"კერძები ქართული უყვარდა, სხვას არ ჭამდა. სულ უნდა ჰქონოდა ღომი და საცივი" - რას ჰყვება ბერიას ქართველი მზარეული, რომელმაც მას მასაჟისტი "დააწერა"
"აგარაკზე ზღაპრული ფუფუნება დუღდა. ხშირად მანქანით სტალინის ვაჟი, ვასილი შემოვარდებოდა ხოლმე, ნამდვილი გადარეული იყო, გიჟივით დააქროლებდა მანქანას. ვასილი ბერიას ბიჭის, სერგოს ამხანაგი იყო"
რამდენიმე ხნის წინ ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა ლევან დოლიძემ ბერიასა და სტალინის რაჭველ მზარეულზე, ალექსანდრე რთველაძეზე გვიამბო - მან კულინარიის ფანტასტიკური სამყარო შექმნა და დიდ საბჭოთა დიქტატორებთან ერთად მსოფლიოს კიდევ ორი მბრძანებელი, რუზველტი და ჩერჩილი გააოგნა. ლეგენდად დარჩენილი "კულინარიის მოცარტის" კვალმა კი მოულოდნელად კიდევ ერთ ფანტასტიკურ ამბამდე მიგვიყვანა: ონის რაიონის სოფელ შეუბანში ცხოვრობს ალექსანდრე რთველაძის ძმისშვილი, 86 წლის ჟორა რთველაძე - კაცი, რომელმაც ცნობილი ბიძის დამსახურებით ლავრენტი ბერიას გვერდით 7 წელიწადი გაატარა. და რაც მთავარია, დიდი დიქტატორისთვის საბედისწერო კულისებმიღმა მონაკვეთი გასაოცარი სიცხადით ახსოვს.
- 1945 წლის ადრე შემოდგომაზე ფოსტალიონმა მოსკოვიდან გამოგზავნილი ბიძაჩემის წერილი ამოიტანა სოფელში. მამაჩემს სწერდა, უმცროსი ბიჭი გამატანე, მოსკოვში წავიყვან, საჭმელების კეთებას ვასწავლი და კაცად ვაქცევო. მაშინ დიდი გაჭირვება იყო, მამაჩემი ომიდან ახალდაბრუნებული გახლდათ. არ ვიცი, ბიძაჩემმა მე რატომ ამირჩია, მე ხომ უფროსი და-ძმაც მყავდა; ალბათ, იმიტომ, რომ ჩემს ასაკში ყველაფრის სწავლა საუკეთესოდ შეიძლებოდა. ამ ამბავმა ძალიან გამახარა. ვფიქრობდი, სულ ახალ-ახალ რამეებს ვნახავ-მეთქი. დედამ მეზობლისაგან ფართალი იყიდა, შარვალ-კოსტიუმი შემიკერა, ჩამაცვა და მეზობელს გამაყოლა თბილისში, ბიძაჩემთან. ბიძაჩემის ოჯახი მაშინ ბერიას ნაჩუქარ სახლში ცხოვრობდა დღევანდელ სულხან-საბას ქუჩაზე. მეც ერთი კვირა იქ ველოდე ბიძაჩემს, მერე ისიც ჩამოვიდა მოსკოვიდან, ჩამსვა თვითმფრინავში და წამიყვანა.
- 11 წლის სოფლელ ბიჭს თვითმფრინავის არ შეგეშინდათ? - შიშით არა, მაგრამ მოსკოვში, ბერიას სახლში რომ მივედი, იქ გამიჭირდა. პირველ სართულზე გვქონდა მე და ბიძაჩემს პატარა ოთახი. რომ გამომეღვიძებოდა და დავინახავდი, სახლში არ ვიყავი, ცრემლი მომადგებოდა ხოლმე თვალზე. უფრო დედა მენატრებოდა. მაგრამ ყველაფერს მალე მივეჩვიე, სამ თვეში, ჩვენებურად რომ იტყვიან, რუსულ სიტყვებს ვჯიგჯიგებდი და იყო ერთი სიცილ-ხარხარი ბერიას დაცვაში. სამაგიეროდ, სულ მალე რუსული ისე ვისწავლე, ბიძაჩემიც უკან ჩამოვიტოვე. კერძების კეთებაშიც ასე ვიყავი: ბიძაჩემი სულ მისხლობით მაჩვენებდა, რა რანაირად შემეკაზმა, თანაც ეს საქმე სისხლში მქონდა. რუსებისთვის რაც უნდა გესწავლებინა, სულ ტყუილი იყო, ვერაფერს სწავლობდნენ. ბიძაჩემიც სულ ჩიოდა კრემლის სამზარეულოდან რომ დაბრუნდებოდა, ამ რუსებს ვერაფერი გავაგებინეო! ბერიას სამზარეულო აგარაკზეც და მოსკოვშიც პირველ სართულზე ჰქონდა. სამზარეულოს გვერდით უზარმაზარი სასადილო დარბაზი იყო.
- დაცვა ბერიას სახლშივე ცხოვრობდა? - ბერიას მოსკოვის ცენტრშიც და აგარაკზეც სამსართულიანი ალაყაფიანი სახლები ედგა. პირადი დაცვისთვის ორივეგან ცალკე შენობა ჰქონდა. მარტო დაცვაში 60 კაცი ჰყავდა, აგარაკის ჩათვლით კი, ალბათ, 300 კაცი მაინც ემსახურებოდა. მის გვერდით გამუდმებით ორი კაცს ვხედავდი: რაფაელ სარქისოვს და ბერიას პირადი დაცვის უფროს სარდიონ ნადარაიას. ორივე მგელივით იყო, განსაკუთრებით, სარქისოვი. არ მახსოვს, გვერდიდან მოსცილებოდეს, სუფრასთანაც მის გვერდით იჯდა. თავად ბერიას სულ არ ჰქონდა მრისხანე გამომეტყველება, ხუმრობა უყვარდა.
სამზარეულოში რომ შემოდიოდა, ხან რაზე გაიხუმრებდა, ხან რაზე. ერთხელ მხიარულად ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მერე ბიძაჩემს დაუძახა რაჭულად, არსენიჩ, ე ბიჭუნა რო ჩამოიყვანე, მიწას არ იყო აცილებული, ახლა კიდე შენ გაგასწროო!
- ბერია თუ ხუმარა იყო, წარმოდგენაც ძნელია. - ჩემთვის არ ყოფილა სასტიკი, პირიქით, ძალიან შინაურული იყო და სამზარეულოშიც ხშირად ჩამოდიოდა.
კერძები ქართული უყვარდა, სხვას არ ჭამდა. სულ უნდა ჰქონოდა ღომი და საცივი. ხორციც უყვარდა, ოღონდ ყველაფერი ძალიან ცხარე უნდა ყოფილიყო. ხომ თავისთავად ვკაზმავდით კერძებს წიწაკით, მაგრამ ბერია არ სჯერდებოდა, ჩამოვიდოდა სამზარეულოში და მაშინვე როდინისკენ გაიხედავდა, ჩაყრიდა შიგ ბლომად ნიორსა და წიწაკას და ჩანაყავდა. ეს იყო მისი საკუთარი სანელებელი.
ღომისთვის ყველი და სულგუნი აგარაკზე თავად ამოგვყავდა. როდესაც ყველა კერძის გაკეთება შევისწავლე, ბერიას აგარაკზე გადამიყვანეს. მის გვერდით სერგო ორჯონიკიძის აგარაკი იყო, რომელსაც არავინ ეკარებოდა, სერგო უკვე ცოცხალი აღარ იყო. მოსამსახურეები ამბობდნენ, მაგან რუსებს სოჭი აჩუქა, აზერბაიჯანელებს კი საინგილო, სტალინმა დაიბარა და თავი მოაკვლევინაო.
აგარაკზე ბერიას დიდი მეურნეობა ჰქონდა, ბელგიური ძროხები, ღორები და ქათმები ჰყავდა, აუზიც კი ჰქონდა კალმახებისთვის. ბერია პროდუქტს როგორ ვერ იშოვიდა, მაგრამ ერჩივნა საკუთარი მეურნეობა ჰქონოდა, და საკუთარი ცხენებიც, - ორი თეთრი რაში ჰყავდა, ზღაპრებში რომ წამიკითხავს ისეთი. მახსოვს, რამდენჯერმე შევჯექი და ჩემზე ბედნიერი კაცი აღარ არსებობდა დედამიწაზე!
აგარაკზე ზღაპრული ფუფუნება დუღდა. ხშირად მანქანით სტალინის ვაჟი, ვასილი შემოვარდებოდა ხოლმე, ნამდვილი გადარეული იყო, გიჟივით დააქროლებდა მანქანას. ვასილი ბერიას ბიჭის, სერგოს ამხანაგი იყო. ბერიას ცოლ-შვილი აგარაკზე ჰყავდა გამწესებული. ნინო, ბერიას ცოლი, ჩვეულებრივი ქართველი ოჯახის ქალი იყო. მასაც ჩვენსავით პირველ სართულზე ჰქონდა ოთახი, თავად ბერიას კი მეორე სართულზე. მესამე სართულზე სავარჯიშო დარბაზები იყო.
- ბერიას ცოლს პირველ სართულზე პატარა ოთახი მიუგდეს, როცა ქმარს მეორე სართულზე სხვა ქალებთან ერთად ეძინა? - როცა იქ ვიყავი, ბერიას ცოლთან არავითარი დამოკიდებულება არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ერთად სხდებოდნენ სუფრასთან. არადა, ნინო ლამაზი ქალი იყო და თანაც, თბილი. არასოდეს დამავიწყდება, 15 წლისა რომ ვიყავი, როგორ წამომიყვანა საქართველოში დედასთან. თავად წყალტუბოში წავიდა დასასვენებლად. ისე გამიშვა რაჭაში საკუთარი მანქანით, დედაჩემმა არაფერი იცოდა. ისე, ბერიას უცხო ქალები აგარაკზე არ მოჰყავდა, იქ მხოლოდ მიმტანი და მასაჟისტი გოგოები ემსახურებოდნენ. ცხადია, "იმისთანები" იყვნენ, რავარიც ბერიას უნდოდა.
- ცნობილია, რომ ბერიასთვის ქალები რაფაელ სარქისოვს მიჰყავდა. არადა, სწორედ სარქისოვმა დასდო ბრალი ნაციონალურ საკითხში: "შეურაცხყოფილი ვიყავი, ბერია მეუბნებოდა, დავით აღმაშენებელი ისეთი მეფე იყო, მთელი სომხები რომ შეგაერთოთ, მისი ფასი მაინც ვერ იქნებითო..." - სარქისოვს ნამდვილად მოჰყავდა ნაირ-ნაირი ქალები... ბერიას საწოლში რუსი დედა-შვილიც მინახავს... ამისთვის ბერიას სახლში ფულიც ბევრი იყო. თავად მინახავს, როგორ აუთოებდა ბერიას დიასახლისი 100-მანეთიანებს, რომელსაც გვერდით ასევე 100-მანეთიანებით სავსე ტომარა ედგა.
დიასახლისი ნინო გეგეჭკორის ნათესავი იყო, გამიღიმა და უთოობა გააგრძელა.
როდესაც ზაფხულში ბერია აგარაკიდან ცოლ-შვილითა და მოსამსახურეებით გაგრაში გაემგზავრა, მხოლოდ მე და ლენინგრადელი მასაჟისტი ქალი დავრჩით. კიდევ ერთადერთი მიმტანიც იყო, რომელიც ხელს გვიწყობდა... აგარაკის საკონტროლოდ დროდადრო მოსკოვიდან ერთი მაიორიც ჩამოდიოდა.
- ანუ რომანტიკული აგარაკი ქალაქგარეთ... ლამაზი გოგო და ბიჭი... სიყვარულს სხვა არც არაფერი უნდა.
- ასე იყო. თუმცა მე თავად ვერაფერს წამოვიწყებდი, რადგან მართლა მეშინოდა, სამაგიეროდ, გოგუნა იყო თამამი. აგარაკთან 50 მეტრში მდინარე მოსკოვი ჩამოდიოდა და მას ხშირად გადავლახავდით ნავით. საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ აგარაკის მეთვალყურე მაიორმა მოახსენა ბიძაჩემს ყველაფერი. ბიძაჩემმაც იმისთანა დღე დამაყარა, მტერს.
- ესე იგი, ისეთი კაციც არსებობდა, რომელმაც თავად ბერიას "დააწერა" ქალი. - ეგ ამბავი ბიძაჩემის რისხვად და მოსკოვში რესტორან "არაგვში" "კვალიფიკაციის ასამაღლებლად" გაგზავნად დამიჯდა. მერე სტალინიც მოკლეს და ბერიას შევიწროებაც დაიწყო.
დახვრეტამდე მას ბევრი მოსამსახურე მოაშორეს. ძალიან მოტყუვდა, რომ სიკვდილის წინ გერმანიაში მყოფი უკან დაბრუნდა. არადა, იოლად არ ტყუვდებოდა. ბერიას ვაჟი, სერგოც აიძულეს, რომ დედის გვარზე გადასულიყო. მისი დახვრეტა არავის აწყობდა, სერგო გეგჭკორი მსოფლიოში ცნობილი ავიაკონსტრუქტორი იყო. და კიდევ, მამისგან განსხვავებით, მას ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა და ქალის ერთგულებაც იცოდა. შინამოსამსახურეებს არაფერი დაემალებათ, ბერიას ყველა მოსამსახურე ამბობდა, სერგოს სტალინის ქალიშვილი სვეტლანა უყვარდა, მაგრამ საქმე ვიღაცამ ჩაუშალაო. ვფიქრობ, სვეტლანასაც ამიტომ აერია გზა.
სერგომ ცოლად მაქსიმ გორკის შვილიშვილი შეირთო, რომელმაც სერგო სამი შვილით მამამისის დახვრეტის დღესვე მიატოვა და ვიღაცას გაეკიდა. გოგონები სერგოს დედამ გაზარდა.
- თქვენ რატომ არ დარჩით რუსეთში? - ციება დამემართა და ექიმებმა მოსკოვის დროებით დატოვება მირჩიეს. თუმცა მერე დაბრუნება შემეძლო. ლენინგრადშიც მეხვეწებოდნენ რესტორანში მუშაობას, მაგრამ არც ამას დავთანხმდი. თბილისის რესტორნებში ვიმუშავე. ბოლოს მაინც რაჭაში წავედი და ისე ვცხოვრობ, როგორც ჩვეულებრივი რაჭველი გლეხი. ზამთარში მე და ჩემი ცოლი უმცროს გოგოს მივყავართ გამოსაზამთრებლად. ის არის ჩემი სიმდიდრე თავისი ლამაზი ბიჭუნეებიანად.
იხილეთ ასევე: "...მაშინ სტალინმა ბერიას გვარი სამუდამოდ დაიმახსოვრა"