მთავარი ხარვეზები, რომლებიც ტექინსპექტირებისას გამოვლინდა
"დღევანდელი მონაცემებით, პირველადი ინსპექტირებისას ავტომობილების 65% ხარვეზდება, განმეორებით ინსპექტირებაზე 28% აღარ მიდის, თუმცა, ვინც მიდის, 94% გადის ინსპექტირებას"
ხუთი თვეა, რაც ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ტექინსპექტირება სავალდებულო გახდა. როგორია სტატისტიკა, რა დარღვევები იჩენს თავს, რა რეკომენდაციებს იძლევიან ხელოსნები, როდის აქვს აზრი ხარჯს მანქანის მოსაწესრიგებლად, მონიტორინგის შედეგად რა ხარვეზები აღმოაჩინა არასამთავრობო სექტორმა ტექინსპექტირებაში - ამ და სხვა კითხვებს ჩვენი რესპონდენტები უპასუხებენ.
ნოდარ ტანგიაშვილი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის მრჩეველი: - არასამთავრობო სექტორმა კვლევა ჩავატარეთ და შედეგები შევაჯამეთ. კვლევის მეორე ეტაპი იმ ხუთთვიან პერიოდს მოიცავდა, როცა ტექინსპექტირება ყველა ავტომანქანისთვის სავალდებულო გახდა. 7 ტექინსპექტირების ცენტრში ვაკვირდებოდით პროცესს, გამოვკითხეთ 170 მძღოლი. გამოიკვეთა როგორც დადებითი მხარეები, ისე პრობლემები.
დადებითი ის არის, რომ შეიქმნა ტექინსპექტირების ცენტრები, კერძო კომპანიებმა მოასწრეს აშენება და აღჭურვა.
გამოკითხულთა 88% მხარს უჭერს ამ რეფორმას და უფრო ინფორმირებულია, ვიდრე შარშან; მძღოლები ბევრად მომზადებული მიდიან ტექინსპექტირებაზე. 10-15 წუთი სჭირდება ერთი მანქანის ტექინსპექტირებას.
- უარყოფითზეც ვისაუბროთ. - უარყოფითი ის არის, რომ სახელმწიფოს არა აქვს მონაცემთა ბაზა და ელექტრონული სისტემა, ამიტომაც სხვადასხვა კომპანიას სხვადასხვა მონაცემი აქვს. არ არის თითოეულ მანქანაზე დეტალური ინფორმაცია. არ ხდება ხარვეზების სიღრმისეული ანალიზი, რათა გავიგოთ, უმჯობესდება თუ არა ავტოპარკის მდგომარეობა. არ აწარმოებენ სტატისტიკას, თუ რამდენი ავარია ხდება ტექგაუმართაობის მიზეზით; შესაბამისად, ვერ გავიგებთ, სავალდებულო ტექინსპექტირებამ შეამცირა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც მთავარი იყო ტექინსპექტირების შემოღებისას.
არის მაქინაციებიც - როგორც მძღოლები ამბობენ, ტექინსპექტირებისთვის შეგიძლია იქირაო ან ითხოვო საბურავები, ფარები, ცეცხლმაქრი და ა.შ. ყველაზე ხშირია გამონაბოლქვის ტესტის გავლისას მაღალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება. ამიტომაც ქუჩაში შემოწმებული ტექინსპექტირებაგავლილი ავტომანქანების ნაწილმა გამონაბოლქვის ნორმა ვერ დააკმაყოფილა.
ერთი ცდაც ჩავატარეთ - მძღოლთან ერთად, რომლის ავტომანქანასაც ტექდათვალიერების გავლა გადაცილებული ჰქონდა, თითქმის ერთი კვირა ვიარეთ, მაგრამ ჭკვიანმა კამერებმა ჯარიმა არ დააფიქსირა მანამ, სანამ მძღოლმა ქალაქიდან გასვლა არ დააპირა.
- რამდენი მძღოლი დაჯარიმდა ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო? - დაახლოებით 36 000 მძღოლი და სულ ჯარიმის ოდენობა 54.000 ლარია. 30-40 ათასი მძღოლი თავს არიდებს ტექინსპექტირებას, ურჩევნიათ, თვეში 50 ლარით დაჯარიმდნენ, ვიდრე მანქანა მოაწესრიგონ, რასაც გაცილებით მეტი ხარჯი სჭირდება. შსს-ს აქვს ინიციატივა, რომ ნაცვლად 30-ისა, 3 დღეში ერთხელ, ანუ 72 საათში ერთხელ ჯარიმდებოდეს მძღოლი ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო.
არის სხვა ტიპის პრობლემებიც - იმის გამო, რომ სხვადასხვა კომპანიას ტექინსპექტორების ტრენინგები ერთმანეთისგან განსხვავებული აქვს, ის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრმა მიიღო, სხვადასხვანაირად ინტერპრეტირდება.
ვაჟა იორდანიშვილი, ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია: - დღევანდელი მონაცემებით, პირველადი ინსპექტირებისას ავტომობილების 65% ხარვეზდება, განმეორებით ინსპექტირებაზე 28% აღარ მიდის, თუმცა, ვინც მიდის, 94% გადის ინსპექტირებას. მთავარი ხარვეზი, რომელიც თავს იჩენს ინსპექტირებისას, ელექტრომოწყობილობების გაუმართაობაა. მძღოლმა წვრილმანებსაც უნდა მიაქციოს ყურადღება.
- ერთ-ერთმა ხელოსანმა დაგვარიგა, თუ გინდა ტექინსპექტირებისას ჩO-ს მაჩვენებელი ნორმაში იყოს, =ავტომანქანა ბენზინის ნაცვლად, აირზე ამუშავეო. - მანქანა მოწმდება აირზეც და ბენზინზეც... 2020 წლისთვის გამონაბოლქვის შესახებ რეგულაცია უფრო გამკაცრდება. ვალდებულებად შემოვა კატალიზატორის მოხმარება. კატალიზატორი მანქანის ის ნაწილია, რომელიც გამონაბოლქვს ფილტრავს და გარემოს მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან იცავს. ეს ეხება ყველა იმ ავტომობილს, რომელთაც ქარხნული კატალიზატორი უნდა ჰქონდეთ.
შალვა შიომღვდლიშვილი, ავტოხელოსანი: - უპირველესი პრობლემა, რომელიც ტექდათვალიერებისას იჩენს თავს, ისევ და ისევ გამონაბოლქვია.
- ასეთ შემთხვევაში როდის აქვს აზრი ხარჯს? - გააჩნია ძრავის მდგომარეობას. ხანდახან გამონაბოლქვის მიზეზი წვის სისტემის პრობლემებია. სხვა პრობლემების მოგვარებაც შესაძლებელია, მაგრამ ეს ფინანსურად უნდა იყოს გამართლებული. როცა იმდენად ძველია ავტომანქანა, რომ ძრავის გარემონტება არ ღირს, მეპატრონეები აბარებენ, რის შემდეგაც ნაწილებად შლიან და ყიდიან. რაც უფრო დიდია მანქანის ასაკი, მით უფრო დიდია გამონაბოლქვი. ბევრი კლიენტისგან გამიგია, აგვისტოში მიწევს ტექდათვალიერება, მანამდე ვივლი და მერე არ ღირს ამ მანქანის ტექდათვალიერებისთვის ხარჯის გაღება, უმჯობესია, ჩავაბარო და ნაწილებად გავაყიდვინოო.
მეორე პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად იჩენს თავს, სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობაა, მაგრამ მისი შეკეთება იოლია, თანაც გაცილებით იაფად, ვიდრე ძრავას დასჭირდებოდა.
მესამე ადგილზე პრობლემათა ნუსხაში, ალბათ, განათების სისტემაა, საქარე მინის გამოცვლაც ხშირად უწევთ. ამოწმებენ ასევე ღვედებს, აირავზს.