"მეკო კვირიკაშვილს ყველა "აპრავებს" და ეს ტრაგედია უკვე ცირკად გადაიქცა"
"დღეს კატო ჩვენ, ბებია-ბაბუას, დედას და მამას გვეძახის... სულ დედ-მამის მოლოდინშია და ხშირად გვეკითხება მათზე, ვპასუხობთ, რომ შორს არიან წასული და წლების მერე ჩვენც მათთან წავალთ..."
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე მალე ქუთაისის საქალაქო სასამართლო განაჩენს გამოიტანს. მას ბრალად ედება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი კაცის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობს, რასაც დაღუპული გიორგი პაპასკირის ოჯახი არ იზიარებს და სამართლის აღსრულებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპნენ NISSAN TIDA-ში მსხდომი გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და ნუცას მეგობარი ანი ჩხაიძე. BMW X5 -ში მორაგბეები - მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად ისხდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მძიმედ დაშავებული კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც გარდაიცვალა.
"კვირის პალიტრა" გიორგი პაპასკირის მამას, მალხაზ პაპასკირს ესაუბრა. ის მიზეზთა გამო სასამართლო პროცესებს აღარ ესწრება.
"ყველა მოწმემ ჩვენება შეცვალა"
- განვითარებულმა მოვლენებმა სახტად დამტოვა - საქმე ისე შეკერეს, აზრი აღარაფერს აქვს. კვირიკაშვილი და მისი ადვოკატი ცდილობენ გააბათილონ პროკურატურის არგუმენტები, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს - ექსპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებებსა და მოწმეთა ჩვენებებს ემყარება. თავის დროზე, პატრულის თანამშრომელმა მითხრა, ის თეთრი მანქანა, რომელსაც თითქოს მეკომ აუქცია გვერდი და ამის მერე დაეჯახა გიორგის "ნისანს", არ არსებობსო. ეს მანქანა გამოგონილია, კაციშვილს არ უნახავს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ პირდაპირ თქვა, თუ ეს მანქანა მართლაც არ არსებობს, მეკო დამნაშავეაო. ახლა მოწმეებმა გადათქვეს ყველაფერი, ერთ-ერთმა თურმე თვეების შემდეგ "გაიხსენა", რომ კვირიკაშვილი მის წინ 90-100 კმ/სთ სიჩქარით მიქროდა, როცა გამოძიებისთვის უცნობი ავტომანქანა გამოუხტა. მასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად კვირიკაშვილმა საჭე მკვეთრად მარჯვნივ შეატრიალა, რის გამოც მისი მანქანა მოცურდა და უმართავი გახდაო. ჩემმა მოწმემაც კი, რომელმაც პირველ ჩვენებაში ჩემ თვალწინ დაწერა, BMW-მ ისეთი სიჩქარით ჩაგვიქროლა, ბავშვებს შეეშინდათო, ჩვენება გადათქვა. ისიც ვიფიქრე, მოწმეები დამუშავებული ან დაშინებული ხომ არა ჰყავთ-მეთქი, აბა, როგორ შეიძლება ყველამ ერთნაირად შეცვალოს და გადათქვას ჩვენება?! ფაქტია, კვირიკაშვილი წესების უხეში დარღვევითა და გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, რაც არა მხოლოდ სამხარაულის ბიუროს თავდაპირველი დასკვნით დასტურდება, არამედ მოწმეთა ჩვენებებითაც. მეკოს მეგობრები რომ იტყუებიან, ადამიანურად მესმის, არ უნდათ ამ ბიჭის დაღუპვა, მაგრამ მორალური კუთხით თუ შევხედავთ, როცა ასე ურცხვად იტყუებიან, ღვთის არ ეშინიათ? კიტრის ქურდობაზე ხომ არ მიდის დავა, ოთხი ოჯახი განადგურდა, უდედმამოდ დარჩენილ ჩემს პატარა კატოს შემდგომში რა პრობლემები ექნება, ესეც საკითხავია. საქმეში ბევრი კითხვაა და მათ პასუხი უნდა გაეცეს!
"ექსპერტიზის ბიუროში მითხრეს, მეკოს ბედი შენს ხელშიაო"
- პირველად ის შევიტყვე, თითქოს მეკო კვირიკაშვილის ცოლი მართავდა საჭეს, რამაც დამაეჭვა, ვინაიდან ამ ავარიაში შედარებით უსაფრთხო სწორედ მძღოლის ადგილი იყო. დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმის წარმოდგენას, თუ რა სიჩქარით მიდიოდა BMW X-5 მარკის ჯიპი, რომ მისი ძრავა მასზე 4-ჯერ მსუბუქ NISSAN TIDA-სთან შეჯახების ადგილიდან 20-25 მეტრის მოშორებით გადავარდნილიყო. რამდენიმე ექსპერტიზა ჩატარდა. სამხარაულის ბიუროს პირველი დასკვნით მეკოს ბრალეულობა გამოიკვეთა და ის დამნაშავედ ცნეს. ბიუროში მითხრეს, მერაბ კვირიკაშვილი 100%-იანი დამნაშავეა და ამ კაცის ბედი შენს ხელშიაო. პირველი ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა, რომ კვირიკაშვილი გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა. ტელევიზიით ბევრმა ნახა (მაშინ ყველა ტელევიზიის კამერამ გადაიღო), რომ ავარიის მომენტში მეკოს მანქანის სპიდომეტრი 183 კმ/სთ-ზე იყო გაჩერებული, ჩემი შვილისა კი 110-იც არ იყო, ანუ გიორგი დასაშვები სიჩქარით მიდიოდა. მერე იმ ჩანაწერს (კვირიკაშვილის სპიდომეტრის) ვეღარსად მივაკვლიე. ამის შემდეგ გაავრცელეს მეორე ექსპერტიზის დასკვნა, თითქოს კვირიკაშვილი 93 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა. სინამდვილეში, კვირიკაშვილის ჯიპი 200-ით მიდიოდა, მანქანა მიფრინავდა, საჭეს აღარ ემორჩილებოდა, შემოტრიალდა, მოცურდა და გიორგის დაეტაკა... ის გამოგონილი თეთრი მანქანა რომც გამომხტარიყო და კვირიკაშვილს მაღალი სიჩქარით არ ემოძრავა, არაფერი მოხდებოდა. კვინიკაძეს, კაცს, რომელიც ექსპერტ-გამომძიებელი იყო და დღეს ადვოკატია, მე ვერ ვაჯობებ, ისე დახვეწილად ვირეშმაკობენ, ამ შეკერილ საქმეს თავს და ბოლოს ვეღარ გაუგებ. კვირიკაშვილს ყველა "აპრავებს" და ეს ტრაგედია უკვე ცირკად გადაიქცა.
"შურისძიება არ მწყურია, მხოლოდ სამართალს ვეძებ"
- არანაირი ჩანაწერი არ არსებობს, ვიდეოთვალი ცალკე თემაა... ერთ კვირაში გამოსაძიებ საქმეს სამი წელი მოუნდნენ, ეგონათ, დავიღლებოდი. მე არავის ვუჩივი, არც შურისძიება მწყურია, მხოლოდ სამართალს ვეძებ. მეკოს ცოლის დაღუპვა და შვილების დაობლება ჩვენთვისაც ტრაგედია იყო, მისი ტკივილიც მესმის, მაგრამ ჭირისუფლების ასე აბუჩად აგდებას და ისე მოქცევას, ვითომც არაფერი მომხდარა, ვერავის ვაპატიებ. დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი, ცნობილი და სახელოვანი სპორტსმენი იქნება თუ უცნობი რიგითი მოქალაქე. არანაირი შურისძიება არ იქნება, მაგრამ გაჩერება ძნელია. ძალიან გვიმძიმს ამ ტრაგედიის გადატანა. ამხელა უბედურება მოხდა და ასეთი უნამუსობა გასაოცარია!
"კვირიკაშვილის მეგობრებმა მითხრეს, საქმეს შევატრიალებთ და მეკოს მაინც გადავარჩენთო"
- კვირიკაშვილს მომხდარიდან რამდენიმე დღეში შევხვდი და იმ ერთ შეხვედრასაც ვნანობ. მორაგბეებთან ერთად მოვიდა და მხოლოდ ის მითხრა, მე არ ვიყავი დამნაშავეო. ისე გამოვიდა, თითქოს იქით უნდა მომეხადა ბოდიში. რომ შევხედე, ვიფიქრე, ტრაგედიის მერე, ალბათ, ვერ არის ჭკუაზე, ამხელა ტვირთი აწევს და არ უნდა დაჯერება, რომ მისი მიზეზით მოხდა ყველაფერი-მეთქი. იმასაც მივხვდი, რომ მეგობრებს მისი გადარჩენა უნდოდათ, თუმცა უნამუსობის ხარჯზე. ისიც მითხრეს, საქმეს მაინც მოვაგვარებთ, როგორც გვინდა, ისე შევატრიალებთ და მეკოს მაინც გადავარჩენთო. ქვეტექსტი ასეთი იყო: სადაც გინდა, იჩივლე, რაც გინდა, ის ქენი, თავში ქვაც გიხლიაო. ამაზე საშინლად გავმწარდი. მეკოს ოთხი მცირეწლოვანი შვილი რომ ჰყავს, შეიძლებოდა ამის გამო გავჩერებულიყავი, მაგრამ ასეთმა ცინიზმმა გამამწარა და უკან აღარ დავიხიე. გავიგე, რომ ამართლებენ, მაგრამ ისე მაინც გააკეთონ, რომ მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნამ არ გატანჯოს. ახლა ეს საქმე რომც წავაგო და ვიცი, წავაგებ, იმას მაინც ვიტყვი, ჩემი შვილისთვის ყველაფერი გავაკეთე-მეთქი.
"ქალაქში ხმა გავრცელდა, თითქოს მეკო პატრონობს კატოს"
- 60 წლის კაცი ვარ, 15 წელიწადში კატო 20 წლის იქნება, ყველაფერს გააანალიზებს და არ მეტყვის, ჩემო ბაბუა, ეს თავხედი რომ ასე თავისუფლად დადიოდა, შენ სად იყავიო? საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, კვირიკაშვილი პრივილეგიით სარგებლობს და უღირსი მეთოდებით ცდილობს თავის გამართლებას. ქალაქში ისეთი ხმაც გავრცელდა, თითქოს მეკო პატრონობს კატოს. ეს თავის დროზე მისმა ადვოკატმაც თქვა, რაც მტკნარი სიცრუეა. კატოს, როგორც უდედმამოს, სახელმწიფომ დაუნიშნა 100 ლარი პენსია. კვირიკაშვილს გამამართლებელი განაჩენი კატოს მომავალზე პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად სჭირდება, რადგან თუ დამნაშავედ ცნობენ, სწორედ მას დაეკისრება უდედმამოდ დარჩენილი ბავშვისთვის კომპენსაციის გადახდა. მეკოს დასჯა ჩვენთვის იდეფიქსი არ არის, მაგრამ გამართლდეს კიდეც, პასუხისმგებლობაც მოიხსნას და კაი ტიპადაც დარჩეს, არ გამოვა...
საოცარი დამთხვევა - ორივე მანქანაში იჯდა ნუცა, ანა და გიორგი...
- პროცესზე მას მერე აღარ მივსულვარ, რაც "დაადგინეს", კვირიკაშვილი ნელა მიდიოდაო. ამ ცინიზმმა და არაადამიანობამ სულ გამაგიჟა. 21 წელია ეკლესიაში ვარ (მჭედელი ვარ და ხატებზე ვმუშაობ). ხანდახან მამები მეუბნებიან, თავი დაანებეო, მაგრამ ჩემ გარშემო ხალხია, მე შემომყურებენ. რატომ ცდილობს თვალში ნაცარი შემაყაროს?! უსამართლობა მეორე ტრაგედიად მექცა...
იმ საშინელ დღეს გიორგი ნუცასა და მის მეგობარ ანისთან ერთად ბათუმიდან ბრუნდებოდა. ამ ამბავში ერთი უცნაურობაც იყო - ორივე მანქანაში იჯდა ნუცა, ანა და გიორგი და ყველანი ერთმანეთს იცნობდნენ... გიორგი 14 წლიდან შრომობდა, ბრწყინვალე არქიტექტორი დადგა, რომ არა ეს საბედისწერო შემთხვევა, ვინ იცის, რა მომავალი ექნებოდა.
დღეს კატო ჩვენ, ბებია-ბაბუას, დედას და მამას გვეძახის. სულ დედ-მამის მოლოდინშია და ხშირად გვეკითხება მათზე, ვპასუხობთ, რომ შორს არიან წასული და წლების მერე ჩვენც მათთან წავალთ.
"მის ახალგაზრდულ აღმაფრენას 5 კაცი შეეწირა"
- ჩემი შვილების სიცოცხლის ხელყოფა ასე იოლად არავის არ უნდა შერჩეს! ახლობლები მეუბნებიან, ეს საქმე ისეა გაფუჭებული, არაფერი ეშველებაო. ყველაფერი მოსამართლის სინდის-ნამუსზეა დამოკიდებული. რა გავაკეთო, ყაჩაღად ხომ არ წავალ ტყეში? შურისძიება ჩემს მორალში არ წერია. შვილებს გეფიცებით, მართლა მეცოდება - 4 კი არა, 5 ადამიანი იმსხვერპლა (ამბობენ, მეკოს მეუღლე ორსულად ჰყავდაო). ამ ტვირთის ტარება ურთულესია, მაგრამ მის ახალგაზრდულ აღმაფრენას 5 კაცი შეეწირა და ის როგორ მოიქცა? დამცინა. კვირიკაშვილს ნამუსი თუ აქვს, ბოდიში მოიხადოს და ჩემი ოჯახის წინაშე დანაშაული აღიაროს.
"თუ მაჩვენებთ, სად წერია 190 და 200 კმ/სთ, მე დავჯდები ციხეში"
ნუკრი კვინიკაძე, მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატი:
- ავარიის მომენტში მეკოს მანქანის სპიდომეტრი ნულზეა გაჩერებული, პაპასკირის - 90-ზე. თუ მაჩვენებთ, სად წერია 190 და 200 კმ/სთ, ხვალვე თავს დავანებებ ადვოკატობას და დავჯდები ციხეში. შემთხვევის ადგილზე მეკომ დააფიქსირა მანქანა, რომელმაც მას შეუქმნა საფრთხე. ამის გამო იძულებული შეიქნა გაეკეთებინა მკვეთრი მანევრი, რამაც გამოიწვია შეჯახება.
- რა მარკის მანქანა იყო, რომელმაც მეკოს საფრთხე შეუქმნა? - სამწუხაროდ, დაუდგენელია. ასეთ დროს იმას აკვირდები, რა მანქანაა, თუ შეჯახების თავიდან აცილებას ცდილობ? გამოძიებამ ბევრი იშრომა, მაგრამ ეს ვერაფრით დაადგინა, სამწუხაროდ, ავარიის ვიდეოჩანაწერი არ არსებობს. კვირიკაშვილი მოძრაობდა მის სამოძრაო ზოლში, შემხვედრად მოძრაობდა ტრაილერი, რომლის უკნიდანაც გამოვიდა გამოძიებით დაუდგენელი ავტომობილი. იმ ავტომობილს რომ არ შესჯახებოდა, კვირიკაშვილი იძულებული გახდა მკვეთრად მარჯვნივ აეღო საჭე, რის შედეგადაც მისი ავტომობილი მოცურდა და შეეჯახა პაპასკირის მანქანას.
ამათ ჰგონიათ, მე დავალაგე სიტუაცია. ალალად შემიძლია გითხრათ, რომ მე ვარ სიმართლის სადარაჯოზე. ყველაზე საშინელებაა, ის აღიარო, რაც არ მომხდარა. მეკოს არ ანაღვლებს, დაიჭერენ თუ არა, მაგრამ ტყუილს ვერ იტყვის.
მალხაზ პაპასკირის ფანი ვარ, როცა პროცესზე დაიკითხა, ამ კაცს შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. მესმის მაგ კაცის, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. თავად ვუთხარი, ყოჩაღ, შენს გამძლეობას, მაგარი კაცი ყოფილხარ, რომ პროცესზე ასეთი ჩვენება მიეცი-მეთქი. ღმერთმა არც ერთი მშობელი არ მოასწროს შვილის სიკვდილს. უწესიერესი კაცია, მაგრამ გამწარებული ადამიანია და მისიც მესმის. ქედს ვიხრი მის წინაშე, მაგრამ არსებობს მაგრამ... ეს ავარია მეკოს ბრალეულობით არ მომხდარა.