"ივანიშვილს სხვანაირად არ შეუძლია, მისთვის დამარცხება სიკვდილის ტოლფასია" - რას ამბობენ ცნობილი ადამიანები ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე? - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს სხვანაირად არ შეუძლია, მისთვის დამარცხება სიკვდილის ტოლფასია" - რას ამბობენ ცნობილი ადამიანები ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე?

პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მიზეზი კი, რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას გახდა.

აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში

გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათგან ორმა თვალი დაკარგა.

20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს საზოგადოების წარმომადგენლები აფასებენ:

თამარ ჭოხონელიძე, მომღერალი: - საშინლად შეურაცხყოფილი ვარ, სულში ჩაგვაფურთხეს! არ მინდა დავიჯერო, რომ ეს იყო შეგნებული ქმედება, მაგრამ გავრილოვის განცხადება წავიკთხე, როდესაც ამბობს, რომ მე მოწვიეს იმისთვის, რომ სპიკერატში ვმჯდარიყავი, აღშფოთებული ვარ, ეს არის ოკუპირებული ქვეყნისა და მისი წარმომადგენლისგან უდიდესი შეურაცხყოფა, ამას მარტო ბოდიში არ შველის, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ხელისუფლებამ, რომელმაც ამას ხელი შეუწყო... გუშინ ბოლომდე იქ ვიყავი და გაოგნებული ვარ, იმდენად დაუნდობლები იყვნენ, როდესაც შენ სისხლსა და ხორცს ბედნიერი სახით მიუშვერ იარაღს, ვისზე იმარჯვებ - შენს სისხლზე და ხორცზე?

დავით მაღრაძე, პოეტი: - "ქართულმა ოცნებამ" შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ერს. მიუხედავად დემონსტრანტების მხრიდან თვალსაჩინო სამართალდარღვევისა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ხელისუფლებას. მან მოიწვია ოკუპანტი და დაუთმო საქართველოს პარლამენტის მთავარი სავარძელი, რითიც გამოიწვია მოსახლეობის სამართლიანი აღშფოთება.

საქართველოს მოქალაქემ დაინახა, რომ თავისი პარლამენტი "ქართულმა ოცნებამ" დაუთმო ოკუპანტს და სამართლიანად გამოხატა აღშფოთება, იქ არ იყო "ნაცების" და "ოცნების" ხალხი, იქ იდგნენ შეურაცხყოფილი ადამიანები. ბოდიშით რომ არ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი "ოცნებისთვის", ეს ცხადზე უცხადესია. "ნაცმოძრაობამ"  ტანკები შემოუშვა რუსეთიდან, ხოლო "ქართულმა ოცნებამ" ნოხი დაუფინა ოკუპანტს საქართველოს პარლამენტში მთავარი სავარძლისკენ.

გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სასწრაფოდ შეიქმნას პროდასავლური კონსერვატიული ძალების გაერთიანება, ვინც ამ პოლიტიკური აგრესორისგან გაათავისუფლებს საქართველოს მომავალს. "ოცნება", რა თქმა უნდა, არჩევნებს ვეღარ მოიგებს და ვერც უნდა მოიგოს, ასევე ვერ უნდა მოიგონ არჩევნები "ნაცებმა" იმიტომ, რომ ამ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის მორალური უფლება აღარ აქვს.

ია მეტრეველი, (ფეისბუკპოსტი):

- 9 წელი ვიდექით ქუჩაში, საშინელი წნეხის ქვეშ, გარშემორტყმული, თუმცა ერთი ფოთოლი არ ჩამოგვიგდია, რაც გუშინ ვიხილე, გაოცებული ვარ, ასეთი გავეშებული ხალხი არ მინახავს, რომლებიც ლეწავდნენ და ამტვრევდნენ ყველაფერს. სამართალდამცველები კი კანონის ფარგლებში იქცეოდნენ, მადლობა მათ ამისთვის. იქ მყოფ პროტესტანტებს კი მინდა ვუთხრა, როგორ გამოაყენებინეთ თავი "ნაცხროვას", რომლებიც ჯერ მოგიწოდებდნენ პარლამენტში შეჭრისკენ, მერე კი თვითონ გაიქცნენ და მიგატოვეს. როგორ წამოგაგეს ნაცებმა პროვოკაციაზე, დაფიქრდით, ხალხნო. ნუთუ დაგავიწყდათ ვინ არიან ეგენი და რა დღეში ვყავდით 9 წლის ნანძილზე?!

გია ბუღაძე, მხატვარი: - ივანიშვილს სხვანაირად არ შეუძლია, მისთვის დამარცხება სიკვდილის ტოლფასია. პოლიტიკოსი თუ დამარცხდება, შეუძლია წავიდეს და მერე კიდევ სინჯოს ძალები არჩევნებში, ივანიშვილისთვის კი ერთადერთი გზა არსებობს - ტერორი, მოსყიდვა და ა.შ. გუშინ ბიძინასი და მისი ბანდის რეალური სახე დავინახეთ, საკუთარ ხალხზე ასე ნადირობა წარმოუდგენელია, სწორედ იმიტომ, რომ თავის უფროს რუსს ასიამოვნოს და მერე ბოდიშები უხადოს, თავზე დაგვასვა ოკუპანტები. ოკუპანტს გისვამს იმ სავარძელში, სადაც ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა...

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი:

- რა ვთქვა არ ვიცი, ზოგჯერ ქართველებს ძალიან ცუდად გვესმის ჩვენი მოვალეობა, კაცმა უნდა გააკეთოს ის, რაც ევალება. რა თქმა უნდა, თავი არავის უნდა დააჩაგვრინოს, მაგრამ ჯერ უნდა იკითხოს დაჩაგრულია? რა შუაშია მანქანების დალეწვა, ასეთი ვანდალიზმი, ყველაფერს ცუდს ვიღებთ უცხოეთიდან, შეიძლება ეს არეულობა აწყობს ვიღაცას, რომელსაც ქვეყანა ფეხებზე ჰკიდია, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მე მთავრობას კი არ ვუგორებ კოჭს, აქ ორი მხარე რომ არსებობს, ეს არის უკვე უბედურებაა.

იხილეთ ასევე: "უნდა ვმდგარიყავით ისე, რომ არ მოგვეშვა არცერთი პოლიტიკოსი. ხალხის პროტესტი გამოიყენეს სხვებმა" - რას წერენ სოცქსელში ადამიანები, ვინც გუშინ ქუჩაში საპროტესტოდ იდგნენ?

(სპეციალურად საიტისთვის)