მან მოიკვლია და აღრიცხა საქართველოში მყოფი "კანონიერი ქურდები" და მათ წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაც შეიმუშავა - ბათო საღინაძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მან მოიკვლია და აღრიცხა საქართველოში მყოფი "კანონიერი ქურდები" და მათ წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაც შეიმუშავა - ბათო საღინაძე გარდაიცვალა

31 მაისს 81 წლის ასაკში აფხაზეთის კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ბათო საღინაძე გადაიცვალა.

ბათო საღინაძეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურაში მოღვაწეობის 55 წლიანი სტაჟი ჰქონდა და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქურდულ სამყაროსთან ბრძოლას მიუძღვნა. მან თავის დროზე მოიკვლია და აღრიცხა საქართველოში  მყოფი "კანონიერი ქურდები" და მათ წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაც შეიმუშავა.

პოლკოვნიკის სახელს ბევრი რეზონანსული საქმის გამოძიება უკავშირდება. ბათო საღინაძის, როგორც ძალოვანის პირველი სერიოზული ნაბიჯები აფხაზეთში, დრანდის ციხის უფროსობიდან დაიწყო. მის სახელს უკავშირდება აფხაზი "კანონიერი ქურდის" იურა ლაკობას, ლევან კალაძის, მადლენას, მარიამ გოგინაშვილის და სხვა რეზონანსული საქმეები. ის არაერთხელ ყოფილა "კვირის პალიტრის" რესპონდენტი, რომლის ნაამბობითაც ჩვენმა მკითხველმა მნიშვნელოვანი საქმეების არაერთი დეტალი გაარკვია.

ბათო საღინაძემ ორიოდე დღის წინ საინფორმაციო სააგენტო "ამბები გე"-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც მარიამ გოგინაშვილის გაუჩინარების ბურუსით მოცული საქმის საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს ბათო საღინაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს

იხილეთ ბათო საღინაძის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ: "ყველა "კანონიერ ქურდთან", ჯერ კიდევ კე-გე-ბემ დაამყარა ოპერატიული კონტაქტი და როცა სჭირდებოდათ და სჭირდებათ, იყენებდნენ და იყენებენ"