"მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის. ძალიან მიჭირდა. ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა" - კვირის პალიტრა

"მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის. ძალიან მიჭირდა. ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა"

მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის. ძალიან მიჭირდა. ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა, - ასე იხსენებს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 1989 წლის 9 აპრილის ღამეს.

როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე "იმედთან" ინტერვიუში აცხადებს, 9 აპრილის ღამე იყო თავისუფლებისთვის მზადყოფნა და იმ ღამეს რუსთაველის გამზირზე მდგომ ადამიანებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდნენ.

"ძალიან ძნელია გახსენება იმ ღამისა, რაც მოხდა რუსთაველზე. ჩემთან შუაღამის დროს მოვიდნენ და მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის. ძალიან მიჭირდა. გრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ხალხს რაც დაემართება, მეც მზად ვიყავი ვყოფილიყავი ჩვენ ხალხთან ერთად. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა და მერე დაიყვირეს - არა. ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები, მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგნენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ სროლა თუ იქნებოდა, დაცვა ყოფილიყო, მე რომ არ მომხვედროდა", - განაცხადა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"