"რუსეთი ცდილობს სრულად წაშალოს ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება" - კვირის პალიტრა

"რუსეთი ცდილობს სრულად წაშალოს ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება"

"20 წლის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. 20 წლის შემდეგ მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ საქართველო წელს ჩაიბარებს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას.

"20 წლის წინ - 1999 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ აქ ამ შესანიშნავ ქალაქში - სტრასბურგში, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მკაფიოდ მახსოვს ეს ფრაზა და დღეს - 20 წლის შემდეგ - მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ, ევროპელი!" იმ ისტორიული დღიდან 20 წელია გასული და სიმბოლურია, რომ წელს ჩვენ ჩავიბარებთ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას; იმ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, რომელიც ჩვენი გზის მთავარი მხარდამჭერია და ახლა ჩვენი ჯერია მივიღოთ ევროსაბჭოს "ჩირაღდანი" და მომდევნო თაობებს გადავცეთ," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ოკუპაციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მძიმე ჰუმანიტარული, სოციო-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მაჩვენებელმა 5-6-ჯერ იკლო ოკუპაციის დღიდან.

"ყველა წინსვლის მიუხედავად ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ვიმყოფებით ადამიანის უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების წინაშე. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია; ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. 300 ათას იძულებით ადგილნაცვალ პირზე მეტი ვერ ბრუნდება სახლში და ყოველ დღე განვიცდით მავთულხლართების, ოკუპირებული ტერიტორიების დეპოპულაციის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ზოგადი მდგომარეობის პრობლემას, რაც სხვა არაფერია თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა - ამ ტერმინის ყველა განზომილებით.

ამ რეგიონების გაზრდილი მილიტარიზაცია სრული ტემპით მიმდინარეობს და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მაჩვენებელი. მძიმე ჰუმანიტარული, სოციო-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მაჩვენებელმა 5-6-ჯერ იკლო ოკუპაციის დღიდან.

შედეგად მივიღეთ საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზები. ჯერ ისევ ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეების გატაცებების, წამებისა და მკვლელობის საფრთხის წინაშე. არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ადამიანების გატაცების ბოლო ფაქტებზეც ისაუბრა და საპარლამენტო ასამბლეას "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - ირაკლი კვარაცხელია - უკანონოდ იქნა დაკავებული. ბუნდოვან გარემოებებში მისი გარდაცვალების მიზეზები კვლავ გაურკვეველია. ერთი რამ ნათელია: საქართველოს მოქალაქე უკანონოდ იქნა დაკავებული უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ აგებულ სამხედრო ბაზაზე. აქვე მსურს მადლობა გადავუხადო საპარლამენტო ასამბლეას "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" მხარდაჭერისთვის. ყველანი უნდა დავირაზმოთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების წინააღმდეგ, რათა არასოდეს შევურიგდეთ სამართლის უზენაესობის მიზანმიმართულ უგულებელყოფას!", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან აფხაზებსა და ოსებს მიმართა. ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის გადაჭრის მხოლოდ მშვიდობიანი გადაჭრის იმედი აქვს. ამასთან, მამუკა ბახტაძის თქმით, ერთობლივი წარმატება მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც იძულებით ადგილნაცვალი პირები შეძლებენ სახლებში დაბრუნებას.

"კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გადაჭრის გვწამს. ეს არის ერთადერთი პოზიცია, რომელიც კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით გაგვაჩნია. ერთობლივი წარმატება მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც იძულებით ადგილნაცვალი პირები შეძლებენ სახლებში დაბრუნებას, ხალხთა შორის ხიდები სრულად აღდგება, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უზრუნველყოფილი იქნება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. დღეს ამ სცენიდან მინდა ვუთხრა ჩვენს ოს და აფხაზ მოქალაქეებს - ყველა ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა! ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება - თქვენთან ერთად მოიაზრება - მშვიდობითა და კეთილდღეობით გაერთიანებულ საქართველოში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს საქართველოს მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს უგულებელყოფს.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" შესახებაც ისაუბრა.

"რუსეთის ფედერაცია ცდილობს ჩვენს მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს და ყველა ჩვენი ძალისხმევა დაბლოკოს. ეთნიკური დისკრიმინაციის გზით ისინი ცდილობენ სრულად წაშალონ ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება. ამას არასოდეს დავუშვებთ!

ჩვენმა მთავრობამ ახლახან შეიმუშავა ახალი, სრულყოფილი და ყოვლისმომცველი სამშვიდობო ინიციატივა სახელწოდებით "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". ამ ინიციატივით ვცდილობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობა უზრუნველვყოთ წვდომით ჯანდაცვისა და განათლების გამართულ სერვისებზე, რათა მათ მიკრო და მცირე სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობები გაუჩნდეთ, ოჯახები გამოკვებონ და მათი ფიზიკური გადარჩენა უზრუნველვყოთ.

რუსეთის ფედერაცია გამუდმებით უგულებელყოფს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს და სამხედრო ქვედანაყოფები არ გაჰყავს ჩვენი ტერიტორიებიდან," - განაცხადა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით