"ეს არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის" - კვირის პალიტრა

"ეს არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის"

ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის, - ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დასკვნას.

დეპუტატის განცხადებით, კომისიის დასკვნაში ასახულია, რომ ნდობა არ არსებობს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ასევე საქართველოს პარლამენტის მიმართ.

მისივე შეფასებით, ხელისუფლება დღეს "ნაციონალური მოძრაობის" გზას მიყვება, რომელიც არ ითვალისწინებდა არც საზოგადოების აზრს და არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უსმენდა.

"ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის. ამაზე უფრო მტკივნეული, ამაზე უფრო მკვეთრი გაკრიტიკება იმ პროექტის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვაკრიტიკებთ სამართლიანად, წარმოუდგენელია. როდესაც ვენეციის კომისია გეუბნება, რომ ისეთი დაბალი ნდობა აქვს საზოგადოებაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ რეკომენდაცია გასცა ამ პარლამენტმა ყველა მოსამართლე ახლა არ აირჩიოს და ახალმა პარლამენტმა აიღოს ეს მანდატი, ეს ნიშნავს, რომ არამარტო საბჭოს, არამედ არც პარლამენტს აქვს ნდობა.

როდესაც არ იზიარებ სასარგებლო რჩევების მომცემთა პოზიციას, არ გესმის ევროპული სტრუქტურების, ასე იქცეოდა ერთი პერიოდი "ნაციონალური მოძრაობა“, რომ არავისი არ ესმოდა და საბოლოოდ დარჩა მარტო და გახდა ქართველი ხალხის აგრესიის და მიუღებლობის მსხვერპლი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.