სასიკვდილო "თამაშები"
"ბავშვი რომ სკოლას დაამთავრებს და მართვის მოწმობას აიღებს, მაშინვე 4.0-ძრავიანი BMW არ უნდა უყიდო"
მოზღვავებული ადრენალინი, მოუთოკავი სისწრაფე, გზებზე თავაშვებული ფრენა, დაუოკებელი ქაოსურობა, ნაადრევად ჩამქრალი ათეულობით სიცოცხლე - ასეთია მწარე რეალობა, რომელსაც დასასრული არ უჩანს. უაზროდ შეწირული და გზებზე დასრულებული სიცოცხლე ვისთვის მხოლოდ სტატისტიკა, ვისთვის კი ცხოვრების დასასრულია.
მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა 16 მაისს სოფელ კახათში მოხდა - კახათი-ზუგდიდის ცენტრალურ მონაკვეთზე ანაკლიიდან მომავალი "მერსედესი" კერძო სახლის ეზოში შევარდა და გადაბრუნდა. დაშავდა შვიდი მოზარდი. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში შევარდა. შვიდიდან ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, დანარჩენი ექვსის მდგომარეობა სტაბილურია, მათ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობენ.
ამ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე თბილისში ავტოავარია ფატალურად დასრულდა - 200 კმ/სთ სიჩქარით მიმავალი BMW, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, ხეს შეეჯახა და დაიღუპა საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძის 15 წლის შვილი, მისი მეგობარი კი - რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"თავისთვის ვერ მიპატიებია. ალბათ, ჩემი ნიკუშასთვის და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა, როდესაც სიჩქარე ძალიან მაღალია. უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი სასიკვდილო თამაშებზე უარის თქმა, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი მიზანში ამოღების ტოლფასია. დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათეკლასელი მიწას მივაბარე. მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას", - ეს სტატუსი ეკუთვნის ნიკუშას სასოწარკვეთილ მამას, მევლუდ მელაძეს.
მიუხედავად მწარე გაკვეთილებისა, გზებზე მოზარდების სიკვდილთან თამაში გრძელდება.
"მოზარდებმა არ იციან რისკის ზონები, რამ შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის მართვის დაკარგვა"
დავით მჭედლიშვილი, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი: - ბოლო დროს ძალზე მომრავლდა ავტოავარიები. საუბედუროდ, ბევრი ახალგაზრდა დაღუპა სისწრაფის სიყვარულმა. ამაში დიდ როლს ისიც თამაშობს, რომ საავტომობილო კულტურა არა აქვთ. ახალგაზრდები ცდილობენ ადრენალინი დახარჯონ და სისწრაფისკენ ლტოლვით ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილონ. ეს ის დაავადებაა, რომელსაც მხოლოდ ჯარიმებით ვერ უმკურნალებ. სკოლებში უნდა დაიწყოს საგანმანათლებლო მოძრაობა, შეიქმნას მართვის ელემენტარული კურსები, თუნდაც კარტინგის, სადაც, მაგალითად, ბავშვი ისწავლის, ავტომობილმა რა მომენტში შეიძლება დაკარგოს მართვა. კურსებზე მოზარდები ტექნიკურადაც განვითარდებიან და ეცოდინებათ, როგორ შეიძლება დაშალონ და ააწყონ ავტომობილი, რა მექანიზმი როგორ მუშაობს და ა.შ.
საჭიროა ინფრასტრუქტურაც. საქართველოში ერთადერთი რუსთავის ავტოდრომია, სადაც შეიძლება ახალგაზრდამ გადაიხადოს თანხა და ის სიამოვნება განიცადოს, რაც სისწრაფეს მოაქვს. ჩვენ ხშირად ვატარებთ სამოყვარულო შეჯიბრებებს, სადაც ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს საკუთარი ავტომანქანით. თუმცა ხშირად ვაწყდებით ხან მუნიციპალიტეტის, ხან კი სხვა სამსახურების წინააღმდეგობას. ამ დროს პირიქით უნდა იყოს, ეს ხალხი ორგანიზებულ შეჯიბრებებში უნდა ჩავრთოთ, ოღონდ სამოყვარულოში.
ქუჩაში რბოლა ხულიგნობაა და მკაცრად უნდა ისჯებოდეს. მძღოლებს უნდა მივცეთ საშუალება, სხვაგან დახარჯონ ენერგია, დაიკმაყოფილონ სპორტული ინტერესი. უამრავი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ავტობანებზე რბოლა მიდის და ამით თავსაც და სხვასაც საფრთხეს უქმნიან. რისკის შემცირება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით შეიძლება.
ავტობანებზე მხოლოდ კამერების დაყენება არ კმარა. ისინი, ვინც ადრე ქალაქგარეთ ტერიტორიებზე მართავდა რბოლას, უკვე ისეთ ადგილებში არიან გადმონაცვლებული, სადაც კამერები არ არის, მათ შორის, ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ქუჩებშიც, სადაც უფრო მეტად გაიზარდა უბედური შემთხვევების რისკი.
ამას წინათ ჩვენს ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძეს 15 წლის შვილი დაეღუპა. როგორც გაირკვა, ბავშვებმა მანქანის გასაღები მოიპარეს და დაუკითხავად გავიდნენ ლისის ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენც კი, სპორტსმენი მრბოლელები, ვერიდებით, რადგან ძალიან საშიში მონაკვეთია. მოზარდებმა არ იციან რისკის ზონები, რამ შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის მართვის დაკარგვა. შეიძლება ის ბავშვი კარგადაც მართავდა ავტომანქანას, მაგრამ იმ ტერიტორიაზე და იმ სისწრაფით არა მარტო ბავშვს, პროფესიონალ მძღოლსაც გაუჭირდებოდა მართვა.
სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაიღოს თანხები, რომ რამდენიმე ადგილას შეიქმნას დაცული ტერიტორია, სადაც რიგრიგობით შეუშვებენ მრბოლელებს და თან გააკონტროლებენ, რათა იქაც არ მოიწიონ რამე. აუცილებელია მოძრაობის წესებში ქვეითად მოსიარულეების განათლებაც.
"უნდა გართულდეს მართვის მოწმობის გაცემა და გამოცდა რეალურ სივრცეში გადავიდეს"
"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების ასამაღლებლად მნიშვნელოვანია მოჭარბებული საგზაო შემთხვევების მიზეზების შესწავლა, გადასახედია სიჩქარის ლიმიტებიც, რაც ძალიან მაღალია ევროპულ სტანდარტებთან შედარებით:
- ყველაზე დიდი პრობლემა განათლება და ცნობიერებაა. არ იგულისხმება მარტო ის კამპანიები, რომლებიც უნდა ჩაატაროს ქვეყანამ. ერთ-ერთ კამპანიას შსს ატარებს, მაგრამ ცნობიერების ამაღლება საბავშვო ბაღსა და სკოლაშივე უნდა მიდიოდეს და ამ პროცესში განათლების სამინისტრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
მნიშვნელოვანია, რომ გართულდეს მართვის მოწმობის გაცემა და მართვის გამოცდა რეალურ სივრცეში გადავიდეს. სასურველია ავტოსკოლების ლიცენზირება, რათა მომზადებული მოსწავლეები პოტენციური მძღოლები იყვნენ და არა მხოლოდ საგზაო ნიშნები იცოდნენ. ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ როცა ქუჩაში მოძრაობის წესებს არღვევს, საფრთხეს უქმნის როგორც სხვის სიცოცხლეს, ასევე საკუთარ თავსაც. რაც შეეხება კანონის გამკაცრებას, ვიცი, რომ შსს გეგმავს სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულების ჩამოჭრას კამერით დაფიქსირების შემთხვევაში.
"ფედერაციაში ევროპის ჩემპიონები გვყავს, პირდაპირ დაფრინავენ, მაგრამ ქალაქში 50-60-ზე მეტი სიჩქარით არ დადიან"
ზურაბ ბაბუციძე, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის გამგეობის წევრი: - სანამ ნორმალური ავტოსკოლები არ ჩამოყალიბდება, ვითარება არ გამოსწორდება. ქუჩაში გახსნილი ავტოსკოლები 10-15 ლარად 1 კვირაში ასწავლიან მართვას, რაც ავარიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ადამიანი, რომელსაც პროფესიონალთან არ გაუვლია მომზადება, ვერასდროს გახდება სრულყოფილი მძღოლი. თბილისში 800-მდე ავტოსკოლაა და მათგან 780 დასახურია. ისინი ზეპირად ასწავლიან მართვას და "ნასწავლები" გამოცდას ვერ აბარებენ.
ვინც გამოცდას აბარებს, ქალაქში ვერ დადის, რადგან ქალაქში მანქანის მართვას არ ასწავლიან. პარლამენტი დღე-დღეზე მიიღებს კანონს, რომ მართვის გამოცდა ქუჩაში ჩატარდეს. თუ არ იცი ქალაქში მართვა, გამოცდას ვერ ჩააბარებ. დღეს ძალზე გაიოლებულია მოწმობის აღება - ადვილია გამოცდის ჩაბარება, აზეპირებინებენ თეორიას, რომელიც საერთოდ შესაცვლელია (ბილეთებში ბევრი უაზრო საკითხია შეტანილი და გამოტოვებულია ბევრი მნიშვნელოვანი). მძღოლებმა მანქანის აგებულება არ იციან. ფედერაციაში ევროპის ჩემპიონები გვყავს, ისინიც ახალგაზრდები არიან, პირდაპირ დაფრინავენ, მაგრამ ქალაქში 50-60-ზე მეტი სიჩქარით არ დადიან. პრობლემის თავიდათავი ერთმნიშვნელოვნად უცოდინარობაა და მშობლების შეცდომაც- ბავშვი რომ სკოლას დაამთავრებს და მართვის მოწმობას აიღებს, მაშინვე 4.0-ძრავიანი BMW არ უნდა უყიდო. ავტომობილი მომეტებული საფრთხის შემცველია, შეიძლება ბავშვი ისეთი სიჩქარით მიდიოდეს, ხალხმრავალ ადგილას შევარდეს და ვინმე დაღუპოს.
საგანგაშოა ისიც, რომ უკანა სავარძლებზე ღვედს თითქმის არავინ ხმარობს. რა, უკან ვინც ზის, იმისი სიცოცხლე დასაზღვევი არ არის?
რომ გავიძახით, ევროპაო, ევროპაში 40 ევროა ჯარიმა, ვისაც ღვედი არ უკეთია (წინ მჯდომი იქნება თუ უკან). ზოგი მშობელი შვილისთვის ჯიპს ყიდულობს, დაცული იქნებაო, მაგრამ რა აზრი აქვს, პატარა მანქანას თუ დაეჯახება და სხვას მოკლავს? მანქანა იმის მიხედვით კი არ უნდა აარჩიონ, რომელია საშიში, არამედ რა სჭირდება კონკრეტულ ადამიანს. ახალგაზრდების უმრავლესობა BMW-ზე გიჟდება, მაგრამ ის სწრაფი მანქანაა და ჩვენი ინფრასტრუქტურა მასზე გათვლილი არ არის.