"დაგვავიწყდა წესრიგი - წესი და რიგი!"
"ნელ-ნელა წვერი მითეთრდება, გამოცდილება მემატება, მაგრამ მაინც წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ შეიძლება ადამიანი ადამიანს არ ენდოს?!"
მიუხედავად იმისა, არაერთი როლი აქვს განსახიერებული, ზურაბ ცინცქილაძის სახელის გაგონებისთანავე უმალ მისი მევლუდი გვახსენდება ამავე სახელწოდების ფილმიდან. "ამ როლზე მუშაობისას სამართლიანობისთვის ბრძოლის განცდა მქონდა. საერთოდ, ქართველები გამუდმებით უსამართლობას ვებრძოდით", - ამბობს მსახიობი. ბატონ ზურაბს ინტერვიუსთვის ბათუმში დავუკავშირდით.
- ამას წინათ ერთ პიროვნებას ვკითხე: ვთქვათ, სადღაც ვსხედვართ და შემოვიდა უფროსი ადამიანი, უნდა ავდგეთ ფეხზე-მეთქი? თქვენი ნებააო, მიპასუხა. ეს დემოკრატიაა, მაგრამ წესი როგორაა?! აჭარაში თაობებს გადაეცემა წესები - რას ნიშნავს დიდი პაპაი, კაი გლახა და ადგომა-დაჯდომა, რაც ქცევის ნორმებს გულისხმობს. აჭარის მთიანეთში და თურქეთის მხარეს მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები კაცს რომ გაიცნობენ, იკითხავენ ხოლმე, როგორი ადგომა-დაჯდომა იცისო. ახლა წესისა და რიგის დავიწყების პირას ვართ.
- ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე რას იტყვით? - ერთმნიშვნელოვნად, პროვოცირებას უკეთებენ რაღაცას. წინააღმდეგობა და კონფლიქტი ვიღაცისთვის ბიზნესია...
- რამდენიმე კვირაა აქციები მიმდინარეობს... - რისთვის? დაგვავიწყდა წესრიგი, - წესი და რიგი! სამარცხვინოდ ვიქცევით, ტელევიზიით გამოვდივართ და რას არ ვკადრულობთ?! დავით აღმაშენებლის სჯულის კანონის თანახმად, გეხსომებათ, ბილწსიტყვაობა როგორ ისჯებოდა - ამისთვის ენას ბასრი დანით შუაზე უჭრიდნენ. ახლა ამის გამო თუ არ შევშფოთდებით, ესე იგი, შევეგუეთ.
- გურიაში ბებიაჩემის სამზადში შუაცეცხლიდან ადენილი ფუტი (კვამლი) მენატრება ყველაზე მეტად, ოდისევსივითო, - წერდით. - "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემისო" - ილიაც ხომ ამბობს. ამიტომაც უნდა შევეცადოთ, ბავშვის სულს დავამჩნიოთ ყველაფერი ღირებული. ბებიას გაზრდილი ვარ. სოფელ შუხუთში ვიზრდებოდი. ჩემში თუ რამე დადებითია, ბებიასგან მაქვს.
არტისტობაზე ფიქრი ბავშვობიდან მომეძალა, მაშინ, როცა პირველად ვნახე ტელევიზორში "მაია წყნეთელი". მეგონა, რეალურად ხდებოდა ის, რასაც ვუყურებდი, და ცხადია, ფინალის დროს გულდათუთქული ავტირდი. დიდი ხანი მოანდომა ბებიამ ჩემს დამშვიდებას, ნუ ტირი, ბებია, ეგენი არტისტები არიან, მართლა კი არ მომკვდარან, ყველანი ცოცხლები არიანო. ბიჭო, რა კარგი ყოფილა არტისტობა, მეც ხომ შეიძლება გავხდე არტისტი-მეთქი, და ამის შემდეგ ეს ფიქრი არ ამომსვლია თავიდან.
ეს ისეთი პროფესიაა, რომლის წყალობითაც შეგიძლია რამდენიმე კაცის ცხოვრებით იცხოვრო. ერთ ადამიანს ერთი კაცის ცხოვრება არ ჰყოფნის, ჩვენ ხომ გაუმაძღრები ვართ.
- ერთგან ბრძანებდით, ჩემი კეთილშობილების გამო არასწორი გადაწყვეტილებაც მიმიღიაო. რას გულისხმობდით? - ბევრჯერ სიკეთე გამიკეთებია, ვიღაცებს კი უთქვამთ, რას გადაჰყევი, არ იცოდი, რომ არ დაგიფასდებოდაო? კაცო, მე მეკითხები? წადით და იმას ჰკითხეთ, როგორ მოუვიდა, რომ ჩემი სიკეთით ბოროტად ისარგებლა. დალოცვილო, სახლი ჩავდე მის გამო ბანკში, ხელი რომ გამემართა, მან კი საერთოდ დამაკარგვინა. ამის გამკეთებელმა იცოდა, რა საფრთხეშიც მაგდებდა, ამიტომ ყველაფერი არ არის საპატიებელი, მაგრამ პატიება მაინც დიდი გრძნობაა.
ნელ-ნელა წვერი მითეთრდება, გამოცდილება მემატება, მაგრამ მაინც წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ შეიძლება ადამიანი ადამიანს არ ენდოს?!
- როგორც შევიტყვე, ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ გადაგხდათ. ახლა სად ცხოვრობთ? - იმავე ბინაში. ვინც ეს ბინა იყიდა ბანკისგან (არც ის იყო უცხო), იმ თანხას, რაც გადაიხადა, კიდევ დაამატა და ისე მომყიდა უკან, მოგება ხომ უნდა ვნახო, ეს ჩემი ბიზნესიაო. ეს ბინა რომ არ გამომესყიდა, შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის რა პასუხი გამეცა?! ხანდახან ჩემი მეუღლე ამბობს (მის სახელზე იყო ბინა), როგორ ვიფიქრებდი, რომ ზურას რამე შეეშლებოდაო. უნდა ეფიქრა, როგორც ჩანს... იმდენი ვინერვიულე, კინაღამ მოვკვდი. ორ საფეხურს ვეღარ ავდიოდი, ვერ ვსუნთქავდი. სწორედ ამ დროს, სახლიდან გამოგდებული რომ ვიყავი და ტანისამოსს მანქანით დავატარებდი, სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" დირექტორის როლს ვთამაშობდი - ძალაუფლების მქონე კაცს და ახლა რომ ვუყურებ, ერთ-ერთ სერიაში ძლივს ვლაპარაკობ, ხმა აღარა მაქვს... როგორ გადავრჩი, მიკვირს.
- რადგან ბათუმში ხართ, დავინტერესდები, როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი? - ამ დღეებში ბანკეტზე ვიყავი ერთ-ერთ სასტუმროში და 2 ბელორუსი სტუმარი დამხვდა. ჯერ მოსკოვში ჩავფრინდით, იქიდან ერევანში, ბათუმამდე ასე ჩამოვედითო. წუწუნებენ სასტუმროების მეპატრონეები, მაგრამ ტურისტები მაინც დადიან. სანაპიროზე რომ გაივლი, რუსული საუბარი ისმის, გამყიდველებიც რუსულად ეპატიჟებიან მუშტარს, "გარიაჩაია კუკურუზაო". დილაობით ვცურავ და სავსეა სანაპირო.
- "მევლუდზე" მიამბეთ, რამდენი წლისამ განასახიერეთ ეს პერსონაჟი? - 30 წლის ვიყავი, მევლუდი რომ ვითამაშე. მალე ეს ფილმი 35 წლის ხდება, გასაახლებელია, ფერი აქვს დაკარგული, ალაგ-ალაგ სიტყვებიც აღარ ისმის. საბედნიეროდ, გამოჩნდა ღვთისნიერი კაცი - ასლან მჟავანაძე, აღვადგინოთ ფილმიო და ამ დღეებში მუშაობას შევუდგებით. რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება ამ პერსონაჟის გარეშე, არ ვიცი. თავიდან ვწუხდი, მხოლოდ მევლუდთან რომ ხდებოდა ჩემი ასოცირება, მერე დავაკვირდი, რომ ასევე იყვნენ ჩემი უფროსი კოლეგები, ოთარ კობერიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი... უამრავი პერსონაჟის მიუხედავად, ერთი - დათასთან, მეორე ბაში-აჩუკთან ასოცირდებოდა. უყვარს მაყურებელს ჩოხიანი, თოფიანი, ცხენზე მოჯირითე ეროვნული გმირები. განგებამ ინება და მევლუდი ჩემს სავიზიტო ბარათად იქცა.