"მზის ბიჭი" შინ "დაბრუნდა"
ნაზი ალხანაშვილი: "მამას რომ ომში ვაცილებდით, სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ, თარიღიც აქვს ფოტოს მიწერილი - 1941 წლის 28 ივნისი, მაშინ 4 წლის ვიყავი"
რამდენიმე თვის წინ მივლინებით გერმანიაში ვიმყოფებოდი, ჩვენი მასპინძელი გერმანიაში გათხოვილი ქართველი მეგი სტემპენი იყო, რომელიც თავისუფალ დროს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების საფლავებს ეძებს. მეგი მათ "მზის ბიჭებს" უწოდებს. მისი მონდომებით 200-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველის საფლავია ნაპოვნი. 70-ზე მეტი წლის შემდეგ ბევრს ჭირისუფლის ცრემლი ეღირსა.
მას შემდეგ, რაც ცაიტჰაინის ტყვეთა ბანაკის გათავისუფლების იუბილეს დავესწარით, "კვირის პალიტრაში" სტატია დაიბეჭდა, სახელწოდებით "სიკვდილის ბანაკი", სადაც ვწერდით, რომ დაღუპულთა სიაში ქართული გვარების ამოცნობა ცაიტჰაინის ტყვეთა სასაფლაოზე ადვილია, როგორც წესი, უმრავლესობა სხვა გვარებზე გრძელია. ამ სტატიის დაბეჭდვის შემდეგ რედაქციაში არაერთი მკითხველი დაგვიკავშირდა. ერთ-ერთია ცისანა გიაშვილი, რომელიც ვარაუდობდა, რომ ჩვენს სტატიაში მოხსენიებული ალხანაშვილი მისი ნათესავი გიორგი ალხანაშვილია. საფლავის ქვაზე ამოტვიფრული დაბადების თარიღიც დაემთხვა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. როგორც ქალბატონმა ცისანამ გვითხრა, გიორგი ალხანაშვილის 81 წლის ქალიშვილს უფრთხილდებოდნენ და სანამ ინფორმაცია არ დაზუსტდებოდა, არაფერს ეუბნებოდნენ. ჩვენ მეგი სტემპენს მივმართეთ და მანაც არქივში დაიწყო ცნობების მოძიება, მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას კი გიორგი ალხანაშვილის მოსახელე შვილთაშვილთან, გიორგი გურაშვილთან ვამოწმებდით.
- ჩემი დიდი პაპა, გიორგი ალხანაშვილი სოფელ ანაგიდან იყო, კარდენახის ღვინის ქარხანაში ბუღალტრად მუშაობდა. ეს პროფესია მეუღლისთვის, მარიამ (მარგო) ოხანაშვილისთვისაც შეუსწავლებია და ის წლების განმავლობაში კინოთეატრ "თბილისის" ბუღალტრად მუშაობდა. მარგოსა და ჟორას - ასე ეძახდნენ ოჯახში გიორგის - ორი ქალიშვილი ჰყავდათ: ვენერა და ნაზი. მე ვენერას პირდაპირი შთამომავალი ვარ. ნაზი არ დაოჯახებულა. მშობლებისა და ბებიაჩემისგან ვიცი, რომ გიორგი ალხანაშვილი საშუალო ტანის წარმოსადეგი კაცი ყოფილა. რაიონში დიდ პატივს სცემდნენ. მოხდენილად ცეკვავდა, როდესაც მარგო ბაფთიან გიტარაზე დაამღერებდა ხოლმეო. მარგო ბებია სიცოცხლის ბოლომდე ელოდა მეუღლეს.
დიდი ხანია გადაწურული გვქონდა იმედი, რომ გიორგი ალხანაშვილზე რამეს გავიგებდით. სასწაულია, რომ ეს შევძელით. დიდი მადლობა ამ სასწაულისთვის "კვირის პალიტრასა" და მეგი სტემპენს."
მეგი სტემპენი: "არქივში აღმოჩენილი მასალა იუწყება, რომ ალხანაშვილი სოფელ ანაგიდან იყო, ანუ საცხოვრებელი ადგილი დაემთხვა, დედის გვარი - ქიტიაშვილიც, მეუღლის სახელი და გვარი - მარიამ ოხანაშვილი და პროფესია - ბუღალტერი. რაც მთავარია, საოჯახო ფოტო და ტყვეთა არქივში გადაღებული ფოტოც მსგავსია. მიხარია, რომ კიდევ ერთმა "მზის ბიჭი" დაუბრუნდა ოჯახს.
ჩემი ომში დაკარგული დიდი ბაბუის ხსოვნის პატივსაცემად დღემდე ვეძებ "მზის ბიჭების" საფლავებს და ბედნიერი ვარ, რომ მესამე წელია არაერთი საფლავი ვიპოვე."
რადგან ინფორმაცია დადასტურდა, ოჯახმა ნაზი ალხანაშვილსაც აცნობა ნანატრი სიახლე.
"მამას რომ ომში ვაცილებდით, სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ, თარიღიც აქვს ფოტოს მიწერილი - 1941 წლის 28 ივნისი, მაშინ 4 წლის ვიყავი. რამდენიმე წერილი მივიღეთ ფრონტიდან - გვწერდა, თქვენი სიყვარული მაძლიერებსო. 1943 წელს კუიბიშევიდან მივიღეთ უწყება, რომ გიორგი ალხანაშვილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დედა სულ გვეუბნებოდა, რაღაც შეცდომააო და ერთ მშვენიერ დღეს მამა კარს შემოგვიღებდა. მერე მე და ჩემს დას გვქონდა იმედი, რომ მამას საფლავს მაინც მივაკვლევდით. ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ ეს იმედიც გამიფერმკრთალდა, ახლა კი "კვირის პალიტრის" დახმარებით 77 წლის შემდეგ მამამ სახლის კარი შემოაღო.
ცაიტჰაინის სიკვდილის ბანაკი
1941 წელს ცაიტჰაინში გერმანელებმა შტალაგ IV შექმნეს, მიულბერგის ბანაკის ფილიალი, ახალი ტყვეების გამანაწილებელ ბანაკად იყენებდნენ. პირველი ტყვეთა ბარაკი ამ ტერიტორიაზე 1942 წელს გაჩნდა, მანამდე კი მავთულხლართებით იყო შემოკავებული და ტყვეებს ღია ცის ქვეშ წყლისა და საკვების გარეშე ყრიდნენ. ცაიტჰაინის ტყვეთა ბანაკს სიკვდილის ბანაკს უწოდებდნენ. 1941-დან 1945 წლის ჩათვლით აქ 30 ათასამდე ტყვემ დაასრულა სიცოცხლე. ცაიტჰაინის ტყვეები 1945 წლის 23 აპრილს გაათავისუფლეს.