"საქმე, რომელსაც აკეთებ, აუცილებელია, ადამიანის სამსახურში იყოს - სხვა მხრივ აზრს კარგავ"
"ადამიანი უკეთესი უნდა წავიდეს, ვიდრე დაიბადა"
დედობა, სიყვარული, იდეალური მამაკაცი, ექსტრიმი, ყველაზე რთული მომენტი ცხოვრებაში და ყველაზე ბედნიერი წამი - ეს ის თემებია, რაზეც ოლიკო ბაბლუანს ვთხოვეთ, საკუთარი ასოციაციები გაეზიარებინა.
ჩემი დიდი ოჯახი ჩემთვის არის...
- სიყვარული, მორალური ღერძის, ადამიანური სიმყარის წყარო.
დედობა... - სიცოცხლის გაგრძელება, ბედნიერება, ყველაზე დიდი ემოცია...
თბილისური სახლი, ეზო... - მთაწმინდა, ჭავჭავაძის ქუჩა, იტალიური ეზო, სადაც 11 წლამდე ვცხოვრობდი. ზღაპრულად თბილი, დაცული სამყარო.
სვანეთი, სვანური კოშკი... - ჩემი ხასიათის მთავარი შტრიხები. კოშკი - სიმყარე და ჩემი ისტორიის გაუცნობიერებელი პატივისცემა.
წინაპართა დანატოვარი... - ყველაზე ძველი, სვანური კოშკი.
ყველაზე რომანტიკული ადგილი მსოფლიოში... - პარიზი. შარმის განუმეორებელი დედაქალაქი.
ჩამავალი მზე... - არ მიყვარს. მზე არ ჩადის ჩემთვის, მიუხედავად მისი ბუნებრივი დარდიანი სილამაზის.
"უძინართა მზე"... - სტუდენტობა, სახალხო ემოციური ცუნამი, სიხარული, სილაღე... მამას ბერლინიდან ჩამოტანილი "ვერცხლის დათვი" ერთია საქართველოში.
იდეალური მამაკაცი... - კაცობრიობამ ღმერთი დაარქვა. იდეალი მითია...
ქალური სისუსტე... - ისევე, როგორც კაცური, ადამიანური - ერთია, ინდივიდუალურია. ყველას ჩვენ-ჩვენი გვაქვს.
კადრი მეხსიერებაში, რომელიც არ დამავიწყდება... - ჩემი შვილების სახეები დაბადებისას.
საუკეთესო კინოკადრი... - "ლეოპარდი". ლუკინო ვისკონტის ფილმი დაუვიწყარი შედევრია.
გამორჩეული ხმა... - სიჩუმის.
ეპოქის გამორჩეული ადამიანი... - მე-20 საუკუნის - განდი, მანდელა. ისინი, ვინც პიროვნული და მორალური ფასეულობების ხარჯზე საკუთარი ხალხის ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს. ასევე, სტივ ჯობსი. საქმე, რომელსაც აკეთებ, აუცილებელია, ადამიანის სამსახურში იყოს - სხვა მხრივ აზრს კარგავ შენც და შენი საქმეც ხომ თავიდანვე დაკარგულია.
ნიღაბი... - ვენეციაში, კარნავალისთვის განკუთვნილ პატარა მაღაზიებში კარგი ალეგორიული სივრცეა კაცობრიობის სპექტაკლის...
ნაჭუჭი... - დიდად დადებითი ასოციაციის ვერ არის. პატარა და ჩაკეტილი სულის ასოციაციას იწვევს ჩემში.
რუსული ჩექმა... - რუსულ ველურ, "ქურდულ", დამპყრობლურ პოლიტიკას ნიშნავს ყველა ჯანსაღად მოაზროვნისათვის.
მაგნიტოფონი... - ბავშვობაში მქონდა მაგნიტოფონიც, კასეტებიც, ფრჩხილის ლაქით გადაწებებული ლენტები...
ბნელი გვირაბი... - 90-იანები. დანგრეული სიმშვიდე, ადრეულ ასაკში დაკარგული მეგობრები, სიკვდილის ეპიდემია, ქვეყნის დატოვება.
მთის მწვერვალი... - სულ ჩანს ლაიტმოტივად... მზიანი.
წყალქვეშა სამყარო... - რასაც გადარჩენა და მოფრთხილება სჭირდება. ადამიანის უპასუხისმგებლობა ბუნების მიმართ, ეკოლოგიური სიბეცე საშინელებაა.
"ბეღურების გადაფრენა"... - მამაჩემის მონაყოლი: დედასთან ერთად აივანზე ვიდექი, 1 წლისა და ხელს ვუქნევდი მამას, გადაღებაზე რომ მიდიოდა. გაგრძელება