"რუსთავი 2"-ის საქმე - რა ხდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე?
ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა სასამართლომ ორწლიანი განხილვა დაასრულა ტელეკომპანიის წილების საქმესთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. ამას გარდა, სასამართლომ ძალაში არ დატოვა აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი, რომლის თანახმადაც 2017 წელს ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს აღარ გადაუფორმდა.
"სასამართლო ერთხმად აცხადებს, რომ მეორედან მეოთხემდე მოსარჩელეების სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 § 1 მუხლის ფარგლებში, რომელიც მოსამართლეების თ.უ, ნ.გ, მ.თ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეხება დასაშვებია, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი არა;
სასამართლო ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს წესების 39-ე მუხლის გამოყენების შეწყვეტის შესახებ;
სასამართლომ დაადგინა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თ.უ-ს მიერ, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. სასამართლომ ერთპიროვნულად დაადგინა ასევე, რომ არ დარღვეულა მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელშიც შედიოდა მოსამართლე ნ.გ. გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ დარღვეულა მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის კოლეგიის მხრიდან, რომელშიც შედიოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე მ.თ.", - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
"რუსთავი 2"-ის საქმე ქართულ სასამართლოებში
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული "რუსთავი 2" ძმებ ყარამანიშვილების მფლობელობაშია. ლევან ყარამანიშვილი წილების 22%-ს ფლობს, გიორგი ყარამანიშვილი კი - 18%-ს, 9%-იანი წილი კი ნინო ნიჟარაძეს ეკუთვნის. "რუსთავი 2"-ის 51%-ს ტელეკომპანია "საქართველო" ფლობს, რომლის 25%-25%-ს - გიორგი და ლევან ყარამანიშვილები, 50%-იან წილს კი ნიკოლოზ ნაყოფია ფლობს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ნაყოფიას შვილია.
2012 წლის ნოემბრიდან "რუსთავი 2"-ის დირექტორი განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ასევე მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია გახდა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრეტენზიას რამდენიმე მფლობელი გამოთქვამდა. მათ შორის იყო ქიბარ ხალვაშიც, რომელმაც "რუსთავი 2-ის" 100%-იანი წილი 2007 წელს გაასხვისა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების - ძმები ყარამანიშვილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და თქვა, რომ წილები იძულებით დაათმობინეს. საქართველოში ქიბარ ხალვაშმა სამივე ინსტანცია მოიგო.
2017 წლის 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ხალვაში ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად გამოაცხადა. თუმცა, "რუსთავი 2"-ის იურისტებმა განაჩენი სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს. ევროპულმა სასამართლომ კი საქმის განხილვამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე, 2017 წლის 3 მარტს მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ჩამოართვა.
სტრასბურგის სასამარლოში ტელეკომპანიის საქმეზე 4 მოსარჩელე იყო: შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" და მისი მფლობელები: შპს ტელეკომპანია საქართველო და ბიზნესმენი ძმები — ლევან და გიორგი ყარამანიშვილები.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოხმაურება საქართველოში
ქიბარ ხალვაში: "დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" წამართვეს".
თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი: "გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ ვინაიდან "რუსთავი 2"-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად იქნა ცნობილი, სასამართლო აღარ თვლის საჭიროდ, რომ შეჩერების ღონისძიება იყოს ძალაში და ის არის მოხსნილი. სარეზოლუციო ნაწილიდან ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად და შვიდივე მოსამართლის ერთსულოვანი აზრია. შეჩერების მოხსნის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას და ის დღეიდან არის ძალაში... სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის შეიძლება შეჩერების შესახებ მოხსნის გადაწყვეტილება აღსრულდეს. ეს მთლიანად დამოკიდებულია ტელეკომპანიის იმ მესაკუთრეზე, რომელიც უზენასი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, არის ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია. ამასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ერთხმად თქვა, რომ საკუთრების უფლება არ დარღვეულა, რომ სამათლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა და აქედან გამომდინარე, ახალ მესაკუთრეს აქვს თავისი გადაწყვეტილების თავისუფლება, რაზეც თავად გვეტყვის, ალბათ".
ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი: "ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს. გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, მოთხოვნების არ დაკმაყოფილებასთან ერთად, ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ...".