"ამ ფრანგული შვეულმფრენმზიდით საქართველოს სანაპიროს 26 სთ-ში კი არა, 40 წუთში დავიპყრობდით"
"საქართველოსთან შარშანდელი კონფლიქტის დროს Mistral-ის ტიპის ხომალდი რომ გვქონოდა, შავი ზღვის ფლოტი თავის ამოცანას 40 წუთში შეასრულებდა და არ დასჭირდებოდა 26 სთ, როგორც ეს მაშინ მოხდა", - ეს სიტყვები რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალს, ადმირალ ვლადიმირ ვისოცკის ეკუთვნის.
რუსეთ-საქართველოს ომმა ერთგვარად გამოაფხიზლა კრემლი. მან დაინახა, რომ მიუხედავად უდიდესი უპირატესობისა ქართულ არმიასთან, გამოჩნდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სერიოზული ხარვეზები, რომლებსაც, ქართული ჯარისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნების არმიები ბრძოლის ველზე თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ.
აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფაქტობრივად დაუფარავად დაიწყო საზღვარგარეთ თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების შესყიდვა.
ისრაელისგან რუსეთის არმიამ რამდენიმე ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი შეიძინა, დაგეგმილია გერმანიისგან წყალქვეშა ნავების ელექტროქიმიური გენერატორების ტექნოლოგიის ყიდვა, საფრანგეთიდან კი მოსკოვი უზარმაზარ შვეულმფრენმზიდს ელოდება.
Mistral-ი სადესანტო ხომალდი-დოკია, რომლის სრული წყალწყვა 21300 ტ-ს შეადგენს. იგი მცირე ავიამზიდის დონეზეც გადის - მის გემბანზე 16 შვეულმფრენი შეიძლება განთავსდეს.
მართალია, არსებული ხელშეკრულებით შავ ზღვაში აკრძალულია ავიამზიდების ცურვა, მაგრამ "მისტრალი" სადესანტო-შვეულმფრენმზიდი ხომალდის კლასში გავა და რუსეთს არ გაუჭირდება მისი შემოყვანა სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზაში.
"მისტრალის" სიგრძე 199 მ-ია, სიჩქარე - 18,8 კვანძი, ეკონომიური სვლით ცურვის სიშორე - 10 ათას მილზე მეტი. იგი აღჭურვილია ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "სიმბადით", ორი 30 მმ-იანი საზენიტო ქვემეხითა და ოთხი 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევით, მაგრამ მთავარი ეს შეიარაღება არ არის.
თუკი რუსეთი საფრანგეთიდან მართლაც შეიძენს "მისტრალის" ტიპის სადესანტო ხომალდ-დოკს (დღეისთვის თავად საფრანგეთს მხოლოდ ორი ასეთი ხომალდი ჰყავს და მესამეს აშენებს) და მას შავ ზღვაში შემოიყვანს, მაშინ მოსკოვს შეეძლება, ქართულ სანაპიროზე სწრაფად გადმოსვას 450 საზღვაო ქვეითი და 13 ტანკი, რაც სერიოზულ ძალას წარმოადგენს კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის (მაგალითად, ფოთის სამხედრო პორტის ან სუფსის ნავთობტერმინალის) დასაკავებლად.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაშია სადესანტო ხომალდების 197-ე ბრიგადა, რომელშიც გაერთიანებულია შვიდი დიდი სადესანტო ხომალდი. მათგან ორმა - 1171 პროექტის "სარატოვმა" და 775-ე პროექტის "ცეზარ კუნიკოვმა" აგვისტოს ომის დროს, 10 აგვისტოს დილას, ოჩამჩირესთან საზღვაო დესანტი და საბრძოლო ტექნიკა გადმოსხა (ერთი დღის დაგვიანებით ოჩამჩირის სანაპიროს მესამე რუსული სადესანტო ხომალდი, 775-ე პროექტის "იამალიც" მიადგა).
ძალაუნებურად ასკვნი: როდესაც ქვეყანას შედარებით პატარა შავი ზღვის აკვატორიაში შვიდი დიდი სადესანტო ხომალდი ჰყავს და კიდევ ერთის საყიდლად ემზადება, უეჭველია, შეტევით ოპერაციებს გეგმავს და სხვა ქვეყნის სანაპიროზე საზღვაო დესანტის გადასხმას აპირებს.
რუსი ადმირალის განცხადებას, რომ შავი ზღვის ფლოტი ფრანგული "მისტრალით" სამხედრო ამოცანას 26 სთ-ის ნაცვლად 40 წუთში შეასრულებდაო, შორსაა რეალობისგან.
თუნდაც იმიტომ, რომ საბჭოთა, ამჟამად რუსულად წოდებული დიდი სადესანტო ხომალდებისგან განსხვავებით, ფრანგულ "მისტრალს" არ შეუძლია უშუალოდ ნაპირს მიადგეს, ჩამოუშვას აპარელი და საზღვაო ქვეითები და საბრძოლო ტექნიკა ნაპირზე გადასხას. ამისთვის "მისტრალის" დოკში განთავსებულია ოთხი სატანკო-სადესანტო კატარღა, რომლებზეც იტვირთება საბრძოლო ტექნიკა, პირადი შემადგენლობა, კატარღები ტოვებენ "მისტრალის" დოკს და მიცურავენ სანაპიროსკენ. მარტო ამ პროცედურას 40 წუთზე მეტი სჭირდება, არადა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდ სადესანტო ხომალდ "სარატოვს" 1500 ტონამდე ტვირთი უშუალოდ ნაპირთან მიაქვს, რითაც იზოგება დრო.
მიუხედავად ამ გარემოებისა, გასაგებია, თუ რატომ უნდა მოსკოვს საფრანგეთში შეიძინოს თანამედროვე სადესანტო ხომალდი-დოკი (რომელიც საჭიროების შემთხვევაში მართვის ხომალდის ფუნქციასაც ასრულებს და მას 150-კაციანი შტაბის მიღება და ფუნქციონირება შეუძლია).
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შვიდივე დიდი სადესანტო ხომალდი უკვე მარტო ფიზიკურად კი არა, მორალურადაც კი მოძველებულია. მაგალითად, "სარატოვი", ადრინდელი "ვორონეჟსკი კომსომოლეცი", წყალში 1964 წელს ჩაუშვეს. იგი 1171-ე პროექტის სათავო ხომალდი იყო. იმავე პროექტის "ნიკოლაი ფილჩენკოვი" 34 წლისაა, "ორსკი" - 41 წლის, 775M პროექტის "აზოვი" (იგი პოლონეთშია აშენებული) - 19 წლის, "ნოვოჩერკასკი" - 22 წლის, "ცეზარ კუნიკოვი" - 25 წლის, "იამალი" - 22 წლის...
ჩანს, მოსკოვი შავი ზღვის ფლოტის გადახალისება-გაძლიერებას აპირებს და არა მარტო დიდი სადესანტო ხომალდებით. ეს ინფორმაცია პირველ რიგში საგანგაშო უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი მთლიანი 309 კმ-იანი სანაპიროდან მხოლოდ 124 კმ-ს აკონტროლებს და მისი დაკარგვაც საბოლოო კატასტროფა იქნება. ამიტომაც სანაპიროს დაცვას დესანტსაშიშ მიმართულებებზე ისეთივე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, როგორიც საჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვას...