"როგორ გამიმწარეთ სიბერე, ერთადერთი შვილიშვილი ჩამიცხრილეთ, ახლა მეორე შვილიშვილზე გადავიდნენ, რომ მეორეც დაღუპონ" - კვირის პალიტრა

"როგორ გამიმწარეთ სიბერე, ერთადერთი შვილიშვილი ჩამიცხრილეთ, ახლა მეორე შვილიშვილზე გადავიდნენ, რომ მეორეც დაღუპონ"

20-21 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის უკმაყოფილება მოჰყვა. სასამართლოს სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა მალხაზ მაჩალიკაშვილის დედამ.

"როგორ გამიმწარეთ სიბერე, როგორ ჩამიცხრილეთ ერთადერთი შვილიშვილი, ახლა მეორე შვილიშვილზე გადავიდნენ, მეორეც რომ დაღუპონ! ხალხნო, მიშველეთ! როგორ მინდაგურებენ ოჯახს, ეს გააფთრებული ივანიშვილი. მომიკლეს შვილიშვილი", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილის დედამ.

20-21 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბრალდებულ ოთხივე პირს- მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძეს და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდათ.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ისინი ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ, მათი ნაწილი კი, გირაოსთან ერთად, დამატებითი შეზღუდვების დაწესებას.

"ინტერპრესნიუსი"