"ფულის კეთებაც შემეძლო და პრივილეგიების ხელში ჩაგდებაც, მაგრამ..." - რას ამბობს ბუბა კიკაბიძე პარლამენტთან აქციებზე, პუტინსა და საბჭოთა კავშირზე - კვირის პალიტრა

"ფულის კეთებაც შემეძლო და პრივილეგიების ხელში ჩაგდებაც, მაგრამ..." - რას ამბობს ბუბა კიკაბიძე პარლამენტთან აქციებზე, პუტინსა და საბჭოთა კავშირზე

"რუსეთში ადამიანებს სწყინთ, რომ ჩვენ მათ ოკუპანტებს ვეძახით, მაგრამ აბა სხვა რა უნდა უწოდო კაცს, რომელიც მიწას გვართმევს და იქ მავთულხლართს აბამს?"

თბილისის ცენტრში 20 ივნისიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ჩაჯდომამ გამოიწვია. პროტესტის მონაწილეებს მხარი დაუჭირა ლეგენდარულმა ქართველმა მომღერალმა და მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემაც, რომელსაც Deutsche Welle-ს კორესპონდენტი სახლში ეწვია და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე ესაუბრა.

- ვახტანგ კონსტანტინოვიჩ, საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსი დეპუტატის ჩაჯდომიდან ერთი საათიც კი არ იყო გასული, რომ პარლამენტთან ხალხი შეიკრიბა. რატომ გამოიწვია ამ ფაქტმა ასეთი რეაქცია?

- პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი გვარი ყველამ იცის, მან ერთ-ერთმა პირველმა მისცა ხმა საქართველოსაგან აფხაზეთის გამოყოფას. მეორე მიზეზი ისაა, რომ აფხაზეთის ომის დროს ბევრი ქართველი დაიღუპა და მესამე - არავინ არ იცოდა, თუ იგი საქართველოში ჩამოდიოდა. ამიტომაც ახალგაზრდები აღელდნენ და პარლამენტთან შეიკრიბნენ. იქ უკვე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე დღეა აქცია იმართება, მაგრამ იგი გადადგომას არ აპირებს.

- მაგრამ მინისტრი რომც გადადგეს, რუსეთთან ურთიერთობის თემა მაინც აქტუალური რჩება... - რუსეთთან დამოკიდებულების თემა ჩვენი მარადიული თემაა. აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" მცოცავი ანექსია მიმდინარეობს, იქ მუდმივად ხდება [თვითნებურად დაწესებული] "საზღვრის" ჩვენი ქვეყნის სიღრმეში გადმოწევა, იქ რუსი მესაზღვრეები და აფხაზ-ოსი სეპარატისტები ადამიანებს იტაცებენ და შემდეგ გამოსასყიდს ითხოვენ. აბა, წარმოიდგინეთ - კაცი ერთ მხარეს ცხოვრობს, მეორე მხარეს კი მისი ცოლია დაკრძალული, ეკლესიაც იმ მხარეს არის, მას ვერც სალოცავად წასვლა შეუძლია და ვერც მეუღლის საფლავზე ყვავილების მიტანა. ეს ყველაფერი ძალიან ბინძური მოქმედებაა: мерзопакостно - აქვთ რუსებს ასეთი გამოთქმა.

- რა შედეგს მოუტანს ასეთი ბინძური მოქმედება უბრალო რუს ტურისტებს, რომლებიც თბილისში ჩამოდიან? - ტურისტები საქართველოდან რუსეთში ძალიან კმაყოფილები ბრუნდებიან. მართალია, ახლახან ვლადიმირ პუტინმა საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ტურისტები ჩვენთან მაინც ჩამოვლენ, სხვა მეზობელი ქვეყნების გავლით. ყოველთვის ვამბობ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ცუდი და უსარგებლო სცენარი აქვს საქართველოსთან მიმართებით.

- მაინც რა სცენარი აქვთ? რაიმე გეგმის ნაწილია? - დიახ, მე 15 თუ 20 წლის წინათ ვლადიმერ ჟირინოვსკის გამოსვლას ვუსმინე, რომელიც საქართველოს გუბერნიებად დანაწილებაზე ლაპარაკობდა, დეპუტატები კი უსმენდნენ და ტაშს უკრავდნენ. გეგმა იმაში გამოიხატება, რომ საქართველო დაქუცმაცდეს... ისე მოხდეს, რომ ჩვენთან ცუდი ცხოვრების პირობები შეიქმნას და შემდეგ კრემლმა განაცხადოს - "ჩვენ დაგეხმარებით" და აქ შემოვიდეს. აი, სწორედ ესაა რუსეთის გეგმა. საერთოდ, პატარა ქვეყნის დაპყრობა იოლია, დიდი ქვეყნისა კი ძნელი. რუსები უკრაინაში არ უნდა შემძვრალიყვნენ, უკრაინა პატარა ქვეყანა არ არის, უკრაინელებს თავიანთი სამშობლო ძალიან უყვართ...

- თქვენ გრძნობთ იმ საფრთხეს, რომელიც უშუალოდ რუსეთიდან მოდის? - დიახ, რასაკვირველია. ყოველთვის ვგრძნობ...

- და როგორ აღიქვამთ? - იმით, რომ ადამიანები რაღაც ცუდის მოლოდინში არიან. ამჟამად ეს ყველასათვის აშკარაა, ამიტომაც აქციაზე სტუდენტების დიდი რაოდენობა გამოვიდა. ისინი ცხოვრებას სხვაგვარად უყურებენ, ეს გასათვალისწინებელია. კრემლში ძველი ცნობიერების მქონე მთავრობა ზის, მათი დრო დიდი ხანია წავიდა... რუსეთის ყავლგასულ ხელისუფლებას ძალიან აღიზიანებს საქართველოს სწრაფვა ნატოსაკენ, დასავლეთისაკენ, მოსკოვს აღიზიანებს ის, რომ ჩვენ გვსურს დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ...

- გასულ წელს თქვენ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში თქვით, რომ გძულთ საბჭოთა კავშირის ღერბი. თქვენმა განცხადებამ რუსეთში დიდი ემოციები გამოიწვია, კომენტარები ძალზე ნეგატიური იყო. შეგიძლიათ განმარტოთ თქვენი ნათქვამის არსი? - მე საზღვარგარეთ ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და ვამჩნევდი - როცა იქაურ ადამიანებს ვეუბნებოდი, საბჭოთა კავშირიდან ვარ-მეთქი, ისინი რატომღაც იჭმუხნებოდნენ და სახეზე უკმაყოფილება ეხატებოდათ. ჩვენ ყოველთვის "კაგებეს" თანამშრომლები დაგვყვებოდა. ამის შესახებ ძალიან ბევრი ისტორია არსებობს. უცხოეთში თუ რაიმეს გვაჩუქებდნენ, აუცილებლად სახელმწიფოსათვის უნდა ჩაგვებარებინა. ჩვენ თავს კარგი ქვეყნის მოქალაქეებად არ ვგრძნობდით, მაგრამ ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ: პოლიტიკა სხვაა და ხალხი სხვა. ვიცი, რომ რუსეთში ბევრს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა არ მოსწონს. ისინი თვლიან, რომ მათი პრეზიდენტი სხვის მიწებს იპყრობს, რუსეთს უერთებს და ხვდებიან, რომ ერთ მშვენიერ დღეს ასეთი პოლიტიკა რუსეთს უკან დაუბრუნდება. რუსეთში ადამიანებს სწყინთ, რომ ჩვენ მათ ოკუპანტებს ვეძახით, მაგრამ აბა სხვა რა უნდა უწოდო კაცს, რომელიც მიწას გვართმევს და იქ მავთულხლართს აბამს? სწორედ ესაა ოკუპაცია. ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინს სძინავს და ესიზმრება, როგორ აღადგენს საქართველოს სსრ-ს.

უკვე რამდენიმე დღეა პარლამენტთან აქციები იმართება

- პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტების ერთმა მონაწილემ ასეთი ფრაზა მითხრა: "ვერ დამიჯერებია, მაგრამ ფაქტია, რომ 30 წელია აქციებს ერთი და იგივეს შესახებ ვაწყობთო". როგორც ჩანს, მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთის გავლენა საქართველოში, მაგრამ გეოგრაფიის წინაშე ვერაფერს გააწყობ - იმ დიდი მეზობლისაგან, რომელიც ჩრდილოეთიდან გესაზღვრებათ, ვერსად ვერ წახვალთ... - ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, პატარა ქვეყანა გვაქვს, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩს კი ჩვენი ჯაჭვით დაბმა სურს. მე ერთ-ერთ ტელემარათონში ვმონაწილეობდი და კითხვა დამისვეს - რატომ გინდათ ნატოში გაწევრიანებაო...

- და მართლაც რატომ გინდათ ნატოს წევრობა? - მთელი ჩვენი იმედი იმაში გამოიხატება, რომ დიდი ქვეყნების ლიდერებს გული აუძგერდეთ, იქნებ დაგვეხმარნონ ამ სამხედრო კოალიციაში შესასვლელად. ჩვენი ბიჭები უკვე მერამდენე წელია ნატოელებთან ერთად იბრძვიან [ავღანეთში], ბევრი მათგანი დაიღუპა. მართალია, რუსეთთან უსიამოვნება გვაქვს, მაგრამ განა ჩვენი ასე მიტოვება შეიძლება?. საქართველო შეიძლება ძალიან იოლად გაქრეს, მაგრამ ქართველები მუხლზე არ დაიჩოქებენ...

- რას ფიქრობთ უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის შესახებ? - მას კარგად ვიცნობ, ძალიან კარგი და შესანიშნავი ადამიანია, განათლებული და ტალანტიური. მისი თაობა აბსოლუტურად სხვა თაობაა და ყოფილი საბჭოთა მოქალაქეებისაგან ძალიან განსხვავდებიან.

- თქვენ თუ "წახვიდოდით" პოლიტიკაში? - ჩემი ფსიქოლოგია პოლიტიკოსის პროფესიას ვერ ეგუება. რა თქმა უნდა, მე სკამზე ჯდომაც შემეძლო, ფულის კეთებაც და პრივილეგიების ხელში ჩაგდებაც... მაგრამ რად მინდა ეს ყველაფერი?

- ვთქვათ და ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს შეხვდით. რას ეტყოდით? - ვეტყოდი, რომ მას ძალიან ცუდი სცენარისტი ჰყავს. ჩვენ ორივე - რუსებიც და ქართველებიც - მართლმადიდებელი ხალხი ვართ, ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთთან უნდა იმეგობრონ, მაგრამ სრულიად პირიქით ხდება.

- რამდენი წელია რუსეთში არ ყოფილხართ? - უკვე თითქმის 11 წელია...

- არ გენატრებათ? - ძალიან... ბევრ წერილს ვიღებ რუსეთიდან.

- და რას გწერენ? - მწერენ, რომ პოლიტიკოსები და ხალხი სხვადასხვანაირად ფიქრობენო. მაგრამ მე თავიდანვე, როცა მეგობრობის ორდენზე უარი ვთქვი რუსული ტანკების ჩვენს ტერიტორიაზე დანახვისას, გავიფიქრე, რომ თუ ორდენს მივიღებ, ჩემი შვილიშვილების თვალებში ჩახედვისა შემრცხვება-მეთქი. იმიტომ, რომ შვილიშვილები გაიზრდებიან და სახეში შემაფურთხებენ. მაგრამ მაინც არ მეგონა, თუ ამდენი სისაძაგლე დაიწერებოდა ინტერნეტში.

- რას ეტყოდით თქვენს თაყვანისმცემლებს რუსეთში? - მე მათ ერთ რამეს ვეტყვი: ძალიან მიყვარხართ, მე დიდი პროგრამა მაქვს რუსულ ენაზე. და როცა ძალიან მომინდება ხოლმე ამ სიმღერების რუსულად შესრულება, უკრაინაში მივდივარ და იქ ვმღერი. უკრაინელები სიამოვნებით მისმენენ. ყველას ვუსურვებ ბედნიერ ცხოვრებას პოლიტიკის გარეშე და ისეთ ხელისუფლებას, როგორიც მათ აწყობთ. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ადრე არასდროს ვნახულობდი სიზმარში, რაც წავიდა, მას შემდეგ კი სულ მესიზმრება" - რას ნანობს ბუბა კიკაბიძე?

მოამზადა სიმონ კილაძემ