10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს, რომელიც ტრეფიკინგშია ბრალდებული, პატიმრობა შეეფარდა - სასამართლო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს, რომელიც ტრეფიკინგშია ბრალდებული, პატიმრობა შეეფარდა - სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ.

სხდომა ბრალდების მხარის მოთხოვნით დახურული იყო, ვინაიდან პროცესზე არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები უნდა გამჟღავნებულიყო.

1982 წელს დაბადებულ უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ედება ბრალად. დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

თბილისის საქალაქო სასამართლო 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალზე განცხადებას ავრცელებს.

"2019 წლის 27 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა არასრულწლოვნებით ვაჭრობის საქმეზე, ბრალდებულ ი.ს-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა. ი. ს.-ს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის ყიდვა-გაყიდვა, აგრეთვე მისი გადაყვანა, გადამალვა, ტრანსპორტირება და შეფარება, ჩადენილი ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ (ათი არასრულწლოვანი), დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით. დახურულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ფაქტობრივი საფუძვლები ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ფორმალური საფუძვლების შეფასების შემდგომ, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და არასრულწლოვნებზე ზემოქმედების საფრთხე. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 20 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება", - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, 4 ბავშვი იულია სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, ხოლო დანარჩენი 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა.

შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"