"ცუდი ის არის, რომ ერთ ქურდს წაართმევენ და მეორე ქურდს მიაკუთვნებენ" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას?
სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტით, კანონიერად ცნეს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების თაობაზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულკიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო "რუსთავი2"- ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც და საქართველოს სახელმწიფოს ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აფასებენ სოციალურ ქსელშიც:
გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "ვინმეს მოსწონს თუ არა, გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა მისი ეჭვქვეშ დაყენება უკვე პრო კი არა, ანტი-დასავლურ განწყობებს შექმნის. ამასთანავე, კრიტიკული, თუნდაც აგრესიული მედია პლატფორმის არსებობა ჩვენს სინამდვილეში აუცილებელია. მალე გამოჩნდება, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ის, რასაც ქვია ადამიანური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური რესურსი. ყველა შემთხვევაში, ახლა გადავიდნენ სიმწიფის და გუნდური მდგრადობის ტესტირების რეჟიმში. ვნახოთ..."
მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: "ზოგადად, ქვეყანაში რაც მეტი არხი იქნება, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, მით უკეთესია დემოკრატიისთვის, - ეს იყო ყოველთვის ჩემი, როგორც ჟურნსლისტის პოზიციის ამოსავალი რ2-თან დაკავშირებით და ახლაც ამ აზრზე ვრჩები, თუნდაც ეს არხი პარტიული იყოს. მაგრამ სასამართლოში დავა საკუთრების უფლებაზე იყო და აქ სტრასბურგმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო."
თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი : "ქარს დათესავ? ქარიშხალს მოიმკი და ის ქარიშხალი შენვე წაგლეკავს. ვაზაგაშვილის საქმეზე დღევანდელი გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმის მსგავსად, მორიგი ლოდია სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავზე. სამწუხაროდ, ყველამ ვერ იპოვა სამართალი ჯერ, და მათ შორის "რუსთავი 2-ის" ნამდვილი მესაკუთრეებიც არიან. დავით დვალი, ურემი ნელა დადის, მაგრამ აუცილებლად მოვა შენამდე.
იმედია, ახლა ევროსასამართლოს გმობის, ბიძინამ იყიდა ყიჟინას სერიალს არ ვნახავათ.
ამ ისტორიაში ცუდი ის არის, რომ ერთ ქურდს წაართმევენ და მეორე ქურდს მიაკუთვნებენ. თორემ გადაწყვეტილება სრულიად გასაგები და ლოგიკურია.
ეს ქარიშხალი 20 ივნისის საქმეზე კი აუცილებლად იმათ წალეკავს, დღეს რომ ბედნიერების დროშები აღმართეს. მაინც გახსოვდეთ.
P.S. თავისუფალი ინტერპრეტაციის გურუებმა რამე რომ არ დამაბრალოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არც ეჭვქვეშ ვაყენებ და არც რამე პრობლემას ვხედავ"
თეო ტლაშაძე, ყოფილი პარლამენტარი: "აი, იმ ლოგიკას ვერ ვხვდები, ვაზაგაშვილის საქმეზე, ევროპის სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა და რუსთავი 2-ზე არა?!
P.S. ისე გაბუნიამაც დაგისხათ ცეცხლზე ნავთი, რომ იცოდეთ..."
მამუკა ღლონტი, ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი მფლობელი: "რ2" ნათელში გამყოფოს.. "მაესტროს" გადაეცი რომ გვახსოვს..."