მოხვდა თუ არა მარნეულში დახოცილი პირუტყვი ბაზარზე? - სურსათის სააგენტო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

მოხვდა თუ არა მარნეულში დახოცილი პირუტყვი ბაზარზე? - სურსათის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

მარნეულის მუნიციპალიტეტში დახოცილი მსხვილფეხა პირუტყვი სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, ვეტერინარული წესების დაცვით დაიმარხა, - ამის შესახებ სურსათის სააგენტოში აცხადებენ.

შესაბამისად, სააგენტოში გამორიცხავენ აღნიშნული ხორცის სარეალიზაციო ბაზარზე მოხვედრას.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა გუშინვე დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მეპატრონემ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი "კრეოლინის" ხსნარით დაბანა, რომელიც ტკიპებისა და მწერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაახლოებით 54 სული მსხვილფეხა პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა იმ ოჯახის ინფორმაციით, რომელთა ფერმაშიც მასობრივად დაეცა პირუტყვი, სულ დახოცილია 130 ძროხა.

"ინტერპრესნიუსი"