"რატომ აზვიადებთ ერთი ცალკეული მოქალაქის როლს?" - რას ამბობს უკრაინის ელჩი მიხეილ სააკაშვილზე - კვირის პალიტრა

"რატომ აზვიადებთ ერთი ცალკეული მოქალაქის როლს?" - რას ამბობს უკრაინის ელჩი მიხეილ სააკაშვილზე

რატომ აზვიადებთ ერთი ცალკეული მოქალაქის როლს? - ამის შესახებ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იგორ დოლგოვმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ის "ინტერპრესნიუსს" უკრაინასა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ესაუბრა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობა თავად უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობებზე აისახოს, უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ერთი ცალკეული მოქალაქეა.

"ის უკრაინის მოქალაქეა, ჩართულია უკრაინულ პოლიტიკაში. მისმა პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო არჩევნებში, რადგან ეს გადაწყვეტილება უკანასკნელ მომენტში პარტიის ლიდერმა, სააკაშვილმა მიიღო. ამჟამად მის პარტიას საზოგადოების დიდი მხარდაჭერა არ აქვს, ასე რომ ის გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას უკრაინაში. რამდენად მნიშვნელოვანია ან რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას, ჩემი პასუხი მარტივია - უკრაინის მოსახლეობა 42 მილიონია, ის იქ ერთ-ერთი მათგანია, საქართველოს მოსახლეობა კი 4 მილიონზე ნაკლებია და ის აქაც ერთ-ერთი მათგანი იყო. რატომ აზვიადებთ ერთი ცალკეული მოქალაქის როლს? ქართველები და უკრაინელები საკმარისად ჭკვიანები არიან, რომ გაიგონ, თუ რა არის ნამდვილი ღირებულებები და ნამდვილი პოლიტიკა, ასე რომ, შეგვიძლია, ამის იმედი ვიქონიოთ", - განუცხადა დოლგოვმა "ინტერპრესნიუსს".

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.