"იტირა და ჩვენც გვატირა. თვალებჩასისხლიანებული მაწანწალას ჰგავდა. ლამის მუხლებში ჩაგვივარდა, არ ითამაშოთ, თორემ თავს მოვიკლავო"
საქართველოში ლუდომანიით თითქმის ყველა ასაკის ადამიანი დაავადდა და რაც ყველაზე საგანგაშოა, მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება.
მას შემდეგ, რაც "პალიტრამედიამ" წამოიწყო პროექტი "არ ითამაშო, იცხოვრე!", მე და ჩემმა კოლეგებმა არაერთი შემზარავი ამბავი მოვისმინეთ ერთნაირი ფინალით - სუიციდით, თვითდაზიანებით, ქვეყნიდან გადახვეწით... ტრაგედიებს დასასრული არ უჩანს. ამჯერად გიამბობთ ოჯახზე, სადაც სამი მამაკაცი მოთამაშეა. ყველა მათგანმა არაერთხელ სცადა თავის მოკვლა. გადარჩნენ, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ კი თამაში განაგრძეს.
31 წლის ნიკა თავისი ოჯახის ტრაგედიაზე გვიამბობს: - დედა დარდობდა, მამათქვენი სულ მუშაობს, მაგრამ სახლში არაფერი მოაქვსო. მერე…ჩემს ცნობიერებაში თანდათან გაჩნდა სიტყვები: თამაში, ტოტალიზატორი, კაზინო, ვალები... დედა თავდაუზოგავად მუშაობდა, მამა კი შუაღამეს მოდიოდა და ჩხუბობდა. შემდეგ ჩვენი ოჯახის ცხოვრება უფრო გაუარესდა - ვალებით დამძიმებულმა დედამ სამუშაოდ თურქეთში გადაწყვიტა გამგზავრება. მაშინ მე და ჩემი ძმა სკოლაში ვსწავლობდით. ჩვენი დატოვება უმძიმდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, მევალეები გვაკითხავდნენ და ბინის წართმევით გვემუქრებოდნენ.
- მამა სად მუშაობდა? - ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, საკმაოდ კარგ პოზიციაზე, მაგრამ თამაშის გამო ჩამოაქვეითეს, ბოლოს გააგდეს. მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ თამაში არ შეუწყვეტია. ერთი სიტყვით, დედა მეზობელ ქალს შეუთანხმდა, ჩემებს კვირაში სამჯერ საჭმელი მოუმზადე და თვეში 100 ლარს გადმოგირიცხავო. ისიც დათანხმდა... დედა ისე გვენატრებოდა, მისი ყველა ნივთის დანახვაზე მე და ჩემს ძმას გული გვეკუმშებოდა. როდესაც მეზობლის ქალმა ჩვენს სამზარეულოში დაიწყო ფუსფუსი, საშინელი აგრესია გაგვიჩნდა. მერე ჩვენი ოჯახები უნებურად დაახლოვდნენ - ხან ჩვენ ვსადილობდით მათთან, ხან მისი შვილიშვილები იყვნენ ჩვენთან. ერთ-ერთი ფეხბურთს თამაშობდა. ის ბიჭი მამაჩემს დაუმეგობრდა. მთელი ღამეები ისხდნენ და რაღაცას არჩევდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ამ ბიჭმაც თამაში დაიწყო. ფეხბურთს შეეშვა, გუნდიდან გააგდეს, მერე კი ნარკოტიკზე შეჯდა.
- თქვენ როგორ დაიწყეთ თამაში? - ერთ დღეს მამა სახლში სასწრაფო დახმარების მანქანამ მოიყვანა. ნასვამი იყო, ხარაჩოდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. ცოტა ხანს შინ მშვიდად იწვა, შემდეგ კი თამაშის "ლომკა" მოაწვა, ხან მე მთხოვდა ფულის ჩარიცხვას, ხან ჩემს ძმას.
- თქვენ საიდან გქონდათ ფული? - დედა გვიგზავნიდა... მაშინ გამიჩნდა ინტერესი, მეც მომესინჯა. უკვე ვხვდებოდი, რომ ჩემი ძმაც მოწამლული იყო. მამა მალევე მიხვდა, რაც გვჭირდა და გადაირია, გინდათ ჩემსავით დაიღუპოთ, მოთამაშეს მომავალი არა აქვს, ყველაფერს კარგავს, მათ შორის კაცობასაცო. იტირა და ჩვენც გვატირა. გაჭაღარავებული, თვალებჩასისხლიანებული, ფრჩხილებდაკვნეტილი ქუჩის მაწანწალას ჰგავდა. ლამის მუხლებში ჩაგვივარდა, არ ითამაშოთ, თორემ თავს მოვიკლავო. მის შემყურეს მიკვირდა, ასეთი მაგალითი თვალწინ მქონდა და თამაში როგორ დავიწყე-მეთქი. იმ ღამეს მამამ დედას დაურეკა, ჩამოდი, შვილები გვეღუპებაო... ჩამოვიდა დედა და რამდენიმე თვე დარჩა. ამასობაში სკოლა დავამთავრე და ჯარში წავედი. ორი წელი არ მითამაშია, მაგრამ მესიზმრებოდა, როგორ ვრიცხავდი თანხას ანგარიშზე, როგორ ველოდი გამარჯვებას, მოგებული ფულის სუნსაც კი ვგრძნობდი. ჯარის დასრულების შემდეგ საკონტრაქტო სამსახური გავაგრძელე. ფიზიკურად ძალიან დატვირთული ვიყავი და ეს დამეხმარა, ცოტა ხნით თამაშზე უარი მეთქვა.
- ძმა ისევ თამაშობდა? - ბოლომდე ისიც ვერ მოსწყდა. ამ თემაზე არ ვლაპარაკობდით. შემდეგ ძმამ ციფრული ტექნიკის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. საღამოობით, როცა ყველა სახლში მიდიოდა, სამსახურში რჩებოდა და ინტერნეტით ონლაინკაზინოში თამაშობდა. კარგად ერკვეოდა ამ სისტემებში და სწრაფად მიდიოდა წინ... ერთ დღესაც დაიკარგა. მთელი მისი სამეგობრო ავაწრიალე, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. ერთმა გოგომ მომწერა, 450 დოლარი მართებს ჩემი და დღეს უნდა მოეტანა, თუ ამის გამო იმალება, როცა შეძლებს, მაშინ დამიბრუნოსო... ამასობაში ჩემი ძმა ვიპოვე - სახლის სახურავზე ეგდო ვენებგადაჭრილი. მეზობლის გოგონები გასარუჯავად ასულან და მათ ნახეს, თორემ მოკვდებოდა... სამსახურიდან გამოუშვეს, თუმცა მალევე დაიწყო ტექნიკის საწყობში მუშაობა. როგორც კი სტაბილური ხელფასი დაენიშნა, ისევ უმატა თამაშს. ისევ ვალები... ონლაინკაზინოებს არ ეშვებოდა. როგორც კი ბარათზე ხელფასი დაერიცხებოდა, მთელ ფულს ონლაინკაზინოში აგებდა. იღებდა ონლაინსესხებსაც. ბოლოს, ყველა რესურსი რომ ამოწურა, სამსახურში ფული და ტექნიკა მოიპარა...
დედა წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა. ერთხელ ბიძაჩემმა დედას სთხოვა, სახლში დაბრუნდი და შვილებს მიხედეო. დედას შერცხვა იმის თქმის, რომ ჯერ ქმრისა და შვილების გამო აღებული ვალები არ ჰქონდა გასტუმრებული და ვითარება შეალამაზა, შვილები უნდა დავაყენო ფეხზეო. ბიძაჩემს არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი გამოხედვით მივხვდი, რაც გაიფიქრა, ისინი კაცები არასდროს დადგებიანო...
მეც არაერთხელ ვცადე თვითმკვლელობა. ერთხელ დედამ მომისწრო და დამიჩოქა, სულ ნუ გამაუბედურებო. უმწეობის განცდა მახრჩობდა. ბანკები სესხს აღარ მაძლევდნენ, მე კი თამაში მინდოდა. ბიჭები გოგონებსა და გართობაზე ლაპარაკობდნენ, მე კი თამაშზე ვფიქრობდი. ამის დროს ყოველთვის ვპოულობდი - ტრანსპორტში, სახლსა თუ სამსახურში ონლაინკაზინოშIი ტელეფონით შევდიოდი და ბოლო თეთრამდე ვთამაშობდი. დასალომბარდებელი რომ არაფერი დამრჩა, ერთ-ერთ საკრედიტო კომპანიას სახელფასო ბარათი დავუტოვე. ჩვენი ბინა უკვე ჩემი ძმის გამო გვქონდა ბანკში ჩადებული. მამას ნერვიულობისგან შაქარმა აუწია და კომაში ჩავარდა. დღემდე გათიშულია. დედა თურქეთიდან დაბრუნდა და მეზობლის ქალს უვლის...
- სამსახური დაკარგეთ? - კონტრაქტი გამიწყვიტეს. ამ მხრივ შეიარაღებულ ძალებში კანონი გამკაცრდა. ახლა მშენებლობაზე ვმუშაობ. მეგონა, მარტო მე ვიყავი დაღუპული და აქ კოშმარი ხდება - 17-18 წლის ბიჭები ათეულობით კილოგრამს ეზიდებიან, ჯანმრთელობას ისპობენ, აღებული ფულით კი კაზინოსა თუ ონლაინბეთებში თამაშობენ...
დედის სიბრალულმა მაინც იქონია გავლენა - ახლა ისე ინტენსიურად აღარ ვთამაშობ, როგორც ჩემი ძმა, მაგრამ ხელფასი რომ ჩამერიცხება, ცივი ოფლი მასხამს და თითები მიცახცახებს - თამაში მინდა...
ეს არის კოშმარი, რომელიც არასდროს სრულდება. მივესალმები და მხარს დავუჭერ ამ ჯოჯოხეთის დახურვის ან შეზღუდვის ყველა პეტიციას, მოთხოვნას, აქციას. თუ ეს კატასტროფა არ შეაჩერეს, დავიღუპებით.