"პირველი ქორწინება დასრულდა, ახლახან მეორედ გავბედნიერდი"
"ახლახან მეორედ გავბედნიერდი. ჩემი რჩეული, გვანცა ბადურაშვილი, საკრებულოში მუშაობს"
რამდენიმე წუთიც და, ტელეფონებს ჩამოგვართმევენო, მითხრა ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა ჯანო იზორიამ, როდესაც ინტერვიუს ჩაწერას ვიწყებდით. შეიძლება ითქვას, მოვასწარი. საქმე ის არის, რომ რაც ერთ ტელეპროექტში ჩაერთო, მისი ცხოვრების სტილი და რიტმი შეიცვალა. ამ პროექტამდე მის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეც მოხდა - ჯანო და გვანცა ბადურაშვილი დაქორწინდნენ. და კიდევ, ჯანო იზორია კანადაში გამართულ საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა.
- ყველაფერი სკოლის ასაკიდან დაიწყო, ფოთში. სკოლის მერე ფოთის ხელოვნების სასწავლებელში ჩავირიცხე, შემდეგ თბილისში ჩამოვედი და ლეგენდარული რეზო ჩხეიძის ჯგუფში მოვხვდი. როცა ინსტიტუტი დავამთავრე, მაშინ არ იყო ამდენი შესაძლებლობები და, ცოტა არ იყოს, დაბნეული ვიყავი. ასეთ დროს იღბალია მთავარი... ახლახან კანადაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო რომ ავიღე, ეს სიახლე ფოთში გავიგე ღამით, როცა რეპეტიციიდან ვბრუნდებოდი. პირველად ჩემს მეუღლეს ვახარე, მერე სამხატვრო ხელმძღვანელს, რამაზ იოსელიანს, მერე კი გავუყევი სახლისკენ გზას. მინდოდა ახლობლებთან დამერეკა, წავიდეთ სადმე და აღვნიშნოთ-მეთქი, მაგრამ ვერსადაც ვერ წავიყვანდი, თუმცა მოკრძალებულად მაინც აღვნიშნეთ. მინდა, რომ ჩვენი პროფესია დაფასდეს, როგორც საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნებში, ჩვენთანაც იყოს მსახიობებისთვის სანაპირო ან თუნდაც სოფელი. ჩვენი ლეგენდარული მსახიობები ამის ღირსი ნამდვილად არიან.
- ახლა სად საქმიანობთ? - სოხუმის თეატრში ვემზადებით პრემიერისთვის. გოჩა კაპანაძე "მთვარის მოტაცებას" დგამს და მე არზაყანს ვთამაშობ. ფოთის თეატრშიც დაკავებული ვარ. ამწუთას კი "ტვ იმედი" იწყებს პროექტს "ყველაზე ძლიერი", რომლის მონაწილეც ვარ. ექსტრემალურ პირობებში ვიცხოვრებთ.
- "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" მონაწილეობდით და პრიზი - ახალი ბინა გადმოგცეს. - პრიზზე რა გითხრათ, საქვეყნოდ ცნობილი ამბავია, რომ "სვეტის" (კომპანია, რომელიც ამ ბინას აშენებდა) საქმიანობა დროებით შეჩერებულია. ამ კომპანიის იმედად დამასაჩუქრეს ნიანუ და ილიკო სუხიშვილებმა. ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები. როგორც ვიცი, იმ პერიოდში ვერ ბარდება ბინები, რა პერიოდშიც შეგვპირდნენ, თუმცა ამბობენ, იქნებაო.
- ახლახან იქორწინეთ. - სამწუხაროდ, პირველი ქორწინება დასრულდა, თუმცა ნორმალური ურთიერთობით, ახლახან მეორედ გავბედნიერდი. ჩემი რჩეული, გვანცა ბადურაშვილი, საკრებულოში მუშაობს. პირველი ქორწინებიდან მყავს არაჩვეულებრივი ევა-გაბრიელა, რომელიც ჩემი სიცოცხლე და სუნთქვაა.
- აფხაზეთი ჩემთვის ძალიან ახლობელიაო, ამბობთ ხოლმე. - ჰორიზონტს რომ გავხედავ აფხაზეთის მხარეს, ვერ წარმოიდგენთ, რა მემართება. გვანცას ქოთნის ყვავილი აქვს სახლში, რომელიც ახლა აკვირტდა. ზუსტად ასეთი ყვავილები გვქონდა ოტობაიაში. რამდენჯერაც ამ სურნელს შევიგრძნობ, იმდენჯერ მიპყრობს სიამოვნებისა და ტკივილის გრძნობა. გალში დავიბადეთ მეც და ჩემი ძმაც. მამა და დედა აფხაზეთიდან არიან. მამა უკრაინაში თევზის მრეწველობის საკითხებს სწავლობდა, მერე ფოთში მეზღვაური გახდა და იქ დავიდეთ ბინა. ასე დაიწყო ჩვენი ცხოვრება გალსა და ფოთს შორის. დღესასწაულებზე, შობას თუ აღდგომას, ყოველთვის აფხაზეთში გავრბოდით.
მე და ჩემი ძმა 2016 წელს სააღდგომოდ გადავედით ვიზით. მოვინახულეთ საფლავები. მითხრეს, შოუში გიყურებდითო, თურმე გადიოდნენ ისეთ ადგილას, სადაც ტელეფონი იჭერდა და ეს-ემ-ესებს მიგზავნიდნენ.
- რა არის მთავარი ცხოვრებაში? - შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ მთავარია ღირსება. სახელის გარდა, შვილებს არაფერს დავუტოვებთ. დღესაც ბებია-ბაბუის სახელს რომ მიხსენებენ და მათ ღირსებებზე მესაუბრებიან, ეს ყველაზე დიდი მონაპოვარია.