"ეშმაკის მათრახი" არავის ინდობდა
"სიმწვავით "ეშმაკის მათრახს" თანამედროვე მედია ვერ შეედრება. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ახერხებდნენ, რომ კრიტიკა არ ყოფილიყო სიძულვილით სავსე. არ გასცილებიან იმ ზღვარს, რომელიც შეურაცხყოფაზე გადის"
"თაგუნა" და "ეშმაკი", - ასე ერქვა იმ ორს, რომელთაც საუკუნის წინ ქართულ ჟურნალისტიკაში ახალი ეპოქა დაიწყეს: კარიკატურული ჟურნალისტიკის ეპოქა და "თაგუნასა" და "ეშმაკის" მედიაეტალონი 13 წლის განმავლობაში, 1908-დან 1921 წლამდე, არ ჩამოსულა მედიაკვარცხლბეკიდან. საზოგადოებამ ამ ორის ვინაობა, რომელთაგან ერთი შალვა შარაშიძე გახლდათ, მეორე კი ნესტორ კალანდაძე, გვიან გაიგო, თუმცა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა: "ეშმაკის მათრახი" ხალხს გულს ფხანდა, თვით მთავრობის სხდომაზეც შედიოდა და მსხვერპლს ჩასაფრებული ელოდებოდა. ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძე ქართული კარიკატურის ასწლოვან ისტორიას სწავლობს:
- სიმწვავით "ეშმაკის მათრახს" თანამედროვე მედია ვერ შეედრება. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ახერხებდნენ, რომ კრიტიკა არ ყოფილიყო სიძულვილით სავსე. არ გასცილებიან იმ ზღვარს, რომელიც შეურაცხყოფაზე გადის.
1917 წლის შემდეგ საქართველო თავისუფლების მექად იქცა. რუსულმა ბოლშევიკურმა რევოლუციამ მოაზროვნე ხალხი საქართველოსკენ გამოაქცია, მათ კი ევროპელები მოჰყვნენ. გოლოვინზე, ახლანდელ რუსთაველის პროსპექტზე, კაფეები სავსე იყო თავისუფლად მოაზროვნე ხალხით, კაფე "ქიმერიონიდან" კი მანიფესტებსაც გზავნიდნენ ევროპაში. სხვათა შორის, ამ პერიოდის ამსახველი კარიკატურაც არსებობს, სადაც საქართველო კოშკით არის გამოხატული, რომლისკენაც უამრავი უცხოელი გამორბის; კოშკზე ქართული დროშა ფრიალებს, ქონგურზე აწერია "ნაცემართა თავშესაფარი", იქვე კი მშვენიერი ტექსტია: "ძველად ამბობდნენ, ყველა გზა რომში მიდისო, ახლა ეს ანდაზა უნდა შეიცვალოს, რადგანაც დღეს ყველა გზა საქართველოში მოდის".
- საქართველო დღესაც ბევრი უცხოელის თავშესაფარია. - ეს დამოუკიდებლობის თანმხლებია. თუმცა არა მხოლოდ ჩამოდიოდნენ, ევროპაშიც იყო უამრავი ქართველი სასწავლებლად წასული. მაშინ ფოსტა საათივით მუშაობდა და "ეშმაკის მათრახის" რედაქცია პარიზში გზავნიდა ჟურნალის ნომრებს, ქართველი სტუდენტები კითხულობდნენ და უკან სიტუაციის ამსახველ კარიკატურებს გზავნიდნენ. "ეშმაკის მათრახისთვის" ხატავდნენ დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი...
ამ თანამშრომლობის სიმბოლოდ ნესტორ კალანდაძის ლექსიც არის შემორჩენილი, რომელსაც პარიზში შალვა ქიქოძეს სწერს: "ძმაო შალვა, წერილს გიწერ, თბილისიდან პარიზს შენა/, თქვენმა ტურფა დანახატმა მათრახეთი დაამშვენა,/ მაგრამ მაინც ძველებურად რომ არ იყო პარიზს უქმად/, გეგზავნება ამ წერილთან მსუქანი და კარგი ლუკმა/. ეს აკაკი ჩხენკელია/, შენგნით მრავალგანაწამი და კვლავ მასზე სავარჯიშოდ/, შენ გიდგება ძმაო, ჟამი"...
- ანუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო მინისტრსაც ხშირად აფრთხობდნენ კარიკატურებით? - არა მხოლოდ მინისტრს. კარიკატურისტები დამფუძნებელი კრების სხდომაზე შედიოდნენ და საკბილოს მოლოდინში იყვნენ ჩასაფრებული. არსებობს კარიკატურა, სადაც ნოე ჟორდანიას სხდომაზე თვალები აქვს დახუჭული, ჩხენკელი კი მუშტებით საუბრობს.
- ანუ სძინავს... ნაცნობი თემაა. - პირველ საარჩევნო კამპანიაზე უამრავი კარიკატურა შეიქმნა. დამოუკიდებელი საქართველოს დროს არჩევნები მხოლოდ ერთხელ, 1919 წელს მოესწრო და მიუხედავად იმისა, რომ მართლაც სანიმუშოდ დემოკრატიული არჩევნები იყო (ქალებიც კი აირჩიეს მთავრობაში!), კარიკატურამაც, ასე ვთქვათ, ზრდილობის ზღვარი გადალახა. მათ შორის თვით შალვა ქიქოძემაც, რომელმაც ძალიან კარგი საარჩევნო კარიკატურა დახატა. თავად სოციალ-დემოკრატებს უჭერდა მხარს, ეროვნულ-დემოკრატების მხარდამჭერები კი პრიმიტიულად მოაზროვნეებად მიაჩნდა და ამიტომაც ყველა ღამის ქოთნებზე წამოსკუპული გამოსახა, ვითომ ჩვილ ბავშვებზე მეტი ჭკუა არ გაგაჩნიათო!
- პოლიტიკოსების გარდა, სხვა რომელი კარიკატურები იყო აქტუალური? - სოციალური. ქუთაისიდან კარიკატურებს გზავნიდა მხატვარი, რომლის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. მის კარიკატურებს რომ დახედოთ, გეგონებათ, დღევანდელ ქუთაისში ხართ, სადაც ისევეა წყლისა და უგზოობის პრობლემა, როგორც 100 წლის წინ იყო. ამ კარიკატურებს არანაკლებ სახალისო ტექსტები ახლავს: "...თქვენ ხომ გაგიგონიათ, რა ძნელია საცრით წყლის მიტანა, ისე ძნელია ურმებით ცურაობა, ქუთაისის ქუჩებში კი ამასაც ახერხებენ".
- ყველაზე აქტუალური თემა მაინც რომელი იყო?
- დამოუკიდებლობის და კარიკატურების მთელი სერიაც არის შექმნილი: ახალშობილი საქართველოდან, თეთრი დათვის ჩათვლით, რომელიც საქართველოს ემუქრება. რეალურად ეს დათვიც მალე მოვიდა და ყველაფერი გადათელა: დაიხურა ჟურნალი "ეშმაკის მათრახიც" და კარიკატურისტებს ხელი ააღებინა ხატვაზე. მაგალითად, მიხეილ ჭიაურელმა, რომელიც უნიჭიერესი კარიკატურისტიც იყო, თავისი ნახატები დაწვა.
სამაგიეროდ, მოვიდა საბჭოთა კარიკატურა, რომელიც უკვე სხვა სახის შეტევაზე გადავიდა, უპირველესად კი ემიგრაციაში წასული საქართველოს მთავრობის გაქილიკებაზე. გამოიცა ბოლშევიკების კარიკატურული ჟურნალი "ნიანგი", რომელმაც პირველივე ნომერში უცხოეთში გართობას გადაყოლილი საქართველოს მთავრობა დახატა და ხალხს უთხრა, აი, რა უსაქმურებს მისტირითო, თანაც კარიკატურას ასეთი წარწერა გაუკეთა: "აქეთ ჟორდანია უკრავს დიპლიპიტოზე, იქით კარლო ჩხაიძე კინტაურს უვლის, რამიშვილი ჩონგურს არითრითებს, წერეთელი - თარს, ბენია ჩხიკვიშვილი, - სტვირს, ზემოდან კი მზე-ჩხენკელი და მთვარე-გეგეჭკორი დასცქერიან".
- არსებობს ისეთი კარიკატურები, რომლებიც საბჭოთა მთავრობას აშარჟებდა? - ასეთი კარიკატურები საბჭოეთის ნგრევის წინა პერიოდში გამოჩნდა. მაგალითად, სამეგრელოს გლეხობის კარიკატურა, რომლებიც ცხენის ქურდს კომუნისტების ბიუროში ეძებს, მანდ ყველა მასეთიაო. კარიკატურულმა ჟურნალისტიკამ კომუნისტური ნგრევის სუნი გაცილებით ადრე იგრძნო, ვიდრე სხვა სფეროებმა, და გამოხატვაც უფრო ადრე გაბედა, რადგან ხუმარას არ ერჩიან. ნგრევა ხომ ხშირად სწორედ ხუმრობით იწყება.