"პანკისში განვითარებული მოვლენები გახარიას შესაძლოა, "გაუჩალიჩეს"- შსს-ს ხელში ჩაგდება ღარიბაშვილისა და თამაზაშვილის კლანს უნდა" - კვირის პალიტრა

"პანკისში განვითარებული მოვლენები გახარიას შესაძლოა, "გაუჩალიჩეს"- შსს-ს ხელში ჩაგდება ღარიბაშვილისა და თამაზაშვილის კლანს უნდა"

პარტიის "კანონი და სამართალი" დამფუძნებლის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პანკისში განვითარებული მოვლენები შს მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლოა განზრახ მოუწყვეს. თუმცა მისივე თქმით, ამის მიუხედავად, გახარიას მომხდარზე პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება. აღნიშნულის შესახებ ჩარკვიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7ვს1" განაცხადა.

"მე გახარიას უფრო რბილ ძალად მივიჩნევ, ვიდრე იმ ძალას, რომელიც იქ დგას. ეს არის კახური კლანი. უბრალოდ, თუ მოახერხეს და "გაგიჩალიჩეს", მაშინაც პასუხისმგებელი ხარ. თუ გახსოვთ, იყო ასეთი ვერსიაც, რომ მერაბიშვილს გირგვლიანის საქმე ერთმა კლანმა მოუწყო. თუკი მერაბიშვილს ეს გაუკეთეს და ჩვენ მის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, რატომ არ უნდა ვისაუბროთ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე?" - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, კერძო კომპანიის ინტერესების დასაცავად პანკისში სპეცრაზმის ჩაყვანა კითხვებს აჩენს, რადგან, კერძო ბიზნესის გამო, ხელისუფლებას მსგავსი ნაბიჯები სხვა შემთხვევაში არ გადაუდგამს.

თაკო ჩარკვიანის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ჩაგდება "ღარიბაშვილის და თამაზაშვილის კლანს" უნდა.

"წარმოიდგინეთ, რომ რაღაც კერძო სტრუქტურის გამო იქ აიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი. ჩემს მეუღლეს კერძო ბიზნესი აქვს. ვინ დაიცავს და ვინ გამოაძახებინებს მას სპეცრაზმს? სასამართლოში წადი და ის დაგიცავსო, გეტყვიან. კითხვა არ გიჩნდებათ, რატომ იყო ეს კერძო ბიზნესი გამონაკლისი? იმიტომ, რომ დიდი წილებია გადანაწილებული და ეს წილებია საქართველოს წინააღმდეგ რომ ტრიალებს. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილი შემთხვევით არ მოუბრუნებიათ. ახლა უკვე მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ჩაგდება უნდა ღარიბაშვილისა და თამაზაშვილის კლანს," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

"ინტერპრესნიუსი"