"აზერბაიჯანელი­ მესაზღვრე ერთი ფეხით უკვე დგას ჩიჩხიტურის მონასტერში და მეორის უდაბნოს მონასტერში მყარად დადგმას ცდილობს" - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანელი­ მესაზღვრე ერთი ფეხით უკვე დგას ჩიჩხიტურის მონასტერში და მეორის უდაბნოს მონასტერში მყარად დადგმას ცდილობს"

გასულ კვირას დავითგარეჯის მრავალმთის მონასტრებში საქართველო-აზერბაიჯანის ჯერაც დაუმტკიცებელ საზღვარზე დაძაბულობა განიმუხტა. გთავაზობთ ამ საკითხზე მომზადებული სტატიიდან ამონარიდებს, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა.

კირიონი (ონიანი), დავითგარეჯის ლავრის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი: - კიდევ ერთხელ მედიისა და საზოგადოების აქტიურობის შედეგად საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე გარეჯაში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ შექმნილი სამდღიანი შეზღუდვა მოიხსნა. ტურისტებს, მომლოცველებსა და, რაღა თქმა უნდა, სასულიერო პირებს მიმოსვლის საშუალება ძველებურად მიეცათ. თუმცა, მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები მონასტრებთან დამაკავშირებელ ბილიკებზე გაუგებარ გამაგრებით სამუშაოებს კვლავაც ეწევიან. ამიტომაც შეიძლება თამამად ითქვას, რომ მდგომარეობა მხოლოდ დროებით განიმუხტა.

ჩვენმა ინერტულმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ ქართველები გარეჯასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კვლავ მწვავედ რეაგირებენ და თუ აზერბაიჯანული შეზღუდვები უმოკლეს დროში არ მოიხსნებოდა, საზოგადოების პროტესტი მოჰყვებოდა. სანამ საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია არ მოხდება, ეს პრობლემა არ მოგვარდება, რადგან დავითგარეჯაში აზერბაიჯანელების ფსევდომეგობრულ-მეზობლური და "თავაზიანი" გამოხდომა პირველი არ ყოფილა და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი იქნება. ფაქტია, აზერბაიჯანელი მესაზღვრე ერთი ფეხით უკვე დგას ჩიჩხიტურის მონასტერში და მეორის უდაბნოს მონასტერში მყარად დადგმას ცდილობს გარეჯის მრავალმთაში საბოლოოდ წელში გასამართავად.

გასაგებია, რომ აზერბაიჯანი თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ჩვენ რას ვაკეთებთ? ვიცავთ სახელმწიფოებრივ ინტერესს? ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, ერს, რომელსაც ისტორია არა აქვს, მიეცით გარეჯა და დიდებული ისტორია ექნებაო. ეს უმნიშვნელოვანესი რელიგიურ-ისტორიული სივრცეა. აქ არ არის ჩვეულებრივი მონასტრული ცხოვრებისა და ყოფის ადგილი, ეს იყო სახელმწიფოებრივად სტრატეგიული ადგილი და დღემდე ასეთია. თუ ერი ამას ვერ აცნობიერებს, მას ცნობიერების კრიზისი აქვს.

ვრცლად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად