"საქართველოთი მას შემდეგ დავინტერესდი, რაც "მონანიება" ვნახე" - ჰაიატე სოტომე - ტოჩინოშინის "ქართველი" მეგობარი
ქართულ ენაზე გამართულად წერა ბევრ ჩვენგანზე უკეთ შეუძლია. არც ლაპარაკი უჭირს და ინტერვიუს დროსაც ქართულად ვისაუბრეთ... 28 წლის ჰაიატე სოტომე იაპონელი ქართველოლოგია, რომელიც ქართველ სუმოისტებს, ძიუდოისტებსა და მოცეკვავეებს იცნობს, იაპონიაში შემოდგომაზე გასამართ რაგბის მსოფლიო თასზე კი ბორჯღალოსნების თარჯიმნად იმუშავებს. ქართული სპორტის გარდა, ძალიან უყვარს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, მთლიანად ქართული კულტურა, ხელოვნება, სამზარეულო. "როგორც კლდემ იცის", მეც ისეთივე სიტყვაძვირი ვარო, მაგრამ... ქართველებს მაინც შემოგვითვალა სამი მთავარი სიტყვა, რომლებსაც ინტერვიუს ბოლოს წაიკითხავთ. იაპონელ ქართველოლოგთან დაკავშირების იდეა მისი და ტოჩინოშინის ერთობლივი ფოტოს ნახვის შემდეგ გამიჩნდა, თუმცა ჰაიატე სოტომესთან მხოლოდ სპორტზე არ გვილაპარაკია:
- ჰაიატე, გაგვეცანით: საიდან ხართ და როდის დაინტერესდით საქართველოთი?
- დავიბადე ქალაქ უცუნომიაში, რომელიც ტოკიოდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 100 კილომეტრზე მდებარეობს და ტოჩიგის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრია (სხვათა შორის, სწორედ ტოჩიგის პრეფექტურიდან არის ტოჩინოშინის კლუბ "კასუგანოს" პრეზიდენტი და ლევანის "შიკონის" თავსართი "ტოჩიც" ამას აღნიშნავს. - რ.შ.). თავდაპირველად რუსულ ენას ვსწავლობდი, მაგრამ ერთხელ უნივერსიტეტის პროფესორმა ლექციაზე გვიჩვენა თენგიზ აბულაძის ფილმი "მონანიება" და... საქართველოთი სწორედ მას შემდეგ დავინტერესდი.
- ცხადია, ინფორმაციასაც მოიძიებდით ჩვენს ქვეყანაზე... როგორი წარმოგედგინათ და სინამდვილეში როგორი დაგხვდათ საქართველო? - ჩემს უნივერსიტეტში იყო ქართული ენის მცოდნე იაპონელი იასუჰირო კოჯიმა, რომელიც, თუ არ ვცდები, ორი წელიწადი ცხოვრობდა თქვენს ქვეყანაში. თავდაპირველად, ინტერნეტში წავაწყდი კოჯიმას წერილს საქართველოში მისი ცხოვრების შესახებ. მოგვიანებით, როცა ქართულის შესწავლა დავაპირე, მასთან კვირაში ერთხელ დავდიოდი და წარმოდგენა თქვენს ქვეყანაზე მისი წყალობითაც შემექმნა.
ჩემთვის, როგორც ლიტერატურათმცოდნისა და ქართველოლოგისთვის, მთავარი ხიბლი თქვენი კულტურა და ლიტერატურაა, რომელიც ძალიან მდიდარია და უდიდესი ისტორიაც აქვს, მაგრამ მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობია. ტურისტული თვალსაზრისით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ულამაზესი ბუნება, რომელიც, ჯერჯერობით, ხელშეუხებლად არის შენარჩუნებული.
- გაგიჭირდათ ქართული ენის შესწავლა? - გრამატიკა, კერძოდ, ზმნები, ძალიან რთულია, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიე. დღეს წერა უფრო მიადვილდება, რადგან თანამედროვე ქართულ ანბანში მხოლოდ 33 ასო-ბგერაა, იაპონურში კი, როგორც იეროგლიფურ დამწერლობებში, გაცილებით მეტი. რაც შეეხება ლაპარაკს, უნივერსიტეტში "ოფიციალურ ენაზე" ლექციის მოსმენა უფრო ადვილია, ვიდრე, მაგალითად, მეგობრებთან შინაურულად, ჟარგონით ლაპარაკი.
- ინტერვიუს მთავარ თემაზე გადავიდეთ: სხვა იაპონელების მსგავსად, ალბათ, სუმო თქვენც გიყვართ, მაგრამ როგორც ვატყობ, ეს სახეობა ახალგაზრდებში აღარ არის ისეთივე პოპულარული, როგორიც ძველ თაობებში იყო. ყოველ შემთხვევაში, ბაშოს დროს დარბაზში უმეტესობა ასაკოვანი ხალხია... ვცდები? - მართალი ხართ. ბაშო იაპონიის დროით დაახლოებით 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში იმართება, როცა ახალგაზრდების უმეტესობა სამსახურშია. თანაც, ბილეთები ისეთი ძვირია, ბევრი ვერ ახერხებს სუმოს დარბაზში ყურებას და ამიტომ ბაშოს მაყურებელს შორის მართლაც ასაკოვანი გულშემატკივრები სჭარბობენ.
- ტოჩინოშინთან გადაღებული ფოტოთი მივხვდი, რომ ჩვენს სუმოისტებს რამდენჯერმე შეხვედრიხართ. ქართველები როდის გაიცანით? - ტოკიოში მცხოვრები ქართველების უმეტესობას ვიცნობ. ცხადია, შორიდან ლევანსაც ვიცნობდი და გაგასაც, მაგრამ ტოჩის პირველად შარშან შემოდგომაზე შევხვდი, როცა ანსამბლი "რუსთავი" იაპონიაში საგასტროლოდ ჩამოვიდა. ანსამბლის ერთ-ერთი მომღერალი ტოჩინოშინის მეგობარია, ლევანი კონცერტზე მოვიდა და სწორედ იქ გავიცანი.
- იაპონელ გულშემატკივრებს ძალიან უყვართ "ცისფერთვალება სამურაი" ლევან გორგაძე. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? წლებია, სუმოში მონღოლების ჰეგემონია გრძელდება, იაპონელი რიკიშები კი იშვიათად ახერხებენ "იმპერატორის თასის" მოგებას. შესაძლოა ლევანის პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მონღოლების დამარცხებით იაპონელების "ჯავრს იყრის"? - არადა, ლევანიც ხომ უცხოელია, მაგრამ ფაქტია, იაპონიაში მართლაც ძალიან პოპულარულია. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ქართველი ფალავანი გამორჩეულია აღნაგობით, ხასიათით, ბრძოლის სტილით, თანაც, სწორად აღნიშნეთ, წლებია, სუმოში მონღოლების (ძირითადად, "ჰაკუჰოსა" და "კაკურიუს") ჰეგემონია გრძელდება, ამიტომაც ტოჩის მიერ "იმპერატორის თასის" მოგებამ იაპონელები ძალიან გაახარა.
- მაისის ბაშო ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური გამოდგა ბოლო წლების განმავლობაში: მსაჯების შეცდომამ გამარჯვება "ასანოიამას" მიაკუთვნა, ტოჩინოშინს კი მოგებული შეხვედრა და ჩემპიონობის შანსი წაართვა. რა გამოხმაურება მოჰყვა ამას იაპონიაში? - სკანდალი მართლაც მოჰყვა, მაგრამ იაპონელების 90%-ზე მეტმა იცის სიმართლე - ვიდეოგამეორება ნახეს და დარწმუნდნენ, რომ სინამდვილეში ტოჩიმ გაიმარჯვა. სამწუხაროდ, ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა. სუმოს სამყაროს ერთ ნაწილს ისე ძალიან უნდა იაპონელი მოჭიდავეების ჩემპიონობა, მართლაც აქვთ ერთგვარი რასისტული მიდგომა. მე არ მომწონს, რომ ეს გავრცელებულია არა მხოლოდ სუმოს "მამებს", "ოიაკატებს" (სუმოს მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელი. - რ.შ.) შორის, არამედ სუმოს მაყურებელთა ერთ ნაწილშიც.
- მოგვიანებით, სუმოს ხელმძღვანელობამ აღიარა მსაჯების შეცდომა, მაგრამ რაღა დროს... კიდევ კარგი, რომ ლევანმა მაინც მოახერხა "ოძეკის" ტიტულის დაბრუნება... - როგორც გავიგე, სუმოს ასოციაციამ შეცდომა ოფიციალურად არ აღიარა, მხოლოდ კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ აშკარა შეცდომა იყო. კარგია, რომ ტოჩინოშინი ისევ "ოძეკია" და კვლავაც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, მაგრამ მისი ასაკისა და ტრავმების გათვალისწინებით "იოკოძუნას" წოდების მოპოვება ძალიან ძნელი იქნება - ამისთვის "ოძეკიმ" ზედიზედ ორ ბაშოზე უნდა აიღოს თასი. იმედია, ლევანი "იმპერატორის თასს" კიდევ მოიგებს...
- ბოლო ბაშოებზე წარმატებით ასპარეზობს გაგამარუც (თეიმურაზ ჯუღელი). როგორ ფიქრობთ, გაგა მალე დაუბრუნდება უმაღლეს დივიზიონს? - სუმოს ექსპერტად ვერ გამოვდგები, ბილეთების სიძვირის გამო ბაშოზე დასწრებას ვერ ვახერხებ, მაგრამ ტელევიზიით ვუყურებ და იმედია, გაგამარუ მალე დაიბრუნებს თავის ადგილს ელიტაში. მინდა "მაკუუჩიში" მისი ორთაბრძოლების რეპორტაჟებსაც ვუყურო.
- რაგბიც გიყვართ? ყოველ შემთხვევაში, ის მაინც გეცოდინებათ, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს მსოფლიო თასზე, რომელსაც იაპონია მასპინძლობს. - დიახ, რაგბიც მომწონს. მსოფლიო თასის შესახებ კი არა მხოლოდ ვიცი, გარკვეულწილად მისი მონაწილეც ვიქნები. როგორც გითხარით, შარშან ანსამბლ "რუსთავის" წევრებს ვეხმარებოდი იაპონელებთან კომუნიკაციაში, ამჯერად კი ქართველ მორაგბეებთანაც ვიმუშავებ თარჯიმნად. ასე რომ, ველი თქვენი გუნდის იაპონიაში ჩამოსვლას!
- ქართული სპორტის შესახებ კიდევ რა იცით? - ვიცი, რომ გყავთ ძალიან მაგარი ძიუდოისტები, რომლებიც სულ ჩემპიონობისთვის იბრძვიან და იაპონიაშიც ხშირად ჩამოდიან ერთობლივ შეკრებებზე. ძალოსნობაშიც უძლიერესი ხართ.
- 2020 წელს ტოკიო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებსაც უმასპინძლებს. ოლიმპიადისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიდის? - მცირე პრობლემები იყო, მაგრამ, როგორც ვიცი, ამ ეტაპზე ყველა საკითხი მოგვარებულია და უდიდესი სპორტული ღონისძიებისთვის მზადება გეგმის მიხედვით გრძელდება. ისე კი, იაპონიის ეკონომიკა შემცირდა და ექსპერტების ვარაუდით, კიდევ უფრო შემცირდება, რადგან შობადობის კატასტროფული კლების გამო ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს უკვე მოხუცები შეადგენენ. იაპონიაში ახალგაზრდობა ძალიან ცოტაა და სწორედ ეს არის ქვეყნის მთავარი პრობლემა!
- დემოგრაფია საქართველოსთვისაც უდიდესი პრობლემაა. კიდევ რა აქვთ საერთო და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩვენი ქვეყნები? - იაპონელებს უყვართ სიწყნარე, სიმშვიდე, ქართველები კი, პირიქით, ემოციური ხალხია. გარდა ამისა, ქართველებს ძალიან მოსწონთ ისტორია, თავიანთი ტრადიციები... იაპონელებსაც, მაგრამ არა ისე ძლიერად, როგორც თქვენ.
- თქვენ, იაპონელ ახალგაზრდას, რა მოგწონთ საქართველოში? თუნდაც იმ სფეროში, სადაც მუშაობთ. - ამჟამად ვმუშაობ სადოქტორო ნაშრომზე, რომელიც ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას ეხება. ძალიან მომწონს ვაჟა, რომელიც არა მარტო დიდი პოეტი, არამედ უდიდესი მოაზროვნეც არის, ბუნების მგოსანია. დაწერილი აქვს ისეთი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ნაწარმოებები, რომლებიც კარგად გვესმის იაპონელებსაც...
- კიდევ? - ძალიან მომწონს საქართველოს ბუნება, ისტორია, კულტურა, სამზარეულო... განსაკუთრებულად მიყვარს ხინკალი. სხვათა შორის, ფშაური და პანკისური ხინკალიც ძალიან მომეწონა. მომწონს ქართული კინოც. როგორც გითხარით, საქართველოთი მას შემდეგ დავინტერესდი, რაც "მონანიება" ვნახე. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და პირველ ჯერზე ბოლომდე ვერც ჩავწვდი ამ რთული ფილმის ღრმა შინაარსს. შარშან ხელმეორედ ვუყურე, რადგან პატარა სტატია მქონდა დასაწერი ქართული კინოს შესახებ და სულ სხვანაირად დავინახე. კიდევ? მომწონს "ცისფერი მთები", "ჯარისკაცის მამა" და სხვ.
- თენგიზ აბულაძის ტრილოგიიდან "ნატვრის ხეც" ნანახი გქონიათ. იაპონიაში თუ არსებობს ნატვრის ხეები და თქვენი მთავარი ნატვრა?
- იაპონურ ნატვრის ხეებს "ტანაბატას" უწოდებენ - სურვილებს ქაღალდის წვრილ ზოლებზე წერენ და ხეზე კიდებენ. რაც შეეხება ჩემს ნატვრას და გეგმას, მინდა აკადემიურ სივრცეში თავი შევინარჩუნო როგორც ქართულის მასწავლებელმა და ლიტერატურათმცოდნემ.
- მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა თავის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა "აუკრძალა", დაიწყო კამპანია Spend your summer in Georgia. თქვენ რას ურჩევთ იაპონელებს, რატომ უნდა "გაატარონ ზაფხული" (ცხადია, არა მარტო წლის ეს პერიოდი) საქართველოში? - იმიტომ, რომ იაპონელებმა საკუთარი თვალით ნახონ, როგორ უყვართ საქართველოში სტუმარი! თქვენ მკითხეთ, რას ვეტყოდი მე, ქართველების მოყვარული იაპონელი ქართველოლოგი ჰაიატე სოტომე, ქართველ ხალხს. მეც ისეთივე სიტყვაძვირობა ვიცი, "როგორც კლდემ იცის", ამიტომ მინდა მხოლოდ სამი სიტყვა გითხრათ: "გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!" აი, ეს არის ჩემი სათქმელი...