"ჩემი ოჯახი ამ ქორწინების სასტიკად წინააღმდეგი იყო" - ქართულ-რუმინული სიყვარულის საოცარი ისტორია
"ტყუილია, როცა ამბობენ, ორი სამშობლო მაქვსო. ეს იცოდა ჩემმა მეუღლემ და იმიტომაც ეხვეწებოდა ყველას სიკვდილის წინ, აქ არ დატოვოთ, სამშობლოში წაიყვანეთო"
მისმა გაცნობამ იმ პატარა გოგონას ზღაპარი გამახსენა, სახლიდან გასული ქარმა რომ აიტაცა და სულ სხვა ქვეყანაში წაიყვანა, თუმცა ის არ დაბნეულა - ძლიერი აღმოჩნდა და ახალ ქვეყანაშიც ყველამ შეიყვარა, მას კი სამშობლო არასოდეს დავიწყებია. თითქმის ასეთია ზაირა სამხარაძის ისტორიაც - 22 წლის ასაკში ბედისწერით რუმინეთში აღმოჩენილი ქართველი გოგონა 60 წელი მთელი რუმინეთის საყვარელ მწერლად იქცა, საქართველოსთვის კი იმ ქართველ ქალად, უცხოობაში სამშობლოს ფასდაუდებელ სამსახურს რომ უწევენ. საბჭოთა სახელმწიფოდან ტურისტული მოგზაურობა მხოლოდ სოციალისტურ ქვეყნებში იყო ნებადართული. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს 20 წლის საბჭოთა ტურისტი ზაირა სამხარაძე ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც რუმინელი გიდი, ალექსანდრუ კალჩუ გაიცნო. რაღა თქმა უნდა, მოგზაურობის დამთავრებისთანავე დასცილდნენ ერთმანეთს, თუმცა ბედისწერა ასე არ ჭრიდა - ორწლიანი მიწერ-მოწერის შემდეგ ამ ორის სიყვარულმა ყველანაირი საზღვარი გადალახა. თუმცა, აბა, საზღვრებს რომელი სიყვარული ემორჩილება! წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 22 წლის საბჭოთა გოგონა რუმინეთის ეროვნულ გმირს წაჰყოლია - ამ ქვეყნისთვის დაახლოებით იმ მნიშვნელობისას, როგორიც ჩვენთვის ილია ჭავჭავაძეა. მის გვერდით თავადაც ნიჭიერმა დიდ წარმატებას მიაღწია: ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის პირველი მკვლევარი, ქართულ და რუმინულ ენაზე კვლევებისა და ნაწარმოებების ავტორი, რუმინეთის მწერალთა კავშირის წევრი ზაირა სამხარაძე, მეუღლის, ალექსანდრუ კალჩუს (ანდი) გარდაცვალების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა:
- საბჭოთა კავშირში ყველაფერი მეტად რთულად იყო, მათ შორის ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში დაქორწინებაც. ამ საქმეს სპეციალური მიმართვები სჭირდებოდა. ასე მარტივად ვის დავარწმუნებდი, რომ უცხოელი გიდი, რომელიც მოგზაურობისას გავიცანი, ისე თავდავიწყებით მიყვარდა, რომ უცხოეთში ვთხოვდებოდი.
უპირველესად, ამ ქორწინების სასტიკად წინააღმდეგი ჩემი ოჯახი იყო, აბა, ვის სიამოვნებს შვილის ამ მანძილით მოშორება! არც მთავრობა იძლეოდა მარტივად თანხმობას, თუმცა მაინც ვცადე და ნებართვისათვის მაშინ მაღალი რანგის პირს, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს გიორგი ძოწენიძეს მივადექი. საოცარი ადამიანი აღმოჩნდა, თვალი შემავლო და გამეხუმრა, ახლა შენ გადასარევი კი არა ხარ, მაგრამ შესაფერისს აქაც იპოვიდი, უცხოეთში რატომ მიდიხარო! აღარ მახსოვს, რა ვუთხარი, მაგრამ, როგორც ჩანს, ისე ველაპარაკე და იმდენად თანამიგრძნო, ბოლოს ფულიც მაჩუქა, გამგზავრების წინ რაიმე იყიდეო და შემდგომშიც მუდამ მეხმარებოდა. ასე რომ, არსებობენ კარგი ადამიანები, რომლებიც, საბედნიეროდ, ბევრი შემხვდა ცხოვრების გზაზე. მათ შორის იყო ჩემი მეუღლეც - კაცი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მიყვარდა და ვუყვარდი. ამ სიყვარულით ბედმა დამასაჩუქრა. არა მხოლოდ მისით, მისი ოჯახითა და ხალხით - რუმინელები საოცრად ღვთისმოსავები არიან, ჩემი დედამთილი, რომელთანაც ვცხოვრობდი და დედას ვეძახდი, სულ მეუბნებოდა, ვიცოდი, რომ კარგი ადამიანი იქნებოდი, იმიტომ, რომ ყოველ დილით ოთახში დაკიდებულ შენს ფოტოს ფანჯრიდან შემოფრენილი მერცხალი შემოუფრენდა ხოლმე გარშემოო.
და კიდევ, ამ ქვეყანაში მე ანთიმოზ ივერიელის დატოვებული მადლი მიძღოდა წინ, სადაც კი ვიტყოდი, რომ ქართველი ვიყავი, მისი გამო მეც პატივს მომაგებდნენ. ხალხი სოფლებიდან საგანგებოდ ჩამოდის ბუქარესტში მის ტაძარში სალოცავად. მესხეთიდან გატაცებული ქართველი ბიჭი, რომელიც იერუსალიმის პატრიარქმა იყიდა, განსწავლულობის წყალობით რუმინეთის მიტროპოლიტად იქცა და ამ ქვეყნის თურქთაგან გათავისუფლებას შეეწირა. ანთიმოზ ივერიელი პირველი ქართველი სასულიერო პირია, რომელიც უცხოეთში შეირაცხა წმინდანად. მე კი, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, მთელი ცხოვრება ყველას ვუმეორებ სიტყვებს განათლებაზე: "იმ უბედურებათა შორის, რაც ადამიანის სულსა და გულს სასტიკად ანადგურებს და ამახინჯებს, ყველაზე უფრო საშინელია გაუნათლებლობა, უცოდინარობა და აზრის შეზღუდულობა".
ანდიმ, ჩემმა მეუღლემ, პირველად ანთიმოზ ივერიელის ტაძარში წამიყვანა. მახსოვს, როგორ ამიმოძრავდა თავისით ხელი და როგორ შეეხო ანთიმოზის ხელით გაკეთებულ კარზე ვარდების ჩუქურთმებს. მერე დავაკვირდი, ყველა ქართველის ხელი, რომელიც ამ ტაძართან მივა, პირველად სწორედ ამ ჩუქურთმებს ეფერება. აი, ამ დროიდან გავხდი ანთიმოზ ივერიელის ისტორიის მკვლევარი და მისი ანდერძიც ვთარგმნე. ამ ისტორიას დღესაც ბევრი იკვლევს და არა მხოლოდ ქართველები. ჩემი მეუღლეც აღმერთებდა ანთიმოზ ივერიელს და საერთოდა, მთელ საქართველოს.
- ალბათ, თქვენი სიყვარულის გამოც. ცნობილია, რომ 2 წლის წინ თქვენი მეუღლის დაკრძალვას ვატიკანის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
- სხვათა შორის, იყო ერთი უცნაური გარემოება - ანდი სულ ამბობდა, დარწმუნებული ვარ, ქართული სისხლი მაქვსო და გარეგნობითაც იმდენად ჰგავდა ქართველს, რომ მასზე უფრო ამბობდნენ ქართველიაო, ვიდრე ჩემზე. ანდის წინაპრები რუმინეთის იმ პროვინციაში ცხოვრობდნენ, რომელსაც დღესაც "ჩერქეზი" ეწოდება და სავარაუდოდ, XII საუკუნეში დააარსეს მიგრირებულმა კავკასიელებმა. ასე რომ, ეს საინტერესო ამბავია და კვლევა სჭირდება.
ჩემი მეუღლე უდავოდ ნიჭიერი ადამიანი იყო, უპირველესად კი რუმინეთის კომუნისტურ ხელისუფლებასთან მებრძოლი, რის გამოც მისი გზა ია-ვარდით მოფენილი არასოდეს ყოფილა, თუმცა ნიჭიერების გამო მისი დაბრკოლება ვერ შეძლეს - იყო რუმინეთის ცნობილი მწერალი და მთარგმნელი, რომელმაც ათი ენა იცოდა, მათ შორის, ჩინური, სამ თვეში ისწავლა. კითხულობდა ლექციებს რუმინეთის უნივერსიტეტებში და თარგმნიდა მრავალი ენიდან. ყველა ამ მოღვაწეობის გამო ის სიკვდილის წინ რუმინეთის უმაღლესი პრემიით დააჯილდოეს. ასეთი ადამიანის გვერდით მეც განვვითარდი და რამდენიმე ენა საუკეთესოდ შევისწავლე, მათ შორის ესპანურიც. როგორც ამ ენის საუკეთესო სპეციალისტი ვმუშაობდი რუმინეთის კუბის საელჩოშიც. პარალელურად, ვწერდი და ვთარგმნიდი გამოკვლევებს, რომლებიც საქართველოს შეეხებოდა და სამშობლოში ვგზავნიდი. ბედნიერი ვიყავი იმ საოცარი გამოხმაურებებით, რომლებიც ქართველი კლასიკოსების რუმინულად თარგმნას მოჰყვებოდა ხოლმე. როდესაც ვაჟა-ფშაველას "შვლის ნუკრის ნაამბობი" ვთარგმნე და გამოვეცი, დიდხანს არ მეძინა - იქაური მწერლები ვაჟამ აღაფრთოვანა, მეუბნებოდნენ, ეს რა საოცრება გყოლიათო! გარდა ამისა, ჩემი ბავშვობის ზღაპრების სიყვარულით ზღაპრების წერაც დავიწყე, ისინი რუმინეთის სკოლებში ისწავლება.
- საოცარ ამბავს ამბობთ.
- ასეა... და კიდევ, ვამაყობ ორი განსაკუთრებული გამოცემით: მე და ჩემმა მეუღლემ რუმინულად ნათარგმნი "ვეფხისტყაოსანი" ხელახლა გამოვეცით ჩემი წინასიტყვაობით და მეორე - მსოფლიოში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი რუმინულ-ესპანური ლექსიკონით. ის მე და ჩემმა მეუღლემ შევადგინეთ, პირველი ტომი მხოლოდ ოცწლიანი მუშაობის შემდეგ გამოიცა. ეს არის სიტყვების უკიდეგანო ზღვა, რომლის შედგენა მარტივი არ ყოფილა. სიტყვა საოცარი რამ გახლავთ - ყოველ სიტყვაში სიმბოლურ ტევადობასთან არის მუსიკაც, რომელიც ენების შესწავლაში დასახმარებლად სპეციალურად შევისწავლე...
როდესაც მეუღლემ ოცნება შემისრულა და ხარაგაულში, ჩემი ბავშვობის სოფელ ქროლში, სახლი ავაშენეთ, განცვიფრებული იყო, რა სილამაზეა, მსგავსი რუმინეთში არ არსებობსო. ასეთი სილამაზე დიდი განძია, მას ვერავინ ივიწყებს, ვერც სტუმარი და მით უფრო - ქართველი, რომელიც უცხოეთში გადასახლდება. ახლა მის ეზოში მონასტერიც არის, რომელსაც რუმინეთში ჩემი მოღვაწეობის დოკუმენტაციას ვანდობ და ეს გულს მიმშვიდებს.
ჩემი უცხოეთში ყოფნის კომპენსაცია ის იყო, რომ ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი სამშობლოსთვის. ვმეგობრობდი უამრავ ქართველ საზოგადო მოღვაწესთან, რომლებისთვისაც ჩემი სახლის კარი მუდამ ღია იყო, მათი მასპინძლობა კი ჩემი სულის სიმშვიდე...
პატრიარქის მეგობრობაში მთელი სიცოცხლე გავატარე. მას ჯერ კიდევ მაშინ შევხვდი, როდესაც ანთიმოზ ივერიელის შესახებ გავიგე და მისი ისტორიის კვლევა დავიწყე. ის საოცარი ადამიანია. სხვათა შორის, დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ჩაუშესკუს მმართველობისას ანთიმოზ ივერიელის ტაძარი არ დაინგრა - ჩაუშესკუს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ იმ ადგილას ქალაქის მთავარ ტრასას გაევლო. მე და ჩემმა მეუღლემ ეს სასწრაფოდ პატრიარქს შევატყობინეთ, მან კი საქართველოს სახელმწიფოს, სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტა სხვაა... ერთ დილას, როდესაც ჩემთან სტუმრად ჭაბუა ამირეჯიბი იყო და ტაძარში მოსალოცად მივედით, ორივენი მივხვდით, რომ ტაძარი არ დაინგრეოდა - ტაძრის ეზოს სპეციალური ტექნიკით აპატარავებდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ტაძარს ხელს აღარავინ ახლებდა.
- რუმინეთის კომუნისტი პრეზიდენტის დახვრეტა, მიუხედავად ყველაფრისა, მსოფლიომ კატასტროფად მიიღო... - მე მისი მოწინააღმდეგე ვიყავი, თუმცა ამ გადასახედიდან მან რუმინეთისთვის ბევრი რამ გააკეთა. ის ერთი ნიჭიერი გლეხის ბიჭი იყო, რომელსაც ძალაუფლებამ და სიმდიდრემ თავბრუ დაახვია. ამიტომ მისი მმართველობა უნდა დასრულებულიყო. რუმინეთს დღეს მისი სისხლი იმდენად აწუხებს, რომ მისი დამხვრეტის ვინაობა გასაიდუმლოებულია. საზოგადოდ, ჩაუშესკუსთანა ადამიანები უცნაურად ნიჭიერები არიან. ასეთი იყო ფიდელ კასტროც, რომელსაც პირადად ვიცნობდი და კუბაშიც დამპატიჟა - ბრწყინვალე ორატორი და ლამაზი ქალის ფანატიკოსი. სხვათა შორის, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქართველი ჟურნალისტი უყვარდა, რომელსაც კარგა ხანს საჩუქრებს უგზავნიდა.
- იმ ჟურნალისტის ვინაობას გამიმხელთ? - ვერა, მაგრამ გაგიმხელთ იმას, რასაც ახლა ჩემს მდგომარეობაზე ვფიქრობ. ლამის მთელი სიცოცხლე გავატარე, უცხოობაში, სადაც ჩემი ადგილი მქონდა და იქიდან დაბრუნებული ჯერაც ვერ მოვსულვარ გონს. მეტსაც ვიტყვი - შვილები რომ მყოლოდა, ალბათ, ვერ დავბრუნდებოდი, ვერ გამოვეთხოვებოდი ჩემს სახლს. მაგრამ არავინ თქვას, რომ სამშობლოს გარეშე ვინმე კარგად არის, რა მდგომარეობაც უნდა ჰქონდეს. ეს შეუძლებელია - სამშობლო ერთადერთია. ის ჰაერია, რომელსაც პირველად შეისუნთქავ, როცა დაიბადები და ამ ჰაერს ვერაფერი შეცვლის. არც შენი სამშობლოს მზე იქნება სადმე. მე მთელი სიცოცხლე კარგად ვიყავი, მაგრამ თვალს გავახელდი თუ არა, მაშინვე ჩემი სამშობლო დამიდგებოდა თვალწინ. ასე რომ, ტყუილია, როცა ამბობენ, ორი სამშობლო მაქვსო. ეს იცოდა ჩემმა მეუღლემ და იმიტომაც ეხვეწებოდა ყველას სიკვდილის წინ, აქ არ დატოვოთ, სამშობლოში წაიყვანეთო. მიკვირს, ადამიანები მიწას რომ ჩავცქერით, ჩვენ მაღლა, ზეცისკენ უნდა ვიხედებოდეთ, რადგან ჩვენი სულები იქ ხვდებიან ერთმანეთს, მანამდე კი შეგვიძლია, ამ სამყაროდან ზეცას ვესაუბროთ. ერთი ასეთი "საუბარი" ჩემს მეუღლესთან სულ ბოლოს დავწერე, უკვე დაიბეჭდა რუმინეთში და მინდა ნაწყვეტი წავიკითხო: "მინდა დარჩე იმ ადგილზე, სადაც ეხლა ხარ/, მინდა უყარაულო იმ ადგილს/, სადაც პირველად გავიგონეთ/, რომ ერთ დღეს გაზაფხული კვდება/... მე აუცილებლად მოვალ შენთან/... იმიტომ, რომ შენ მე არ მეძახი/. აუცილებლად ჩავიცვამ და დავადგები გზას/, რომელსაც ბალახის სურნელება აქვს/... მე არ ვიცი, ეს გზა როგორი იქნება/, მაგრამ ვიცი, რომ შენთან აუცილებლად მოვალ..."