"ტაქსის მძღოლებს ავტომანქანებზე თეთრი ფირის უფასოდ გადაკვრის შემთხვევაშიც, მანქანებზე კომპანია "ალმას“ რეკლამების განთავსება მოუწევთ" - კვირის პალიტრა

"ტაქსის მძღოლებს ავტომანქანებზე თეთრი ფირის უფასოდ გადაკვრის შემთხვევაშიც, მანქანებზე კომპანია "ალმას“ რეკლამების განთავსება მოუწევთ"

მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ტაქსის მძღოლებს დღეიდან აქვთ შესაძლებლობა, თუ ავტომანქანის გადაღებვა არ სურთ, თეთრი ფირი გადააკრან, ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან გადასახადების გარეშე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ავტომანქანაზე თეთრ ფირს ის სარეკლამო კომპანია გადააკრავს, რომელთანაც მერიამ გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემაზე ხელშეკრულება გააფორმა.

"როდესაც ამ რეფორმაზე დავიწყეთ მუშაობა, ვითვალისწინებდით არსებულ სოციალურ მდგომარეობას, შესაბამისად, გადაღებვის თანხები რომ არ დააწვეთ ტაქსის მძღოლებს, ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღეთ და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ განახორციელოს გადაღებვითი სამუშაოები. აქ ტაქსის მძღოლებს არცერთი თეთრი არ უჯდებათ ავტომობილების გადაღებვა. თუმცა, მათ გამოთქვეს აზრი, რომ გადაღებილი ავტომობილი ისეთ ფასში ვერ გაყიდონ წლების შემდეგ, როგორც მათ სურთ. ერთ-ერთი მოთხოვნა ამ საინიციატივო ჯგუფის იყო, რომ ეს პრობლემა როგორმე მოგვარებულიყო. აქაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ტაქსის მძღოლებს დღეიდან აქვთ შესაძლებლობა, თუ გადაღებვა არ სურთ, თეთრი ფირი გადააკრან ავტომანქანას. ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან გადასახადების გარეშე. მათთვის იქნება უფასო საპარკინგე ადგილები დედაქალაქში გამოყოფილი, ასევე საშემოსავლოსგან იქნებიან გათავისუფლებული.

ტაქსის მძღოლებს მანქანებზე მერიის მიერ შერჩეული კომპანიის სარეკლამო ბანერების 2 წლის განმავლობაში განთავსება იმ შემთხვევაშიც მოუწევთ, თუ ავტომანქანების გადაღებვაზე უარს იტყვიან და თეთრი ფერის ფირის გადაკვრას დათანხმდებიან.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

"ფირის გადაკვრის შემთხვევაშიც, ავტომანქანაზე რეკლამას კომპანია "ალმა" განათავსებს 2 წლის ვადით, ან შესაძლოა, უფრო ნაკლებით და მიიღებს შემოსავალს, ორი წლის შემდეგ კი, ეს სარეკლამო ადგილები მძღოლების საკუთრება იქნება. თუმცა, საინიციატივო ჯგუფი ეთანხმება ამ რეფორმის განხორციელებას. ეს მათი აზრითაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ითხოვენ ეტაპობრივად ამის განხორციელებას. მე კიდევ მაქვს პარასკევს შეხვედრა და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი. ჩვენ მივაწოდეთ ფირის გადაკვრასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაც ძალიან მოეწონათ და გახარებულები არიან", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ტაქსის მძღოლების ნაწილის აქციას, როგორც კალაძე აცხადებს, ამას პოლიტიკური მოტივები აქვა.

"უნდათ, რომ ტაქსის მძღოლები გამოიყენონ. ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია გვაქვს მათთან და მივაწოდეთ ინფორმაციები. ეს მათთვის, ისევე, როგორც მოსახლეობისთვისაც საინტერესოა. ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ? - ვუყურებთ მომავალს. ზოგადად ტაქსი ქალაქის სახეა და ეს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქალაქებშია", - აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამ დროიდან დედაქალაქში მოძრავი ტაქსები თეთრი ფერის უნდა იყოს. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მერიის მხრიდან გადაეცემათ უფასო საპარკინგე ადგილები, მანათობელი ნიშნები, ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები რეკლამის სანაცვლოდ, შემოსავლის წყარო უფასო რეკლამის სახით, ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისაგან.

"ინტერპრესნიუსი"