"ვისაც მიაჩნია, რომ "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის მორალური ზღვარი წაიშალა, შემოგვიერთდით" - კვირის პალიტრა

"ვისაც მიაჩნია, რომ "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის მორალური ზღვარი წაიშალა, შემოგვიერთდით"

13 აპრილს, მოძრაობა "დაიცავი საქართველო" ფილარმონიაში შეხვედრას მართავს. მისი ლიდერი, პოეტი დავით მაღრაძე საზოგადოებას მიმართავს და "თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში" გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მაღრაძე 13 აპრილს, 14:00 საათზე, ფილარმონიის დარბაზში იწვევს ყველას, "ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამშობლოს ბედი, ვისთვისაც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლა ძალაუფლებისთვის სასტიკად მიუღებელია".

"მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისაგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისაგან, შემოგვიერთდით 13 აპრილს, 14:00 საათზე, ფილარმონიაში, "დაიცავი საქართველოს" საგანგებო შეკრებაზე. მათ, ვისაც მიაჩნია, რომ "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი, შემოგვიერთდით 13 აპრილს, 14:00 საათზე, ფილარმონიაში! შემოგვიერთდით, ვინც განსაცდელში ინარჩუნენდით ღირსებას და მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ! "ნაციონალური მოძრაობა" წარსულს უარყოფს, "ოცნებამ" კი, მომავალი უარყო", - განაცხადა მაღრაძემ მოძრაობის საორგანიზაციო შეკრებაზე.

"ქართული ოცნება" იგივე საყრდენებს დაეყრდნო, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ეყრდნობოდა - მინდა ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებას ჩამოსცილდეს ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს, - ეს კი დავით მაღრაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. მაღრაძის თქმით, მას აქვს სურვილი, რომ "ხვალიდენლი დღე დაიცვას და გაათავისუფლოს დაპირისპირებისგან, რომელიც ყოველგვარი შინაარსისგან ჩამოიცალა".

"ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობას" საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მოუგო. ეს არის ფაქტი. ნდობა ხომ არ გექნება პარტიის, რომელიც არჩევნებს ვერ იგებს და რომც მოიგოს, გამარჯვების სიხარული მე რატომ უნდა გავიზიარო, ესეც აღარ ვიცი - ამიტომ ერთი ძალაუფლებიდან უნდა წავიდეს და მეორე - ვერ მობრუნდეს. ეს არის ეროვნული ამოცანა", - განაცხადა დავით მაღრაძემ.

იხილეთ ასევე: "თუ არ ახსოვს შევახსენებ..." - რას ახსენებს დავით მაღრაძე ბიძინა ივანიშვილს