"თეკლას დედა, ფაქტობრივად, ხელებში ჩააკვდა... ხელები მოხვია და ყვიროდა, დედა, თვალები გაახილეო..." - კვირის პალიტრა

"თეკლას დედა, ფაქტობრივად, ხელებში ჩააკვდა... ხელები მოხვია და ყვიროდა, დედა, თვალები გაახილეო..."

რამდენიმე კვირის წინ ქართველმა გოგონამ, თეკლა ეკალაძემ რუსულ მუსიკალურ კონკურსში, “ТЫ СУПЕР!” ვაჟა ტუღუშის ცნობილი სიმღერა "ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა. 9 წლის გოგონას შესრულებულმა სიმღერამ ინტერნეტსივრცე დაიპყრო. მისი სიმღერა ათასობით ადამიანმა ნახა.

თეკლა 3 წლის იყო, როდესაც მამა ზღვაში დაეხრჩო, 4 წლის შემდეგ კი - დედას თავში ანევრიზმა გაუსკდა. ობოლ გოგონას ზაჰესში, ბებია ზრდის. თეკლამ თავისი სიმღერა გარდაცვლილ მშობლებს მიუძღვნა.

თეკლას ბებიას ლალი იმერლიშვილის  თქმით, სახელმწიფო თეკლას არ ეხმარება, არც სოციალურ დახმარებას იღებს.

"თეკლას დედა, ფაქტობრივად,  ხელებში ჩააკვდა. მაკა რომ ცუდად გახდა, ვყვიროდი "მაკა, დედა, შენც არ მომიკვდე-მეთქი", თეკლა ზევიდან დააწვა, ხელები მოხვია და ყვიროდა: დედა, თვალები გაახილეო. დედამისს ესმოდა თეკლას სიტყვები, მაგრამ თვალის გახელა უკვე აღარ შეეძლო.

მაკა ბოლომდე რომ გაითიშა, საავადმყოფოშიც წაიყვანეს. ერთი კვირა კომაში იყო, თეკლა ყოველ დღე ხატავდა თვალებს და მეუბნებოდა, ეს დედას მიუტანეო, ასე ლამაზად უნდა გაახილოს თვალებიო. დედის გარდაცვალების ამბავი მოძღვრებმა უთხრეს. ბავშვი ისტერიკაში ჩავარდა. საერთოდ უკონტაქტო გახდა, ფსიქოლოგიც დაგვჭირდა", - ამბობს palitravideo.ge-სთან ინტერვიუში ლალი იმერლიშვილი.

"მამაჩემი გემით ცურავდა, ანაკლიაში გემიდან გადმოვარდა, კარგად ცურვა არ იცოდა და დაიხრჩო. დედას ანევრიზმა ჰქონდა და თავში სისხლი ჩაექცა. დედა იმით მახსოვს, რომ სულ თეკუნას მეძახდა. მამისგან ის მახსოვს რომ თამაში უყვარდა და როცა სახლში იყვნენ, მე დედიკო და მამიკო სულ ვთამაშობდით", - იხსენებს გარდაცვლილ მშობლებს 9 წლის თეკლა.

იხილეთ ვიდეო