"ეს ის ბიჭია ჯოხს რუსულ ტანკს რომ ურტყამს, უკან დაიხიეთო!.." - კვირის პალიტრა

"ეს ის ბიჭია ჯოხს რუსულ ტანკს რომ ურტყამს, უკან დაიხიეთო!.."

არქივი, 2019 წლის 10 აპრილი

რეჟისორმა და მხატვარმა მაია კიკაბიძემ სოციალურ ქსელში 9 აპრილის ერთი ისტორია გაიხსენა, რომელიც ირაკლი (შმაგი) დოლიძეს უკავშირდებადა:

"ერთი ბიჭი იყო, ირაკლი (შმაგი) დოლიძე, როდის გავიცანი და როგორ არ მახსოვს 13 წლის ვიყავი დაახლოებით, ერთ უბანში ვცხოვრობდით, მაჩაბლის ქუჩაზე ცხოვრობდა ჩემზე უფროსი იყო ერთი წლით და ჩემი ლამაზი კლასელი უყვარდა. შმაგი იყო ძალიან უცნაური და განსხვავებული სახელიც შმაგი დაირქვა ასე დამიძახეთო, მხიარული, ხმამაღალი იმ ეპოქისთვის ძალიან თავისუფალი იყო, უცბად საიდან სად გაჩნდებოდა ხოლმე, მეორე სართულიდან ხტებოდა...

მთასვლელობა უნდოდა, ერთხელ ვიღაცამ ბათინკები აჩუქა დიდი ბრაგუნა ბათინკები და ზაფხული იყო იმით დადიოდა მთაში მივდივარო, მე და ჩემს კლასელს სულ დაგვყვებოდა აქეთ იქით უბანში, რაღაცეებს გვიყვებოდა ხელგაშლილი ემოციურად აჟიტირებული ხასიათით და იპრანჭებოდა, ერთხელ დამიძახა და ხელი გავიჭერიო მითხრა, მუშტი შეკრული ქონდა, გაშალა და ვხედავ ხელის გული გაჭრილი ჰქონდა ნემსით და ძაფით ამოუკერია, უნდოდა ეს ვაჟკაცობა მომეყოლა ჩემი მეგობრისთვის.

ყოველ დღე მხვდებოდა თითქმის, უბანში ხან თავის ქუჩაზე ხან "ბირჟასთან" სულ სოლოლაკში და ამდროს ყველგან იყო. თავისუფლება ცხოვრობდა მასში, უშუალო ადამიანი პატარასთან და უფროსთან ერთნაირად მეგობრობდა და ყველას უყვარდა, მასზე არასოდეს გამიგონია რამე უარყოფითი. ყველა იცნობდა, თბილისი იცნობდა. ერთ დღეს სახლში მივედი და დედაჩემმა ძალიან ცუდი ამბავი მოხდაო მითხრა . . .

რამ გამახსენა შმაგი. . . გუშინ ტვ-ში ფიქრია ჩიხრაძე იგონებდა 9 აპრილს. არასოდეს არავის უხსენებია და მან ახსენა - იყო ერთი პატარა ბიჭი შმაგი დოლიძეო, აი, ისო პატრიარქი ვინც გაიყვანა და აეფარაო კადრშიც ჩანსო, მიკროფონიც უჭირავს, ეს ის ბიჭიაო ჯოხს რუსულ ტანკს რომ ურტყამს უკან დაიხიეთო, კადრებშიც ჩანსო . . . გული გამიჩერდა. 9 აპრილს გადარჩა, ისეთი იყო, რომ იქიდან ბევრს გამოიყვანდა და გადაარჩენდა. ერთი წელი არც იყო გასული 9 აპრილის შემდეგ, რუსთაველზე იდგა, ტაქსის აჩერებდა და მანქანა დაეჯახა. იყო ასეთი ადამიანი კარგი და საამაყო შმაგი".

შმაგი დოლიძე სრულიად ახალგაზრდა 1989 წლის 5 ოქტომბერს, მერაბ კოსტავას სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა...

იხილეთ ასვე: "არასდროს მქონია განცდა, რომ გოგონა ფოტოზე მე ვარ და ის მე მეკუთვნის" - ინტერვიუ ქვეყნის სიმბოლოდ ქცეულ გოგონასთან წლების შემდეგ