რატომ ითხოვს პრემიერთან შეხვედრას მესტიაში სპეცოპერაციისას მოკლული ომეხ აფრასიძის დედა - კვირის პალიტრა

რატომ ითხოვს პრემიერთან შეხვედრას მესტიაში სპეცოპერაციისას მოკლული ომეხ აფრასიძის დედა

2004 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის მეუღლემ და ომეხ აფრასიძის დედამ დოდო აფრასიძემ ადვოკატთან და შვილიშვილთან ერთად აფრასიძეების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პრემიერის სახელზე განცხადება შეიტანა.

დოდო აფრასიძის თქმით, გამოძიება 7 წელია მიმდინარეობს, თუმცა დამნაშავე ამ დრომდე არ არის დასჯილი, სწორედ ამიტომ იგი აპირებს შეხვდეს პრემიერ-მინისტრს და პირადად სთხოვოს აღნიშნული საქმით დაინტერესება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებას აპირებს.

"მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, მინდა მასთან შეხვედრა, რადგან სხვანაირად არაფერი გამომივიდა. 7 წელია მიმდინარეობს გამოძიება, დაზარალებულად გვცნეს, თუმცა დამნაშავე არ არის გამოვლენილი. დაველოდები დღის განმავლობაში რა პასუხს გამცემენ ჩემი განცხადების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გავხდები დავიწყო შიმშილობა", -განაცხადა დოდო აფრასიძემ.

2004 წლის 24 მარტს, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების თანამშრომლების მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა. სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. მოკლულის კიდევ ორი შვილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს და 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.

"ინტერპრესნიუსი"