რამ გამოიწვია სტიქია მესტიის მუნიციპალიტეტში - სპეციალისტების შეფასება ცნობილია - კვირის პალიტრა

რამ გამოიწვია სტიქია მესტიის მუნიციპალიტეტში - სპეციალისტების შეფასება ცნობილია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში განვითრებული სტიქია ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამომწვევი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, თანდართულმა მყინვარების ინტენსიური დნობამ, მესტიაჭალის ხეობაში, კერძოდ მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა, რომლის გარღვევის შედეგადაც მდ. მესტიაჭალის ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა (მოვარდნილი ტალღის დონე მდ. მესტიაჭალის ჰიდროლოგიურ სადგურზე 70-დან 100 სმ-მდე მოიმატა). წყლის დონის მატება გადაიზარდა ღვარცოფში. აღნიშნული მოვლენა განმეორდა 3-ჯერ, პირველი ტალღის წარმოქმნის დრო 7:00 სთ, მეორე - 14 :00 სთ და მესამე ტალღა 19:00 სთ-ზე განვითარდა, რომელმაც დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტები ჯგუფი მესტია-ჭალას ხეობაში იმყოფებიან, მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა, მომზადდება რეკომენდაციები შესაბამისი დამცვი ღონისძიებების გასატარებლად.

"ამ ეტაპზე სპეციალისტების განმარტებით აღინიშნება მდ. მესტია ჭალას წყლის დონის კლება. 24 ივლისს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მომზადდა და გავრცელდა გაფრთხილება 24 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 26 ივლისის დილამდე დასავლეთ საქართველოს ჩრდილო მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი ნალექების, პატარა მდინარეებზე შესაძლო წყალმოვარდნების და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების შესახებ.

სინოპტიკოსების განმარტებით 26 ივლისს სვანეთის რეგიონში შენარჩუნდება დროგამოშვებით მცირე წვიმა, 19:00 საათიდან გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს მიმდინარე პროცესზე უწყვეტ მონიტორინგს და შესაბამის ინფორმაციას გააცნობს საზოგადოებას", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"