიის ტერიტორიაზე შევხვდით. ის თავის ამპლუაში იყო - რაღაცას ჰყვებოდა და მეგობრები უსმენდნენ. ჩემ ზურგს უკან იდგა, ხმამაღლა ლაპარაკობდა, უნდოდა, მივსულიყავი, ვგრძნობდი, მელოდა, როდის მივიდოდი, მაგრამ არ მივედი. შინაგანმა ხმამ მიკარნახა, რომ ასე მოვქცეულიყავი...
- დღეს ნანობთ ამ საქციელს?
- არა, იმ საქციელს, რაც დოდოს ჩემთან შეეშალა, ზოგადად, ადამიანებს არ ვაპატიებ...
- ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრებას იწყებენ, რა რჩევას მისცემდით? - მრჩეველად ვერ გამოვდგები. მხოლოდ ერთს ვიტყვი: შეიძლება, მიტოვებული ქალი აღმოჩნდე, მაგრამ გრძნობაზე უარი არ უნდა თქვა. მე ამაღლებულ სიყვარულზე ვლაპარაკობ. არც ერთი ადამიანი არ უნდა წავიდეს ცხოვრებიდან ისე, რომ სიყვარული არ გამოცადოს. აუცილებელი არაა სიყვარული სექსში გადაიზარდოს. ქალი სიყვარულის გარეშე არ უნდა გახდეს არც ცოლი და არც დედა!
მერი კობიაშვილი
ჟურნალ "გზის" არქივიდან