"მძღოლს გაუფრთხილებია, რომ ღია კაბინაზე დაჯდომა სახიფათო იყო" - თუშეთში ავარიის შედეგად მამა და ორი შვილი დაიღუპა - კვირის პალიტრა

"მძღოლს გაუფრთხილებია, რომ ღია კაბინაზე დაჯდომა სახიფათო იყო" - თუშეთში ავარიის შედეგად მამა და ორი შვილი დაიღუპა

27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშავი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 არასრულწლოვანი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ ხუთმა ადამიანმა.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ".

როგორც ცნობილია, სატვირთოში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები იყვნენ. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებლად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ოჯახის სამი წევრი, მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი გაგა და ლევან შაბალაიძეები არიან. აქედან ერთი, გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია. ასევე გარდაცვლებს შორისაა სატვირთოს მძღოლი ზაურ გიგოიძე.  იხილეთ სრულად